ახალი ამბები

ზურაბიშვილი 2011-2012-წლებში არსად იყო, საქართველოში უკვე გამზადებულზე დაბრუნდა – კობახიძე

30 დეკემბერი, 2022 • 1432
ზურაბიშვილი 2011-2012-წლებში არსად იყო, საქართველოში უკვე გამზადებულზე დაბრუნდა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები ბოლო 2 წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც კობახიძე ამბობს, 4 წლის თავზე „მოხდა რაღაც“, რამაც პროცესების მიმართ ზურაბიშვილს თავისი დამოკიდებულება შეაცვლევინა.

მისი თქმით, როცა ზურაბიშვილი საპრეზიდენტო მმართველობის 4 წლის თავზე სტრატეგიას რადიკალურად ცვლის, ამის უკან რაღაც იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე „გარედან პოლიტიკური გავლენაა“.

„პრეზიდენტი ბოლო 2 წლის განმავლობაში მოქმედებს ისე, როგორც მანამდე არ მოქმედებდა 4 წლის განმავლობაში. აბსოლუტურად შეცვლილია მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ, იგივე „ნაცმოძრაობის“ მიმართ. მისი პერსონალური ნეგატიური დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ მიმართ აბსოლუტურად შეცვლილია. 4 წლის თავზე მოხდა რაღაც, რამაც მას ეს განწყობა შეაცვლევინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას 28 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილის განცხადებით, ეს აქცია იყო მიზანმიმართული ნაბიჯი იმ პარტიისგან, რომლის დღევანდელი მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. პრეზიდენტის თანახმად, „ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა სხვა თანამდებობეზე“, თუმცა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა.

კობახიძის თქმით კი, სალომე ზურაბიშვილს მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა და სწორედ ამიტომ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, ზურაბიშვილისგან 2007 წელს „ქართუში“ მუშაობის კომპრომატად მოყვანა არასწორია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წინააღმდეგ მთავარი ბრძოლა 2011-2012 წლებში მიმდინარეობდა, რა დროსაც ზურაბიშვილი საქართველოშიც კი არ იყო.

„იმ დღეს, ეტყობა, ემოციური ფონი ჰქონდა ცოტა მძიმე. რამდენიმე შეცდომა დაუშვა მან, იგივე სასამართლოზე თავდასხმა, რაც არ არის მისაღები პრეზიდენტის მხრიდან, იგივე ის არაეთიკური გამონათქვამი რეჟიმის მსხვერპლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ… „ქართუში“ მუშაობა ყოფილა თურმე კომპრომატი და საერთოდ არ ვისაუბრებდი ამაზე და არ ვიტყოდი, რისი თქმაც მინდა, მაგრამ მაგალითად რომ ავიღოთ თავის დროზე „ქართუში“ მომუშავე ადამიანები, მათ თავი გაწირეს 2011-2012 წლებში, მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ა.შ.

ასეთი ადამიანები იყვნენ და 2011-2012 წლებში მათ იცოდნენ, თუ რა რისკზე მიდიოდნენ. მანამდეც უმძიმესი ვითარება იყო, მაგრამ იქ დაინახა სააკაშვილის რეჟიმმა ძალიან დიდი საფრთხე, რასაც ნაკლებად ხედავდა მანამდე – პირდაპირ ნახეს, რომ შეიძლება ხელისუფლება შეცვლილიყო. აქედან გამომდინარე, მაშინდელი რისკი იყო ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე თუნდაც 2007, 2008 და 2009 წლებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ზურაბიშვილი საქართველოში „უკვე გამზადებულზე“ დაბრუნდა.

„მინდა საქართველოს პრეზიდენტს შევახსენო, რომ 2011-2012 წლებში ის იყო არსად, ის იყო საზღვარგარეთ, საქართველოშიც კი არ ჩამოსულა. საქართველოში დაბრუნდა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უკვე გამზადებულზე, ასეთ დროს მართლა არ ვიტყოდი არაფერს, მაგრამ ის, რომ „ქართუში“ მუშაობას კომპრომატად წამოუყენებს ვიღაცას, ის მაინც გაიხსენოს, რომ 2011-2012 წლებში მთლიანად გარიდებული იყო გადამწყვეტ ბრძოლას, რომელმაც საქართველოში დემოკრატიული გარდატეხა მოიტანა“, – განაცხადა კობახიძემ.


28 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდეს, არ შეიწყალოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის ეზოში შევიდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტი გამოვიდა და მათ მიმართა.

პრეზიდენტი დემონსტრანტებთან სიტყვით გამოვიდა, თუმცა მის სიტყვებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი დანიშნა და განმარტებები გააკეთა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აქციის შესახებ გაიგო, მოისურვა, ჩასულიყო „იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც არაერთი ბრძოლა“ გაუვლია, მისი სიტყვებით, „იმ შავბნელ დღეებში, როცა ჩვენ ერთად ვებრძოდით მიშას დანაშაულებრივ რეჟიმს“.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,  მის წინააღმდეგ „ბულინგი, ზეწოლა, შანტაჟი“ მიმდინარეობს. ასევე მან გააკრიტიკა პრეზიდენტის სასახლესთან გამართული აქცია, მმართველი პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“.

ამასთან,  ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს „დაცემული“ უწოდა და თქვა, რომ მას „ორივე მხარე“ აქეზებდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო.

“მთავარ კითხვაზე პასუხი გაეცემა მაშინ, როცა გაეცემა”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ.

„ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა“ – ზურაბიშვილი აქციას და პროცესებს აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი