ახალი ამბები

ვაპირებთ, რომ სკოლებში უფასო კვების პროგრამა დავნერგოთ – წალენჯიხის მერია

16 დეკემბერი, 2022 • 1538
ვაპირებთ, რომ სკოლებში უფასო კვების პროგრამა დავნერგოთ – წალენჯიხის მერია

წალენჯიხის მერია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის სკოლაში კვების პროგრამის დაგეგმვას აპირებს. უწყების წარმომადგენელთა თქმით, შესაბამისი პროექტი საკრებულოში უკვე შეიტანა.

ნეტგაზეთთან დეტალებზე საუბრისას წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ განმარტა, რომ საწყისი ეტაპისთვის პროექტი დაახლოებით 200 ათას ლარზე გაიწერა და თუ საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭირა – მასში 3 000 პირვეკლასელი მიიღებს მონაწილეობას.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ხელისუფლებაში მოსვლისას იყო განათლება და გვინდა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სკოლებს. წალენჯიხაში სულ არის 35 სკოლა.

საუბარია სატესტო რეჟიმზე – პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფაზე. მერიამ დღეს შეიტანა ინიციატივა საკრებულოში და იმედი გვაქვს, რომ მას საკრებულოში დადებითად მოეკიდებიან. 2023 წლის ბიუჯეტში ჩვენ უკვე გათვალისწინებული გვაქვს ეს თანხა. საუბარია დაახლოებით 3 ათას ბავშვზე.

როგორც აღვნიშნე, ეს არის სატესტო პროექტი, შევხედავთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი და შემდეგ ვფიქრობთ, რომ გავაფართოოთ, რომ უფრო სერიოზული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სკოლებს“, – გვითხრა თამარ ბელქანიამ.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში თამარ ბელქანია ამბობს, რომ წალენჯიხას მანამდე განვითარების სტრატეგია არცერთი მიმართულებით არ ჰქონია. შესაბამისად, ახლა მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ექსპერტთან, მათ შორის, განათლების მიმართულებით.

„ჩვენ გამოცდილება გვაქვს ბაღებთან მიმართებაში, სადაც მოქმედებს სერიოზული რეგულაციები, რომელიც შეეხება სპეციალურ რაციონს, ჰიგიენურ ნორმებს და ზოგადად, ყველა იმ დეტალს, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის დროს არის საფრთხილო და საყურადღებო.  სკოლებში კვების საკითხიც გავიარეთ ექსპერტებთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბოლო სამუშაოები.

უახლოეს პერიოდში ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ არა მხოლოდ ფინანსურ ანგარიშს, არამედ გათვლილ რაციონსა და მენიუს“, – დასძენს ბელქანია და ამატებს, რომ თუ ამ პროექტს საკრებულომ მხარი დაუჭირა, პროგრამა 2023 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.

„არანაირი კაფეტერია წალენჯიხის სკოლებში არ არის. მაგალითად, ჩემი შვილი სადაც სწავლობს, იქ ბუფეტი არ არის. მეორე სკოლაში არის მომსახურება, ე.წ. ლანჩმენიუ, როდესაც მენიუში შედის სხვადასხვა პროდუქტები, რომელიც იყიდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენ ვითვალისწინებთ და ამ რეალობას ვერგებით – გამომდინარე იქიდან, რა არის მოცემულობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მორგებულია როგორც დროს, ვგულისხმობ პანდემიას – ასევე რეალობას, ბიუჯეტის თვალსაზრისით, და შემდეგ იმ რეალობაზე, რასაც ჰქვია, რომ სასადილოები და მსგავსი მომსახურება სკოლებში ამ ეტაპზე არ არის“.


მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში უკვე წლებია შემუშავებული აქვთ სკოლის მოსწავლეთა უფასო კვების სხვადასხვა მოდელი. მათ შორის აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთს, ესტონეთსა და სხვა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ სკოლებში ბავშვთა კვების საკითხმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დროს დაიბრუნა აქტუალურობა. კერძოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები ახალი დაპირებებით – „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“. მანამდე კი იგივე მოთხოვნა ჰქონდა მოძრაობა „ხმას“, რომელმაც ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კამპანიას იწყებდა.

საქართველოს ხელისუფლება უკვე თვეებია ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა კონკრეტული პროექტი და თარიღი, თუ როდის ექნებათ ბავშვებს ეს შესაძლებლობა – ჯერჯერობით უცნობია.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი