ახალი ამბები

სამხარაულის ბიურომ სსრკ 1978 წლის ბრძანებით იხელმძღვანელა — „ემპათია“

27 იანვარი, 2023 • 1167
სამხარაულის ბიურომ სსრკ 1978 წლის ბრძანებით იხელმძღვანელა — „ემპათია“

ცენტრი „ემპათია“, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად აფასებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 26 იანვარს თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა ცენტრ “ემპათიის” მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მომზადებული დასკვნა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხსენებულ დასკვნაში მოცემული „ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი”. ბრეგაძის თანახმად, ექსპერტიზის დამკვეთის, პენიტენციური სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიის” დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან”.

პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, იუსტიციის სამსახური სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას არ ასაჯაროებს, თუმცა სასამართლოზე მის მტკიცებულებად დაშვებას მოითხოვს.

ცენტრ „ემპათიის“ შეფასებით, “დასკვნაზე დასკვნის” მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე მიუთითებს.

„ამგვარი მოქმედება სხვა პატიმრის შემთხვევაში ჩვენთვის უცნობია“, — აცხადებს „ემპათია“.

ცენტრის ცნობით, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით დადგენილი დიაგნოზები, 08/12/2022–ის მდგომარეობით, შეესაბამება კლინიკა „ვივამედში“ თუ გორის ჰოსპიტალში დასმულ დიაგნოზებს, მაშასადამე, „მინისტრის განცხადება, როგორც მინიმუმ არ შეესაბამება სიმართლეს“.

რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზებს, ცენტრ „ემპათიის“ ცნობით, ის დადასტურებულია 4 ფსიქიატრის (2 ქართველი, 1 ამერიკელი და 1 ინგლისელი), ასევე 1 ქართველი და 1 ამერიკელი ნევროლოგის მიერ კლინიკურ, ანამნეზურ/კატამნეზურ, ფსიქომეტრულ, კლინიკურ-ფსიქოლოგიურ და ინსტრუმენტულ კვლევებზე დაყრდნობით; ასევე, დადასტურებულია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, რაც სასამართლოში არის წარდგენილი.

„გაუგებარია, ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ცოცხალი პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე როგორ იმსჯელა პირადი შემოწმების გარეშე“, — ნათქვამია „ემპათიის“ განცხადებაში.

ცენტრ „ემპათიის“ ცნობით, როდესაც იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ კანონმდებლობით ექსპერტს არ აქვს უფლება, წამებაზე ილაპარაკოს, გულისხმობს 1978 წელს, მოსკოვში გამოცემულ სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება N1208-ს, რითიც ამჟამადაც ხელმძღვანელობს სამხარაულის ბიურო. „ემპათია“ აღნიშნულ ბრძანებასაც აქვეყნებს.

ცენტრი „ემპათია“ აცხადებს, რომ თავად ექსპერტიზა „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების, ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ჩაატარა.

ექსპერტიზა მიმდინარეობდა 2022 წლის 1 ივნისიდან, პრაქტიკულად, 28/11/2022 – წლამდე. 29/11/2022 – ში ადვოკატებს გადაეცათ დასკვნა დანართებით. დასკვნა არის 194 გვ. და თან ახლავს 22 დანართი, სულ 2980 გვ. გამოსაკვლევ პირს აღენიშნება 20 ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომოკომპლექსი, აქედან წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. აღნიშნული ძირითადი დიაგნოზები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

„სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სადაც იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, სამედიცინო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ურთქმელიძე, რომელიც მაშინ გორის ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა, შესაძლო ფიგურანტები არიან, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ მხარეს. ცენტრი „ემპათია“ კვლავ ელოდება სამხარაულის ბიუროს დასკვნის დასკვნას, აღნიშნულის გაცნობის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი ჩაატარებს პრესკონფერენციას, ასევე ჩატარდება დასკვნის დასკვნაზე ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით“, — აცხადებს „ემპათია“.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს ცენტრი „ემპათია“ განიხილავს მასზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაციისა და სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად.

“ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა” — ჯიშკარიანი სამხარაულის დასკვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი