ახალი ამბები

იმედი გვაქვს ანაკლიის პორტის მშენებლობას 2023 წლიდან დავიწყებთ – დავითაშვილი

12 დეკემბერი, 2022 • 1666
იმედი გვაქვს ანაკლიის პორტის მშენებლობას 2023 წლიდან დავიწყებთ – დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებელ კომპანიას 2023 წლის იანვრის თვეში შეარჩევს და მშენებლობაც ამავე წელს დაიწყება.

„წლის ბოლომდე დასრულებული იქნება საკონკურსო პირობების ჩამოყალიბება.

მომდევნო წლის იანვრის თვეში, გვაქვს იმედი, რომ შერჩევის პროცესს განვახორციელებთ ისევ კანონმდებლობის შესაბამისად, ისე რომ, 2023 წლიდან დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება.

„საარბიტრაჟო დავა, რომელიც მიმდინარეობს არ ეხება პროექტს, არამედ ეს არის სახელმწიფოსთან დავა და ინვესტორები ამ კუთხით დაზღვეულები არიან.

არ დაველოდებით გადაწყვეტილებებს ამ კუთხით და  დავიწყებთ პროექტის სწრაფად განხორციელებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა მუშაობს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების განახლებულ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა 51 პროცენტით განისაზღვრება.

საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება — ღარიბაშვილი

ტვირთბრუნვა იზრდება, ანაკლიის პორტის მომავალი კვლავ ბუნდოვანია

მასალების გადაბეჭდვის წესი