დიდუბის გამგეობაში 166-ე სკოლის წარმომადგენლებს, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით სკოლასთან გუშინ და დღეს აქცია გაიმართა.

მედიასთან კომენტარის დროს რევაზ სოხაძემ თქვა, რომ უნდა აშენდეს ახალი სკოლა. მისივე განცხადებით, სამუშაოები სავარაუდოდ გაზაფხულის მიწურულს დაიწყება:

„სამინისტრომ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გავაცანით ის გეგმა, თუ რა გეგმა გვაქვს ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით.  მათ ავუხსენით, რომ პროექტი უკვე მზადდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება გამზადებული, დასრულებული პროექტი და უკვე გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას და სამუშაოებიც, სავარაუდოდ, გაზაფხულის მიწურულს დაიწყება“, – თქვა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, ბუნებრივია მშობლებისა და მასწავლებლების წუხილები და რომ ალტერნატიულ სკოლებში გადანაწილება სერიოზული დისკომფორტია, თუმცა:

„ის მოცემულობა, რაც არის 166-ე სკოლასთან დაკავშირებით არის ის, რომ აქ უნდა აშენდეს ახალი სკოლა. მართალია, რომ პროცესი გაჭიანურდა, უკვე ორწელიწად-ნახევარია ეს პროცესი მიდის, თუმცა ჩვენ ის თარიღები, რომლებიც დავასახელეთ ამაზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ“, – თქვა სოხაძემ მედიასთან.

ერთ-ერთი მშობელი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ ახლა მთავარი მოთხოვნა ალტერნატიული ფართის მოძიებაა, სადაც მოსწავლეები პირველ და მეორე ცვლაში განაწილდებიან და ბავშვებს მესამე ცვლაში სწავლა არ მოუწევთ.

ხატია სტურუას თქმით, შეხვედრაზე ითქვა, რომ რისკებიდან გამომდინარე, თუ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მაშინ მოსწავლეების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

მისივე თქმით, მიიღეს დაპირება, რომ მაისში დაიწყება ახალი შენობის აშენება და მაისიდან 3 წლის განმავლობაში ექნებათ ახალი სკოლა.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მაშინ ამ სამი წლის განმავლობაში მოიძებნოს ალტერნატიული ფართი, სადაც შეძლებენ [მოსწავლეები] გადასვლას და დღის ცვლაში სწავლას. ამაზე, განათლების მინისტრის მოადგილე დაგვპირდა, რომ მოძიებული იქნება ასეთი ფართი და ვადები ვერ დაგვითქვა ზუსტად. […]

ჩემი პირადი აზრია, რომ სანამ არ დავკმაყოფილდებით ალტერნატიული ფართით, მანამდე სკოლაში ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შვილები, იმიტომ, რომ ასეთი ცრუ დაპირებები მგონია, რომ კიდევ ვადებში არ გაიწელოს-მეთქი და სხვა მშობლები რას იტყვიან და როგორ გადაწყვეტენ, ამაზე ჯერ ინფორმაცია არ მაქვს“, – ამბობს ხატია სტურუა.

იხილეთ ასევე: