ახალი ამბები

კობახიძე: სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს

23 იანვარი, 2023 • 930
კობახიძე: სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება CNN-ის ინტერვიუს ევროკომისიის პრეზიდენტთან და აცხადებს, რომ სიცრუის ტირაჟირებაში საქართველოს პრეზიდენტიც აიყოლიეს.

CNN-ის წამყვანმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ინტერვიუში სანქცირებული საქონლის რუსეთში შეღწევის მარშრუტად საქართველო დაასახელა. ურსულა ფონ დერ ლაიენს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარუყვია და თქვა, რომ ევროკავშირის შემზღუდავი ზომების მე-10 პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის ხვრელების ამოვსებაზე.

საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლის შესახებ ინფორმაციის CNN-ზე გახმიანებ აირაკლი კობახიძემ დაუკავშირა ქვეყნისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნას და საბოლოოდ, ომში ჩართვის მიზანს.

„სი-ენ-ენი არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, სი-ენ-ენის ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს“, — აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს,  2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო. იმის დასტურად, რომ ეს ასე არ არის, კობახიძე საქართველოდან ექსპორტის ზრდის და რუსეთის იმპორტში ქართული წილის სტატისტიკას აქვეყნებს.

კობახიძე ასევე ხაზს უსვამს, რომ ვიდრე საქართველოს კიცხავენ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ევროს უხდიან.

„როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა. ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება“, — ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთთან ფრენების აღდგენის მაგივრად მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გახმიანებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ

„ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!” — ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ 20 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

CNN-ის კითხვა საქართველოს გავლით სანქციების არიდებაზე და ფონ დერ ლაიენის პასუხი

CNN-ზე გაჟღერდა მარტივი ტყუილი — კობახიძე

არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! — ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი