ახალი ამბები

ნონა მამულაშვილი ენმ-სა და პარლამენტს ტოვებს

3 ნოემბერი, 2022 • 1326
ნონა მამულაშვილი ენმ-სა და პარლამენტს ტოვებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნონა მამულაშვილი ტოვებს როგორც პარტიას, ისე საკანონმდებლო ორგანოს. აღნიშნულის შესახებ მან “ფეისბუკზე” დაწერა.

მამულაშვილის სიტყვებით, მეათე მოწვევის პარლამენტი არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში “ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი”, რომლის უმრავლესობამაც მოაწერა “ევროპული მომავლის ნგრევას”.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ნონა მამულაშვილი დასძენს, რომ “პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან”.

“[პარტიაში] სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.

მე დღესაც, როგორც 2020 წელს, იგივე და მარტივი მიზანი მაქვს – მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი”, — დასძენს ის და ამატებს:

“სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი ხვედელიანისა და ბექა ყორშიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ ინოვაციურ პლატფორმა “გამზირს”.

გიორგის პარტიაში ყოფნისას ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გამოცდილება, მისი ხედვები იყო და რჩება ყველაზე საინტერესო ხედვებად, რაც გარშემო მომისმენია.

ჩვენ ერთად, “გამზირის” პლატფორმაზე მალე დავიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს – “რეისი” “, — წერს ნონა მამულაშვილი.

მისივე თქმით, თავად და ხვედელიანი, “ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად” მუშაობენ “მასშტაბური”, “ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებადაც”.

მასალების გადაბეჭდვის წესი