საზოგადოება

„ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა“ – ზურაბიშვილი აქციას და პროცესებს აფასებს

28 დეკემბერი, 2022 • 952
„ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა“ – ზურაბიშვილი აქციას და პროცესებს აფასებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ „ბულინგი, ზეწოლა, შანტაჟი“ მიმდინარეობს, აკრიტიკებს პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ აქციას, მმართველ პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“.

ამასთან,  მიხეილ სააკაშვილს „დაცემულს“ უწოდებს და ამბობს, რომ მას „ორივე მხარე“ აქეზებდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო.

რა მოხდა

28 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდეს, არ შეიწყალოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის ეზოში შევიდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტი გამოვიდა და მათ მიმართა.

პრეზიდენტი დემონსტრანტებთან სიტყვით გამოვიდა, თუმცა მის სიტყვებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი დანიშნა და განმარტებები გააკეთა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აქციის შესახებ გაიგო, მოისურვა, ჩასულიყო „იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც არაერთი ბრძოლა“ გაუვლია, მისი სიტყვებით, „იმ შავბნელ დღეებში, როცა ჩვენ ერთად ვებრძოდით მიშას დანაშაულებრივ რეჟიმს“.

„არსად არ იყვნენ“

მან თქვა, რომ იმ ადამიანებისთვის, „ვისაც საერთო წარსულის გამო“ პატივს სცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარი ღიაა, თუმცა იქვე დასძინა, რომ იმისთვის არ გამოსულა სიტყვით, რომ აქციის „ზოგიერთი მონაწილე, არ ვიცი, ვისგან მართულნი, შემოვარდნილიყვნენ სასახლეში“.

„ეს იყო მიზანმიმართული [ნაბიჯი] იმ პარტიისგან, რომლის დღევანდელი მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს, რათა მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე. ვამბობ 2007 წელს, რადგან ამ დროს უკვე ყველაფერი მომხდარი და ნათელი იყო. ვინც დღეს მემუქრება სხვადასახვა ფორმით, „კარიერით“ თუ არ ვიცი, რა ფორმით შეიძლება დამემუქრონ, ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. მე მაინტერესებს, 2007 წლის მერე სად იყვნენ“?

პრეზიდენტის თანახმად, „ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა სხვა თანამდებობეზე“, თუმცა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა. ამის შემდეგ კი დასძინა:

„რას მასწავლიან და რას მიკითხავენ მორალს? თუნდაც ის ოთხეული, რომლებიც დარბიან აქეთ-იქით“…

„ვინ შეიწყალა მურუსიძე-ჩინჩალაძე“?

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირება „ერთობლივი თამაშია, ვითომ დაპირისპირებულები არიან“, და ამის მაგალითად დაასახელა სასამართლო ხელისუფლებაში არსებული პრობლემები.

„რეალურად ვინ შეიწყალა [ლევან] მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ! მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც მათ ვერავინ მოხსნეს. სწორედ ისინი გვიბლოკავენ ევროპის გზას. ეს ვის აწყობს? რატომ არ ვკითხულობთ ამას? სანამ ჩემთან მოვარდება აქცია. და აქციაზე მაქვს საუბარი, როცა ვამბობ „მოვარდნას“, და არა ადმიანებზე, რომლებიც აქამდეც მოდიოდნენ აქ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის განცხადებითვე, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა „შეთანხმებული“ იყო „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის:

„რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა მას აქეზებდნენ, ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთო, და ან მეორენი, რომლებიც აქეზებდნენ პირიქით, ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდი, ხომ არა ხარ ლაჩარიო?… ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ, რატომ: უკვე ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებულნი ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში. სხვა თემა არ არსებობს, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ სხვა გეგმებს, და მეორეს იმიტომ, რომ პასუხი აღარ აქვთ გასაცემი იმ კითხვებზე, რასაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. მე არ ვიცი, რა შუაში ვარ“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუღებელია ინსტიტუტზე თავდასხმა: „აქ აღარაფერს ვამბობ, [თავდასხმაზე, როგორც] ქალზე და პრეზიდენტზე. ის, რაც ხდება დღეს, ზეწოლა, ბულინგი, – და არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, – შანტაჟი, მუქარა, დამცირება… აგერ, რუსული სოფელია ჩემს კარებთან. ვფიქრობ, არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ [რუსული სოფელი], მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და გემოვნება“.

„მემუქრებიან „კარიერით“, თურმე მე კარიერას დავემშვიდობები, თურმე სხვა კარიერა მინდა – ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, იცის, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ ეს ქვეყანა. მე მაინტერესებს მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის… ვერ ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, „მთავარ კითხვაზე“, – შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, – უპასუხა:

„მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა მაშინ, როდესაც გაეცემა“.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ „არ გვინდა, ექსპრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს“, თუმცა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

„არა და არასდროს“ – ეს პოზიცია ჰქონდა აქამდე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი