ახალი ამბები

ბოკერია საკრებულოებში ენმ-ისა და გახარიას პარტიას უმოქმედობაში ადანაშაულებს

24 იანვარი, 2023 • 741
ბოკერია საკრებულოებში ენმ-ისა და გახარიას პარტიას უმოქმედობაში ადანაშაულებს

დღეს, 24 იანვარს, პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ბრიფინგი გაიმართა ზუგდიდისა და რუსთავის ოპოზიციური საკრებულოების მხრიდან მერიის სარევიზიო საქმიანობის შესახებ.

პარტიის წევრების განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ 2022 წლის მაისში ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან, ხოლო დეკემბერში მერიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოების მხრიდან მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობის შესახებ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, აღნიშნულ საკრებულოებში უმრაველოსობაში მყოფ ენმ-სა და გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“, ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში არ გამოუყენებიათ ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად.

ბოკერიას თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმური ძალაუფლების შესანარჩუნებლად უკანონო, კრიმინალურ მეთოდებთან ერთად ოპონენტების ნაწილის, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ არათანმიმდევრულობას, უპრინციპობასა და უპასუხისმგელბობას იყენებს, რომელსაც რეჟიმის ყველა ოპონენტის საერთო სახედ წარმოაჩენს“.

„ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში აღნიშნული პარტიებიდან არცერთს არ გამოუყენებია ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად, რომელთა გამოყენებითაც რეჟიმი მოქალაქეთა ინტერესების წინააღმდეგ ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებს. ამისათვის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი – სარევიზიო კომისია – ამ ორ საკრებულოში გახარიას პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ არ გამოუყენებია.

რუსთავის საკრებულოში კომისია საერთოდ არ შეუქმნიათ, ზუგდიდის საკრებულოს სარევიზიო კომისიას კი არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის არც წარსული, არც აწმყო საქმიანობის შემოწმება არ განუხორციელებია. აღსანიშნავია, რომ ამ ორ საკრებულოთაგან ერთში ნაციონალურ მოძრაობაში დღეს დაპირისპირებული ჯგუფი, მეორეს კი – მეორე ჯგუფი წარმოადგენს.

საბიუჯეტო ორგანიზაციების საქმიანობის რევიზია მოქალაქეებს მისცემდა შესაძლებლობას, ფაქტებზე დაყრდნობით ესაუბრათ ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე, რეჟიმის ოპონენტებს კი ხელისუფლებაზე ლეგიტიმური წნეხის შესაძლებლობას მისცემდა“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა განასხვავონ პარტიები და აიძულონ ისინი, იმოქმედონ პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სრული განცდით, განსაკუთრებით იქ, სადაც მათ მოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადეს.

„ამისთვის კი აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ამომრჩევლების ინფორმირება, თუ როგორ იქცევიან პარტიები იქ, სადაც მათ უმრავლესობა და მართვის ეფექტური ინსტრუმენტები მოიპოვეს. ასეთი არის რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოები, სადაც ძალადობისა და უკანონო მეთოდების მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ და გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” უმრავლესობის მოპოვება და შენარჩუნება შეძლეს“, – აცხადებს ბოკერია.

ბოკერიას განცხადებას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური და განაცხადა, რომ მაშინ, როცა გიგა ბოკერია პარლამენტს არაფრად აგდებს, დაკავებულია იმით, რომ საკრებულოების თემებს ბრიფინგებს უძღვნის.

„გაუჭირდა თუ არა ბოკერიას, ინტერპრეტაცია თქვენ გააკეთეთ. ვწუხვარ, რომ მედიის ყურადღება საკრებულოს ამბებზე ნაკლებად არის მიმართული. საკრებულოებში ჩვენმა გუნდმა და გიორგი გახარიამ რა გააკეთეს? – „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადაიყვანა და „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშის უფლება არ მისცა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.


3 მუნიციპალიტეტში, რუსთავში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში, სადაც მერები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, საკრებულოების უმრავლესობა ოპოზიციურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი