ახალი ამბები

აპირებს თუ არა მთავრობა სკოლებში უფასო კვების დანერგვას – კაკაურიძის განმარტება

12 ოქტომბერი, 2022 • 993
აპირებს თუ არა მთავრობა სკოლებში უფასო კვების დანერგვას – კაკაურიძის განმარტება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ არ ემხრობა სკოლაში კვების იმ მოდელს, რომლითაც საჭმელი უფასო იქნება ყველა მოსწავლისთვის, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ განაცხადა, რომ მუშაობდა სკოლაში უფასო კვების დანერგვაზე. თუმცა ამ დრომდე არც პროგრამა დაგეგმილა და არც დეტალური გეგმა გასაჯაროვებულა – თუ რა და როდის იგეგმება.

დღეს, 12 ოქტომბერს, პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრის დროს კაკაურიძეს ენმ-ის წევრმა ანი წითლიძემ ჰკითხა – რა იგეგმებოდა სკოლებში კვებასთან დაკავშირებით. მანამდე ამ შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი მიმოიხილა. წითლიძემ კი მას უთხრა, რომ ბიუჯეტის დოკუმენტში კვლავ არ ჩანს სკოლებში კვების მიმართულებით განათლების სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლებში უფასო კვება 2023 წელს არ დაინერგება.

„უფასო კვებასთან დაკავშირებით პირადად მეც ვიყავი ჩართული [განხილვებში] და მნიშვნელოვანია. ოღონდ ჩვენ უნდა გავყოთ ორ ნაწილად: კვება სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანია განათლებისთვის. საერთაშორისო პრაქტიკა ამაზე მეტყველებს, რომ კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ მიმართულებით. თუმცა სკოლაში განათლებასა და სოციალურ ხარჯს შორის, მე მგონი, უნდა განვასხვაოთ.

იმისთვის, რომ ბავშვებში სიღარიბე დაიძლიოს, მაქსიმალურად მეტი რესურსი უნდა იყოს ორიენტირებული სოციალურად დაუცველთა დახმარებისკენ, იმ ბავშვებისკენ, რომლებიც საჭიროებენ ამ დახმარებას უფრო მეტად. მე არ ვიქნები მომხრე, რომ სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს, მათ შორის, ჩემი ან ნებისმიერი იმ ადამიანის შვილის სრული კვება, რომელსაც ამის საჭიროება სოციალური კუთხით არ უდგას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი რესურსი უნდა მივმართოთ სოციალურად დაუცველი ბავშვებისკენ და ამ მიმართულებით გადაიდგა [ნაბიჯები]… როგორც შარშან, ასევე წელს მნიშვნელოვანი ზრდები განხორციელდა და მომდევნო წელს რა რესურსიც იქნება, პირველ რიგში, სწორედ ბავშვების სოციალური კომპონენტის გაზრდისკენ იქნება [მიმართული]“, – ამბობს კაკაურიძე.

მისივე თქმით, სკოლებში უფასო კვების პროგრამა კომპლექსურია და მოიცავს არა მხოლოდ საჭმლის საკითხს, არამედ სკოლის ინფრასტრუქტურისაც. ეს უკანასკნელი კი ბევრი სკოლისთვის პრობლემურია.

„სოციალური კუთხით რომ ბავშვების სოციალური დახმარების კომპონენტი გაიზარდოს და ამ მიმართულებით ნაბიჯები, დარწმუნებული ვარ, კიდევ გადაიდგმება. რაც შეეხება სკოლებში კვებას, აქ მნიშვნელოვანია, რომ განათლების კომპონენტს უნდა ებმოდეს და არა სოციალური ნაწილი იყოს. და მიუხედავად იმისა, ოჯახს უჭირს თუ ულხინს, ბავშვს შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ სკოლაში კვება მიიღოს. და არა უბრალოდ ის, რომ ყველას სახელმწიფომ დაუფინანსოს [კვება]“, – თქვა მან.

ამის საპასუხოდ წითლიძემ კაკაურიძეს უთხრა, რომ მართალია, ესმის მისი სიტყვების ლოგიკა, ნაწილს მაინც არ ეთანხმება. კერძოდ, მან თქვა, რომ ბევრ მოსწავლეს რთული სოციალური პირობები აქვს – სოციალურად დაუცველის სტატუსი კი, არა. ამასთანავე, ე.წ. ლანჩბოქსების (საჭმლის ყუთების) დარიგებას მხოლოდ ერთი სუფთა ოთახი სჭირდება.


2021 წლის სექტემბერში მოძრაობა „ხმამ“ განაცხადა, რომ იწყებს კამპანიას სკოლაში საყოველთაო უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით. განცხადებაში, მოძრაობამ დაიმოწმა 2021 წლის კვლევა, რომლის თანახმადაც, მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) შია. საქართველოს საჯარო სკოლებში დაახლოებით 549 ათასი მოსწავლე სწავლობს.

სკოლებში კვების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ბანერები გაჩნდა, დაპირებით „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“.

ენმ-ის დაპირების შემდეგ სახელმწიფო უწყებებმაც განაცხადეს, რომ ამ თემაზე მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, სასკოლო კვების პროგრამაზე ასევე შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

2021 წლის 1 დეკემბერს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის წინაშე წარდგა. „მინისტრის საათის“ დროს დეპუტატებმა სკოლებში კვების პროგრამის შესახებ ჰკითხეს, მინისტრმა მაშინ თითქმის იგივე თქვა, რასაც დღეს სამინისტრო გვპასუხობს.

„შევჯერდებით რამდენიმე მოდელზე და შემდეგ წარვუდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გადავალთ უკვე პროექტის შემდეგ ეტაპზე“, — განაცხადა დეკემბერში ჩხენკელმა.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი