ახალი ამბები

ევროკავშირის მინიმალური სტანდარტიც კი არ სრულდება — კოალიცია მაუწყებლობის კანონში ცვლილებაზე

21 დეკემბერი, 2022 • 695
ევროკავშირის მინიმალური სტანდარტიც კი არ სრულდება — კოალიცია მაუწყებლობის კანონში ცვლილებაზე

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“კიდევ ერთხელ აფასებს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს და ამბობს, რომ ცვლილებები გააუარესებს მედიაგარემოს.

აღნიშნული კანონპროექტი ორი მოსმენით პარლამენტმა უნდა მიიღოს, მესამე რიგგარეშე სხდომა კი ხვალაა ჩანიშნული.

განცხადებაში კოალიცია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარების და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.

„კანონპროექტი და განხილვის პროცესი – კანონპროქტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 07 სექტემბერს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს, საჯაროდ ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა. კანონპროექტი პარლამენტის სესიაზე 19 სექტემბერს პირველი მოსმენით, განხილვებისა და დისკუსიის გარეშე, გავიდა. დაჩქარების მიზეზად კანონპროექტის ავტორებმა ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მეორე მოსმენამდე სამაუწყებლო მედიასა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები ჩაინიშნებოდა.

მას შემდეგ პარლამენტში მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც დამატებითი შეხვედრის საჭიროება გამოიკვეთა, კანონპროექტის ტექსტის დეტალურად განსახილველად, თუმცა მოულოდნელად, 28 ნოემბერს, ჩაინიშნა მეორე მოსმენა, დამატებითი შეხვედრების გარეშე. ამჯერადაც არგუმენტი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება იყო.

აღსანიშნავია ევროკავშირის მოთხოვნა ინკლუზიურობაზე, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, საკანონმდებლო ცვლილებები მოხდეს მხარეებთან შეთანხმებით და კონსენსუსით, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში არ მომხდარა“.

რაც შეეხება ალტერნატიულ წინადადებას, კოალიცია ამბობს, რომ საქართველოში არსებული მედიაგარემოს საფრთხეების გათვალისწინებით, ტელემაუწყებლობის უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავეს. აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენამდე პარლამენტს თამარ კორძაიამ წარადგინა, თუმცა შეთავაზება მხედველობაში არ მიუღიათ.

„ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნა სადავო სამი საკითხის შესახებ – მნიშვნელოვანია, რომ დირექტივის იმპლემენტაციისას ევროკავშირი არ უთითებს ქვეყნებს, თუ კონკრეტულად როგორ უნდა შეცვალონ კანონპროექტი. მისთვის მთავარია, ქვეყნებმა მიზანს მიაღწიონ. ეს ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დირექტივის შესრულებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინონ და ისეთი გზა აირჩიონ, რომელიც სფეროს არ დააზიანებს. სწორედ ეს მიიღეს მხედველობაში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა და სადავო საკითხის შეფასებისას არასამთამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების მსგავსი პოზიცია ჩამოაყალიბეს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მესამე მოსმენამდე ევროკავშირმა ვალდებულების შესასრულებლად და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ პროცესი 2023 წლის 31 მაისამდე გადაავადა. მიუხედავად ამისა, წამყვანმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენითაც დაუჭირა.

მედიის ადვოკატირების კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით და იცოდეს, რომ არ სრულდება ის მინიმალური სტანდარტიც კი, რომელიც დაინტერესებული პირების პროცესებში ჩართულობას გულისხმობს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.


„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონს ცვლის – სხვა ცვლილებებთან ერთად, მედიის მუშაობის ის ასპექტი, რაც ახლა თვითრეგულირების ნაწილია, რეგულირების სფეროში ექცევა. მაგალითად, კანონში გაიწერება, რომ „იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე“. ასევე, „იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას“.

ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ პოზიციით, „განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვა, რადგან თვითრეგულირების პროცესის ცვლილება შესაძლებელია გამოყენებული იყოს მედიასაშუალებების შინაარსობრივი რეგულირების მექანიზმად“.

ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააუარესებს მედიის უფლებრივ მდგომარეობას.

კაპანაძე დასძენს, რჩება შთაბეჭდილება, რომ შემოთავაზებული პაკეტი წარმოადგენს 2018 წლის 28 დეკემბერს  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „გაუარესებულ ვერსიას, რომელიც  მკაცრად იყო გაკრიტიკებული მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ“.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი