ახალი ამბები

18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა წელს დაიწყება – კალაძე

18 იანვარი, 2023 • 4288
18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა წელს დაიწყება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა 2023 წელს დაიწყება. ასევე დაიწყება ახალი ავტობაზის მშენებლობაც.

ამის შესახებ მან დღეს, 18 იანვარს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში, დაგეგმილია 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენა, თუმცა შესყიდვები რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია, 2023 წელს რამდენ ავტობუსს იყიდის დედაქალაქი.

რაც შეეხება ბაზას, სადაც ზემოხსენებული ავტობუსები უნდა განთავსდეს, მას დღეს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დასრულდება მისი მშენებლობა, თუმცა გასულ წლის დეკემბერში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის პირობების თანახმადაც ავტობუსების გარაჟის ასაშენებლად გათვალისწინებულია „ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 24 თვე“. ანუ ავტობუსები ბაზა მინიმუმ 2 წელი ვერ აშენდება.

თავდაპირველი გეგმით, ავტობუსების შეძენა  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით უნდა მომხდარიყო.

EBRD-ის 80 მლნ ევროს მოცულობის სესხიდან 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იყო 200 ავტობუსის შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო – დეპოს მშენებლობისთვის.

საბოლოოდ, 2022 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, ცნობილი გახდა, რომ მერია ამ სესხზე უარს ამბობს და საკუთარი ბიუჯეტიდან გაწევს აღნიშნულ ხარჯებს.

ნახეთ დეტალებისათვის „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი