კომენტარი

“ჩვენს ცოდვებს ევროპელებს ვსაყვედურობთ” – ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ

8 თებერვალი, 2022 •
“ჩვენს ცოდვებს ევროპელებს ვსაყვედურობთ” – ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ

„სამხრეთ ოსეთი“ – ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. როგორ შეიძლება, რომ ეს ტერმინი საერთოდ ამოვიღოთ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მით უმეტეს, ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო სწორედ ამ, სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს“, – მიმართა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ 3 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომისტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს და ამით განაახლა დისკუსია ოკუპირებული რეგიონის სახელდების შესახებ.

წინაისტორია და სამართლებრივი აქტების ტერმინოლოგია

ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” იურიდიულად 1922 წლიდან, საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნით დამკვიდრდა. 1990 წლის 11 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გააუქმა და გამოიყენებდა ტერმინს „სამაჩაბლო“. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ავტონომიის აღდგენა არ მომხდარა, აქტიურად გამოიყენებოდა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“. 2007 წლის 13 აპრილს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დღემდე დიმიტრი სანაკოევია.

„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ შემოკლებულ სახელწოდებად ამავე ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რიგ სამართლებრივ აქტებში გამოყენებულია „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“.

დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გვერდი Facebook-ზე

ძირითად კანონებში, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში, გამოიყენება  „ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)“ ან “ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)”. სახელმწიფო სტრატეგიაში „ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობა თანამშრომლობის გზით (2010)“, ასევე, საქართველოს მიერ გაერო-ში ინიცირებულ ყოველწლიურ რეზოლუციაში დევნილების შესახებ და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში წერია: „ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი“.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

„კონტრშეტევა ევროკავშირზე…“

იმ ფონზე, როცა საქართველოს თავად აქვს ხელი მოწერილი საერთაშორისო დოკუმენტებზე, სადაც გამოყენებულია ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“, ევროკავშირის დოკუმენტებში ამ ტერმინის გამოყენებისთვის გამოთქმული საყვედური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ბრიუსელის მხრიდან კრიტიკაზე კონტრშეტევაა.

„ეს საკითხი დღეს გახდა აქტუალური ერთ-ერთი ტრივიალური, აბსოლუტურად უსუსური და ზედაპირული მიზეზის გამო. ევროკავშირი მუდმივად აკრიტიკებს საქართველოს საქმეზე — სასამართლო რეფორმებზე, დემოკრატიის არარასებობაზე, შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობაზე და ა.შ. და, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ იფიქრეს, ევროკაშირი ხომ არ არის ანგელოზი, მათაც ექნებათ რაღაც, რაზეც შეგვიძლია შევუტიოთო. კონტრშეტევა განახორციელეს და უსაყვედურეს, რატომ იყენებთ ტერმინ სამხრეთ ოსეთსო“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გამოავლინა ზედაპირულობა და არაკომპეტენტურობა, თანაც, „უადგილო ადგილას“.

„იმიტომ, რომ უსაყვედუროს ევროპელებს რაღაც, ჩვენს ცოდვებს მათ ვკიდებთ“, — ამბობს ზაქარეიშვილი და უახლესი პერიოდის პოლიტიკურ-სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სივრცეში ტერმინ სამხრეთ ოსეთის დამკვიდრების ისტორიას იხსენებს:

„საქმე ისაა, რომ ტერმინ სამხრეთ ოსეთს ევროკავშირი ჩვენი დოკუმენტებიდან გამომდინარე იყენებს. დაწყებული 1992 წლის 24 ივნისის სოჭის ხელშეკრულებიდან, დასრულებული 2004 წლის ჟვანიასა და კოკოითის შეხვედრით, ყველა დოკუმენტში, რომელსაც ხელს ვაწერთ ოსურ მხარესთან ან რუსეთთან ერთად, ცალსახად წერია სამხრეთ ოსეთი და სხვა არაფერი. 2008 წლის შემდეგ შემოდის ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი. 2016 წლიდან, როცა „ქართული ოცნება“ ცალკე, კოალიციის გარეშე რჩება, საკუთარ დოკუმენტებში (ძირითადად ეს არის საპარლამენტო რეზოლუციები) წერენ მხოლოდ ცხინვალის რეგიონს (“/სამხრეთ ოსეთის” გარეშე) და თავისთავად აბსურდული ვითარება იქმნება, ვინაიდან სარკოზი-სააკაშვილის 6-პუნქტიან შეთანხმებაში მხოლოდ „სამხრეთ ოსეთი“ წერია. პარლამენტის რეზოლუცია რომ რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები ცხინვალის რეგიონიდან, როგორც ამის ვალდებულება აიღო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, აბსურდის აბსურდია — შეთანხმებაში, რომელზეც რეზოლუცია აპელირებს, ცხინვალის რეგიონი არსად წერია.

დავით ზალკალიანი იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი. სჯობს, სამხარაძემ ზალკალიანს დაუსვას კითხვა, რატომ წერია ასოცირების შეთანხმებაში სამხრეთ ოსეთი და როგორ ამოვიღოთო და, იმედია, საგარეო საქმეთა მინისტრი მოუყვება ისტორიას“, — აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისი აზრით, ტერმინ სამხრეთ ოსეთის ჩანაცვლება ქართული მხარისთვის უფრო მისაღები ნებისმიერი სახელწოდებით კიდევ უფრო გაართულებს ქართულ-ოსურ დიალოგს და შერიგების პროცესს.

„თუ ჩვენ ვაპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ოს ხალხთან შერიგებას, ისინი არ დასხდებიან არცერთ მოლაპარაკებაზე, თუ არ ექრმევათ სამხრეთ ოსეთი. ახალი ტერმინი ხელს შეგვიშლის. რა თქმა უნდა, საქართველოს უფლება აქვს შეცვალოს ეს ტერმინი, შეიძლება, უცხოელებიც გამოგვყვნენ, მაგრამ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს, ოსები კი არ დათანხმდებიან და კიდე უფრო განხიბვლა მოხდება და მერე პასუხს ვინ აგებს? ეს არის გზა მავნებლობისკენ და პრობლემებისკენ“, — ამბობს ზაქარეიშვილი.

სამხარაძის ინიციატივა და მომხსენებლის პასუხი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ ამოღება ევროკავშირის დოკუმენტებიდან არა მარტო პირადად მისი, არამედ მთელი ქართული საზოგადოების თხოვნაა.

„ეს არ ავიწროებს ტერიტორიულ მოცვას, იმიტომ, რომ თანამედროვე ქართულ კანონმდებლობაში ცხინვალის რეგიონი სრულად მოიცავს იმ ტერიტორიას, რომელიც ადრე იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. შეიძლება ეს ერთი პატარა დეტალი იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების და მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების ტექსტებში ხვდება ისეთი ტერმინი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს და არის სტალინის დროს შექმნილი. როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელები გადაერქვა ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, ჩვენი მეგობრები დღესაც იყენებენ ტერმინ სამხრეთ ოსეთს“, — ამბობს სამხარაძე.

სვენ მიქსერმა, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელი და მონიტორინგის ანგარიშების ავტორია, მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაითვალისწინებს ქართველი კანონმდებლების შენიშვნას.

„მე ჩავინიშნე თქვენი შეშფოთება ფორმულირებებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და თანმიმდევრულია. ჩვენ ეს უნდა ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ, როდესაც მომავალში შევიმუშავებთ ევროპულ დოკუმენტებს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის აზრით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ უნდა შეიცვალოს „ცხინვალის რეგიონით“. ის მზადყოფნას გამოთქვამს, ევროპულ ინსტიტუტებს ტერმინოლოგიის ცვლილებაზე ოფიციალურადაც მიმართოს, თუმცა ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი