ახალი ამბებისაზოგადოება

უფასო კვება სკოლებში – შესაძლებლობა თუ უბრალო დაპირება

20 ოქტომბერი, 2021 • 4219
უფასო კვება სკოლებში – შესაძლებლობა თუ უბრალო დაპირება

მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამოჩნდა  „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები ახალი დაპირებებით – „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“.

ბანერემა მალევე გამოიწვია დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება. გააქტიურდა დისკუსია – უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უფასო?

სანამ წინასაარჩევნო ბანერებს გააკრავდნენ, წლების განმავლობაში არაერთმა საერთაშორისო კვლევამ დაამტკიცა ისედაც პროგნოზირებადი ჭეშმარიტება – ბავშვი, რომელსაც შია, კარგად ვერ სწავლობს.

ბავშვთა კვების გლობალური ფონდის 2021 წლის კვლევის თანახმად, 103 ქვეყნიდან, რომლებმაც კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, 85-ს აქვს ფართომასშტაბიანი სკოლის კვებითი პროგრამა. მათ შორის საქართველო არ არის.

არადა, სწორედ აქ გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) შია. ბოლო მონაცემებით, საქართველოს საჯარო სკოლებში 549 ათასი მოსწავლე სწავლობს.

რა გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“?

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის შესახებ ნეტგაზეთთან ინტერვიუში პარლამენტის დეპუტატმა და პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, სასკოლო კვების პროგრამა ქალაქის ბიუჯეტს 50-70 მილიონი ლარი დაუჯდება, რომელიც 150 ათასიდან 180 ათას მოსწავლეზე იქნება გათვლილი. იმას, რომ დედაქალაქის 289 სკოლაში დაახლოებით 180 ათასი ბავშვი დადის – ადასტურებენ განათლების სამინისტროშიც.

„ტექნიკურად რომ ითქვას, შეიძლება ყოველდღე 180 ათასი ბავშვი არ დადიოდეს სკოლაში, საშუალოდ საუბარია 150 ათას ბავშვზე. გასათვალისწინებელია, რომ ზოგი ბავშვი შესაძლოა აცდენდეს და ა.შ.”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი და თავისი არგუმენტის გასამყარებლად გვისახელებს მუნიციპალური უფასო სასადილოების პროგრამას, რომელსაც მისი თქმით, 40 ათასი ბენეფიციარი ჰყავს, მაგრამ რეალურად ამ რესურსით დღეში 22-27 ათასი ადამიანი სარგებლობს დედაქალაქში.

 “სტატისტიკურად ასე გამოდის, დაახლოებით 180 ათასი ბავშვი კია, მაგრამ საშუალოდ 150 ათასი ბავშვის კვებაზეა საუბარი დედაქალაქში ყოველდღიურად”, – ამბობს ხაბეიშვილი.

ენმ-ის დაპირება გაწერილია წელიწადში 180 სასწავლო დღეზე – არდადეგებისა და დასვენების დღეების ჩათვლით. რაც შეეხება თანხას, დეპუტატი გვეუბნება:

„150 ათასი ბავშვისთვის, ვსაუბრობთ დაახლოებით 2,5 ლარზე დღეში. პირობითად ვამბობ, ბაღებში სამჯერადი კვება რძით, ყველითა და სხვა პროდუქტებით ჯდება 3,75 ლარი“, – დასძენს ის.

კვების დაახლოებით იგივე სისტემა აქვს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსაც. ჯერ კიდევ 2016 წელს დადებული ხელშეკრულებით, თითო ბავშვზე უწყება 3,3 ლარს ანგარიშობდა.

პარტიის გამოთვლებით 150 ათასი ბავშვისთვის 180 სასწავლო დღეში 50-დან 70 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს ყოველწლიურად. ეს თანხები კი თბილისის მილიარდ ასიათასიანი ბიუჯეტისთვის დაუძლეველი არ უნდა იყოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართული ოცნებისა“ და „კახა კალაძის“ მიერ დაგეგმილ ბიუჯეტში 80-დან 90 მილიონამდე ბიუროკრატიულ ხარჯებს ხმარდება, 2014 წელს კი ეს თანხა თითქმის ორჯერ ნაკლები – 46 მილიონი ლარი იყო.

ლევან ხაბეიშვილი – ფოტო: ნეტგაზეთი / ნათია ცქიფურიშვილი

ლევან ხაბეიშვილი დასძენს, რომ რიგ სსიპებსა და ააიპებში დასაქმებულებს ხელფასი 15-18 ათასი ლარი აქვთ, ზოგიერთი ორგანიზაციისთვის კი ძვირადღირებულ შენობებს ქირაობენ – „და შეგახსენებთ, კალაძემ მხოლოდ ავტობუსების ტენდერზე 50 მილიონი ლარი გააქრო. ეს თანხა ეყოფოდა ბავშვებს კვებისთვის და უამრავი სხვა საშუალებაა ბიუჯეტში, რომ ეს თანხები გამოიყოს,“.

ავტობუსების ხსენებისას ხაბეიშვილი საუბრობს „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიის მიერ ავტობუსებში გადახდილ თანხასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა 60 მილიონი ლარი იყო, მერიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა EBRD-ის ექსპერტების ჩართულობით მოხდა და კორუფციას ადგილი არ ჰქონია.

ენმ-ის ინიციატივა გააკრიტიკეს მმართველ გუნდში, სადაც განაცხადეს, რომ მელიამ, როგორც ჩანს, არ იცის, ვის ბალანსზეა საქართველოში სკოლები. 

საქართველოს კანონმდებლობით, სხვადასხვა უწყებას შორის კომპეტენციები დანაწილებულია. მაგალითად, თუ საბავშვო ბაღებს მუნიციპალიტეტები კურირებენ, სკოლები განათლების სამინისტროს ექვემდებარებიან ყველა ქალაქსა თუ სოფელში.

როგორ მოახერხებს არჩეული მერი იმ ინიციატივის რეალიზებას, რომელიც არა მის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების, კერძოდ განათლების სამინისტროს კომპეტენციაში შედის? ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტრო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს არჩეულ მერს, განახორციელოს მისი საარჩევნო პროგრამა.

„როდესაც დედაქალაქის მერიას აქვს მზაობა, რომ თანხები გამოყოს, ამ დროს თუ განათლების სამინისტრო წინააღმდეგი იქნება და იტყვის, არა, საჭმელი არ შევიტანოთ, არ მოგეხმარებით ამაში – ეს იქნება მავნებლობა“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

სამომავლოდ კი ამბობს, რომ აქვთ ხედვა, საკვების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს, თუნდაც ვაუჩერული სისტემით. თუმცა ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს ვრცლად გაწერილი გეგმა.

რატომ არის მნიშვნელოვანი სასკოლო კვების პროგრამები – კვლევები

მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ სკოლებში უფასო კვებას ბავშვთა ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე დადებითი ზეგავლენა აქვს.

მაგალითად, აშშ-ის საკვების კვლევისა და მოქმედების ცენტრი (FRAC) ამბობს, რომ სკოლებში უფასო საკვები ხელს უწყობს როგორც ბავშვებში ჭარბწონიანობის შემცირებას, ასევე, მათ მიერ უფრო ჯანსაღი საკვების მიღებასა და საკვებთან დაკავშირებული სტრესის კლებას.

იგივე ორგანიზაცია წერს, რომ მოსწავლეებს, რომლებიც უფრო ხშირად განიცდიან შიმშილს, უფრო დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ. მათ უფრო ხშირად აქვთ ქცევითი, კონცენტრაციის და სხვა პრობლემები. ამასთანავე, ისინი უფრო ხშირად აცდენენ გაკვეთილებს. ასეთი ბავშვების რაოდენობა, რომელიც ისედაც ძალიან მაღალი იყო, პანდემიისას კიდევ უფრო გაიზარდა. მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის თანახმად (WFP), მსოფლიოს მასშტაბით სასკოლო ასაკის 39 მილიონ ბავშვს სჭირდება სასკოლო კვება.

ორგანიზაციის თანახმადვე, ბოლო 60 წლის განმავლობაში ის მხარს უჭერს სკოლებში კვების პროგრამებისა და ინიციატივების დანერგვას და 100-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობით ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდა, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.  დოკუმენტი WFP-მ სასკოლო კვების პროგრამების დასანერგად შეიმუშავა, ორგანიზაცია წერს, რომ:

„სკოლაში ბავშვთა კვების პროგრამაზე დახარჯულ ყოველ 1 დოლარს ეკონომიკაში 20 დოლარის უკუგება აქვს გაუმჯობესებული ჯანმრთელობის, განათლებისა და პროდუქტიულობის ხარჯზე,“.

ბავშვებში სასკოლო კვებას ასევე აქვს სოციალური ბენეფიტებიც, რადგან ის ამცირებს სიღარიბით გამოწვეულ შედეგებს. მაგალითად, ბავშვთა კვების გლობალური ფონდის თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, ნეპალსა და ბენინში სასკოლო კვებამ სკოლებში გენდერულ ბალანსს შეუწყო ხელი, ხოლო ჩადში კვების პროგრამას იყენებენ ნაადრევ ქორწინებასთან საბრძოლველად.

სხვადასხვა ქვეყანაში სასკოლო კვების განსხვავებული ფორმა მოქმედებს. 

არსებობენ ქვეყნები, სადაც სკოლაში კვებას მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო. მაგალითად, ესტონეთში სრულიად ფინანსდება სასკოლო კვება როგორც ცენტრალური, ასევე, მუნიციპალური მმართველობისგან

ამ თვალსაზრისით ქვეყანა მიჰყვება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის თანახმადაც, სკოლებში ბავშვები ყოველდღიურად იღებენ ბოსტნეულს, კვირაში სულ მცირე სამჯერ- ხილს, სულ მცირე ორჯერ კი – ხორცს. სკოლებში აკრძალულია ისეთი საჭმელი, რომელიც ძალიან დიდი ოდენობით ცხიმში იწვება.

სასკოლო კვების პროგრამა აქვს საფრანგეთსაც. ქვეყნის სკოლებში ე.წ. ლანჩები დიდი ხანია არსებობს და საშუალებას აძლევს მოსწავლეს, დრო დამოუკიდებლად გადაანაწილოს. მართალია, საჭმელი ყველასთვის უფასო არ არის, მაგრამ ზოგ რეგიონში მისი ფასი სახელმწიფო სუბსიდირებით 2 ევროს აღწევს. პარალელურად კი, არსებობს სხვადსხვა პროგრამაც, რომლითაც საჭმლის მიღება ბავშვებს უფასოდაც შეუძლიათ.

აშშ-ის სხვადასხვა შტატს განსხვავებული პოლიტიკა აქვს, მაგრამ ქვეყანაში კვება საშუალოდ   5 დოლარზე მეტი არ ღირს. სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით კი მოსწავლეთა ნაწილს მათი მიღება უფასოდ შეუძლია.

ამასთანავე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი აპირებს, რომ 2022 წლისთვის, მიუხედავად შინამეურნეობის შემოსავლისა, უფასო სასკოლო კვება ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის.

შესაძლო გამოსავალი და პოლიტიკური ნების არარსებობა

სოციალური მოძრაობა „ხმა“ ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, ვინც მხარს უჭერს სკოლებში კვებითი პროგრამის დანერგვას.

მისი წევრი და განათლების მკვლევარი, ანა კამლაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ხალხის რეალური საჭიროებები, მათ შორის, ბავშვთა კვება, პოლიტიკური ველიდან დღესდღეობით საერთოდ განდევნილია. მაშინ, როდესაც არაერთი საერთაშორისო კვლევა, მათ შორის, PIRLS (2016) ამბობს, რომ საქართველოში მოსწავლეთა 77% სკოლაში შიმშილს განიცდის, ნაწილი- მუდამ, ნაწილი- ხანდახან მაინც.

„ზოგადად, კვლევები ქართულ და საერთაშორისო კონტექსტშიც აჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც საკვები პროგრამები არსებობს, იქ მნიშვნელოვნად დაბალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, მცირეა სკოლაში გაცდენების რაოდენობა და ა.შ. ეს რეალობა არის ის გამოწვევები და აუცილებლობები, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვისაუბროთ სკოლაში საკვების პროგრამის საჭიროებაზე და ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ სკოლა არ არის მხოლოდ განათლების ადგილი, სკოლა არის ასევე დიდი სოციალური როლის მქონე ინსტიტუცია და ის უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე“, – განმარტავს ანა კამლაძე.

ანა კამლაძე. ფოტო: ქალთა მზერა

ის დასძენს, რომ დღეს საქართველოს ყველა სკოლას არ აქვს არათუ კეთილმოწყობილი ე.წ. ბუფეტი, არამედ ზოგან ონკანიდან მომდინარე წყალიც და საპირფარეშოც პრობლემაა. თუმცა, ერთიანი პროგრამის არარსებობის პირობებში, იქ, სადაც „ბუფეტები“ არის, საჭმელი ხშირად ან მწირია, ან არასაკმარისად ჯანსაღი, ან ხელმიუწვდომელი ბევრი მოსწავლისთვის. კამლაძის განმარტებით, არ არის სწორი ის დაშვებაც, რომ სკოლებში ბავშვების კვების უზრუნველყოფა კოლოსალური თანხა დაჯდება. “ხმა’ კვებითი პროგრამის დანერგვას მთელი ქვეყნიას მასშტაბით ითხოვს ყველა საჯარო სკოლისთვის. 

საყოველთაო კვების პროექტი „ხმაში“ ე.წ. „ლანჩბოქსების“ [ინგ.lunchbox – ხემსისთვის განკუთვნილი ყუთი] ტიპის პროგრამად წარმოუდგენიათ. ამგვარი სისტემის ლოგიკა შემდეგნაირია – რაკი სკოლების ნაწილში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის, სასწავლებლებში უკვე გამზადებულ საჭმელს მიიტანენ, რომელიც შემდგომ ბავშვებს დაურიგდებათ.

„საქართველოს კონტექსტს რაც შეეხება, საქმეც ის არის, რომ ასეთი ნაბიჯების გადასადგმელი პოლიტიკური ნება არ გვინახავს ათწლეულებია უკვე. ჩვენი სოციალური რეალობის უკეთესობისკენ გარდაქმნაზე ორიენტირებული არ არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლასი, ისინი პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტისოციალური პოლიტიკის მიმდევრები არიან, რისი უამრავი მაგალითი გვაქვს ნანახი ამ წლების განმავლობაში – ამიტომაც ვერ ვხედავთ ამ ნებას.

თუმცა პოლიტიკური ნების არარსებობა ვერ შეაჩერებს და ვერ უნდა შეაჩეროს ასეთი ტიპის სოციალური და ფუნდამენტური გარდაქმნები, იმიტომ, რომ ეს არის ხალხის დაკვეთა და კამპანიაზე ასეთი გამოხმაურებაც ამაზე მეტყველებს. და ჩვენ გვინახავს ბევრი მაგალითი სახალხო მობილიზების, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა თუ არა პოლიტიკური ნება, ჯერ ალაპარაკება მოუწიათ რაღაც საკითხებზე, მერე დათანხმება და ბოლოს- განხორციელება”, – ამბობს ანა კამლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი