ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ღარიბაშვილს უპასუხეს – თუ გვაღიარებთ, გავხდებით “მონაკო”

28 დეკემბერი, 2022 • 3500
აფხაზეთში ღარიბაშვილს უპასუხეს – თუ გვაღიარებთ, გავხდებით “მონაკო”

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი და დე ფაქტო მინისტრის ყოფილი მოადგილე, კან ტანია ეხმაურება საქართველოს პრემიერის 27 დეკემბრის განცხადებას “საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში აფხაზეთის პოტენციალზე, გახდეს მონაკო”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს კონფლიქტებზე საუბრისას კონკრეტულ ინიციატივაზე გააკეთა განცხადება – “ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში, ასევე – სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო”.

“საქართველოს პრემიერს აფხაზეთის აღიარება სურს? საქართველომ აფხაზეთს, სხვადასხვა მონაცემით, 17 $ მილიარდამდე ზარალი მიაყენა. თუკი ეკონომიკური ზიანის ანაზღაურებაზეა საუბარი, ვალდებული ხართ, ბევრად მეტი გადაუხადოთ აფხაზეთს ყოველგვარი პირობების წაყენების გარეშე.

არანაირი ფულის გამო არ შეუერთდება აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოს, ჩვენს სუვერენიტეტს არ ვყიდით და ამით არ ვვაჭრობთ. თუმცა თქვენს განცხადებაში არის რამდენიმე საღი აზრი, როდესაც თქვით, რომ აფხაზეთს შეუძლია გახდეს მონაკო, ამისთვის ფულის დახარჯვაც არ მოგიწევთ. საკმარისია მთავრობის დადგენილება აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, გაეროს წევრები გავხდეთ, სხვა ქვეყნებთან ვითანამშრომლოთ და განვავითაროთ ქვეყანა”, – წერს კან ტანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი