ახალი ამბები

„ივანიშვილის რეჟიმის პირობებში დამნაშავე პუტინისტები ხელშეუხებელნი არიან “ – ბოკერია 5 ივლისზე

16 იანვარი, 2023 • 628
„ივანიშვილის რეჟიმის პირობებში დამნაშავე პუტინისტები ხელშეუხებელნი არიან “ – ბოკერია 5 ივლისზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ავრცელებს განცხადებას სააპელაციო სასამართლოს მიერ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულთათვის სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით. ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში „დამნაშავე პუტინისტები“ ხელშეუხებლები არიან, რადგან, მისი თქმით, სწორედ მათზე დაყრდნობით ინარჩუნებს ხელისუფლებას:

„ერთი საკითხი არის ამ შემსრულებლების, ჯარისკაცების, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მათი არასათანადო დასჯა, იქ თავიდანვე არასწორი მუხლი ჰქონდათ მიყენებული, უფრო მძიმე მუხლი უნდა ყოფილიყო. ახლა კიდევ უფრო შეუმსუბუქეს და ალბათ კიდევ შეუმსუბუქებენ, მაგრამ მეორე, მთავარი საკითხია, რომ სრულიად ხელშეუხებელნი არიან საჯაროდ ორგანიზატორები და ლიდერები ივანიშვილის რეჟიმის ამ პუტინისტური ნაწილისა.

ეს იგივე ხალხია, რომელიც ტელევიზიაში იძახდა, რომ კიდევ იზამდნენ, ასე უნდა ქნან, მათ ვინც აქციაზე აორგანიზებდა. ეს იგივე ხალხია, რომელიც საჯაროდ პუტინს გულშემატკივრობს უკრაინის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ, ეგ ხალხი სრულიად ხელშეუხებელია. ამიტომ, თუ ვინმეს კიდევ დარჩა რაიმე ილუზია ამ რეჟიმის სახეზე, ამით მაინც უნდა მიხვდეს, რომ ივანიშვილის სახე არის პუტინისტური პროპაგანდა, განწყობა და სულისკვეთება, რადგან მათ ეყრდნობა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

2021 წლის 5 ივლისის ძალადობის საქმეზე 6 მსჯავრდებულს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით, ექვსივე მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილში გამართლდა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 5 წლის ვადით პატიმრობა 4-მდე შეუმცირდათ.

მსჯავრდებულებს შორის, რომელთა სააპელაციო სარჩელზეც გადაწყვეტილება სასამართლომ გამოაცხადა, არიან დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი, თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. მათ ბრალი დაუდგინდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მესამე ნაწილსა და 154, 156, მუხლებით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას და დევნას.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროა. დასკვნის გასაჯაროებული  ნაწილის მიხედვით, ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა. ნარკოტიკული ზედოზირება ლაშქარავას საქმეზე გამოძიების ის ვერსია იყო, რომელზეც შსს ოპერატორის დაღუპვის დღიდან მიანიშნებდა.

ექსპერტიზის დასკვნამდე დიდი ხნით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე გაავრცელა წინასწარი ვერსიები, რაც ძალიან ჰგავდა ე.წ. რეპუტაციულ მკვლელობას.

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა როლი ითამაშა გარდაცვალებაში რამდენიმე დღით ადრე სასტიკმა ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი