განათლების სამინისტრომ სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამასთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდთან [UNICEF] მემორანდუმი გააფორმა. თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის დაინერგება აღნიშნული პროგრამა სკოლებში.
უწყება აცხადებს, რომ მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, სასკოლო კვების პროგრამის საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ.
„კერძოდ, საგანგებოდ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გააანალიზებს სასკოლო კვების პროგრამების მსოფლიო პრაქტიკებს, ჩაატარებს სიტუაციურ ანალიზსა და შეაფასებს არსებულ ვითარებას ლოკალური ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
მხარეები ასევე შეიმუშავებენ სასკოლო კვების შესაძლო მოდელებსა და ხარისხობრივ სტანდარტებს, საკანონმდებლო/მარეგულირებელ ბაზებს და ჯანსაღი კვების კურიკულუმს. გარდა ამისა, დოკუმენტი, სასკოლო კვების პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მასშტაბური კამპანიის ჩატარებასაც ითვალისწინებს.
UNICEF აქტიურად იქნება ჩართული პროექტის შემუშავებისა და იმპლემენტაციის მიმართულებით“.
UNICEF-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ფონდი პროგრამას გაუწევს ტექნიკურ ზედამხედველობას ყველა ჩამოთვლილ ეტაპზე.
„რაც შეეხება განხორციელებას, კონკრეტული ვადები განისაზღვრება ჩამოთვლილი წინარე სამუშაოების განხორციელების დროს. გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია სასკოლო კვების პროგრამის განხორციელების უახლოეს შესაძლო პერიოდში დაწყებისაკენ“, – ამბობენ ორგანიზაციაში.
საუბარია უწყებათაშორის ჯგუფზე, რომელიც თვეების წინ შეიქმნა. ნეტგაზეთის კითხვაზე, რას აკეთებდა ეს სამუშაო ჯგუფი ამდენი ხნის განმავლობაში, სამინისტროში გვითხრეს, რომ ჯგუფს მუშაობა დაწყებული აქვს.
უწყება აცხადებს, რომ მემორანდუმს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება, თუმცა ამ ეტაპისთვის რთულია პროგრამის დანერგვის დროის დასახელება.
მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში უკვე წლებია შემუშავებული აქვთ სკოლის მოსწავლეთა უფასო კვების სხვადასხვა მოდელი. მათ შორის აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთს, ესტონეთსა და სხვა.
რაც შეეხება საქართველოს, აქ სკოლებში ბავშვთა კვების საკითხმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დროს დაიბრუნა აქტუალურობა. კერძოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები ახალი დაპირებებით – „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“.
მანამდე კი იგივე მოთხოვნა ჰქონდა მოძრაობა „ხმას“, რომელმაც ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კამპანიას იწყებდა.
საქართველოს ხელისუფლება უკვე თვეებია ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა კონკრეტული პროექტი და თარიღი, თუ როდის ექნებათ ბავშვებს ეს შესაძლებლობა – ჯერჯერობით უცნობია.