ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სჯობს, ჯერ აქაურობა ვაქციოთ მონაკოდ” – ზაქარეიშვილი

28 დეკემბერი, 2022 • 1585
“სჯობს, ჯერ აქაურობა ვაქციოთ მონაკოდ” – ზაქარეიშვილი

“ძალიან გამიხარდება, თუ ვცდები, მაგრამ შეუძლებელია ეს იყოს დიდი გეგმის ნაწილი. ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდისტული და პოპულისტური განცხადება”, – ასე აფასებს ნეტგაზეთთან საუბარში შერიგების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას “აფხაზეთის მონაკოდ ქცევასთან” დაკავშირებით.

“ამ მიმართულებითაც რაღაც უნდა ეთქვათ. სავარაუდოდ,  დაჯდა გუნდი და მოიფიქრა ეს. უკრაინაში ომის კონტექსტიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება იძულებულია თავი დაიძვრინოს უამრავი სხვადასხვა საბაბით, თუ რატომ არ უნდათ ომში ჩართვა, ეს განცხდებაც მოიფიქრეს.

მე ვერ ვხედავ ამ განცხადებაში ვერც დიდ ბოროტებას და ვერც დიდ გონიერებას. თუმცა მეტყველებს მათ უსუსურობაზე, უცოდინრობაზე და უმეცრებაზე კონფლიქტების მიმართულებით. ჯერ ერთი, არ იციან, რომ მონაკო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მონტე-კარლო ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი. ამაზე დღეს უკვე ირონიით საუბრობს აფხაზური და ოსური პრესაც,  რომ “ჩვენ რომ დამოუკიდებლები ვიყოთ, თქვენ გარეშეც ვიქნებოდით მონაკო”. ჯობია, ჯერ აქაურობა ვაქციოთ მონაკოდ და თბილისი მონტე-კარლოდ, ხალხი ნაგვის ურნებში არ იქექებოდეს და აქ დახარჯონ ეგ ფული [10$ მილიარდი], დ მერე უკვე აფხაზები თავად წამოვლენ ჩვენკენ”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს კონფლიქტებზე საუბრისას კონკრეტულ ინიციატივაზე გააკეთა განცხადება – “ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში, ასევე – სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო”.

აფხაზეთში ღარიბაშვილს უპასუხეს – თუ გვაღიარებთ, გავხდებით “მონაკო”

მასალების გადაბეჭდვის წესი