ახალი ამბები

ბიზნესი ”ნაციონალური მოძრაობის” სამსახურში

27 მაისი, 2010 • 1493
ბიზნესი ”ნაციონალური მოძრაობის” სამსახურში

წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 3000-მდე ტაქსისტს კომპანია ”ჯეოსელთან” უშუამდგომლა, რომელმაც მძღოლებს უპრეცედენტოდ შეღავათიანი ტარიფი დაუწესა. მომხმარებელს საგანგებო ფასდაკლებას ბიზნესსექტორი წინასაარჩევნო კამპანიის ძალაში შესვლამდე და მას შემდეგაც აქტიურად სთავაზობს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიაჩნია, რომ ”ჯეოსელის” აქცია ამომრჩევლის მოსყიდვაა. ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში ბიზნესის ირიბად ჩართულობაზე სხვა ფაქტებიც მიუთითებს. სარეკლამო რგოლებში ორი ფერის (წითელი და თეთრი) ხუთიანები მომრავლდა.

 15 აპრილს ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში, ”ქრონიკის” 14.00 საათის გამოშვებაში, ”ჯეოსელის” უპრეცედენტო ტარიფის შესახებ რეპორტაჟი გავიდა. ერთწუთიანი სიუჟეტი ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივ აქციას მიეძღვნა. მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ოფიციალური განცხადებები გაკეთდა.

 ”ქრონიკის”  წამყვანმა გადმოსცა: ”დღეიდან სამარშრუტო და კერძო ტაქსის მძღოლები დაბალი სატელეფონო ტარიფებით ისარგებლებენ. ისინი ერთმანეთს წუთში 2 თეთრად დაუკავშირდებიან. მძღოლებს დაბალ ტარიფს კომპანია ”ჯეოსელი” სთავაზობს. მობილური ოპერატორისა და ასოციაცია ”დაცული მოძრაობის” ინიციატივა 2000-მდე აბონენტზე გავრცელდება”.

ამ ტექსტს სამი კომენტარი მოჰყვა:

”ჯეოსელის”  გენერალური დირექტორი ოსმან თურანი: ”დაცულმა მოძრაობამ” გააერთიანა ეს ხალხი, ჩვენ გაგვიჩნდა საშუალება, რომ შეგვეთავაზებინა მათთვის უპრეცედენტო ტარიფი. გარდა ამისა, ჩვენ მათ გადავეცით სიმბოლური საჩუქრები ჯეოსელის ემბლემით”.

 ოსმან თურანის განცხადებას მოჰყვა ტაქსის მძღოლის კომენტარი: ”მადლობლები ვართ ”ჯეოსელის” და ”ნაციონალური მოძრაობის”  და ასევე კმაყოფილები ვართ ამ აქციის”.

 შემდეგ იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის – დავით მესხიშვილის კომენტარი. დავით მესხიშვილი ამჟამად ”დაცული მოძრაობის“ წევრია. ყოფილი მაღალჩინოსანი თავისი კომენტარით აძლიერებს პოზიციას, რომ ”ჯეოსელის”  უპრეცედენტო შეთავაზება ”ნაცმოძრაობის” დამსახურებაა: ”ნაცმოძრაობამ” შუამდგომლობით მიმართა ”ჯეოსელს” და ასოციაციის 3000 წევრი – როგორც კერძო, ასევე სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, ისარგებლებენ კორპორაციული მომსახურებით”.

 

 რეპორტაჟი 15 აპრილს ნაციონალური არხებიდან მხოლოდ ”იმედზე” გავიდა. ამ დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პრეზიდენტს უკვე დანიშნული ჰქონდა, ანუ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ძალაში ოფიციალურად შესული იყო.

 საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტი: ”არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, აკრძალულია ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა (მიუხედავად მათი ღირებულებისა) გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ საქონლის მიწოდება ან გავრცელება; ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება”.

73-ე მუხლის მე-9 პრიმა მუხლის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტი ცესკომ რეგისტრაციიდან უნდა მოხსნას (ის არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას), თუ დარღვევას სასამართლო დაადასტურებს.

 ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის შეფასებით, ”ნაციონალური მოძრაობის”  ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა ასეთი ტიპის ღონისძიებაში – ეს იქნება უბრალო დაპირება, თუ ნებისმიერი შეღავათის შეთავაზება წინასაარჩევნო პერიოდში, არის მოსყიდვა. მოსყიდვისთვის კი კანდიდატი იხსნება არჩევნებიდან”.

 ”დაცული მოძრაობის”  შესახებ ”იმედზე”  კიდევ ერთი რეპორტაჟი 7 მაისს, ”ქრონიკის”  დასასრულს, გავიდა. დავით მესხიშვილი ბრიფინგზე ამჯერად ”ვისოლის”  გენერალურ დირექტორთან, ვასილ ხორავასთან და სხვა მძღოლებთან ერთად გამოჩნდა, კიდევ ერთი უპრეცედენტო შეღავათის დაპირებით. ამჯერად ბრიფინგზე ერთი პირობა იქნა დასახელებული – ”კომპანია ”ვისოლის” და ”დაცული მოძრაობის” ერთობლივი ინიციატივით, ტაქსებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის ფასდაკლების ახალი სისტემა ამოქმედდა. იმისათვის, რომ მძღოლებმა ფასდაკლებით ისარგებლონ, 25 მაისამდე რეგისტრაცია ”დაცულ მოძრაობაში”  უნდა გაიარონ”.

 

 კომპანია ”ვისოლის” გენერალურმა დირექტორმა სიუჟეტში თქვა, რომ ახალ სისტემაში ჩართვის შემდეგ, მძღოლები ყოველთვიურად 150-200 ლარს დაზოგავენ. ვასილ ხორავას და მადლიერი მძღოლის _ ნიკოლოზ კაჭკაჭურის ინტერვიუ წამყვანის ტექსტს მოჰყვა: ”ეს არის ძალიან კარგი, მძღოლი გააკეთებს ეკონომიას დღეში დაახლოებით  3-5 ლარის ოდენობით (07.05.2010, ”იმედი”. ”ქრონიკა”, 17 სთ. 44 წთ.).

 ამ რეპორტაჟში ”ნაციონალური მოძრაობა”  არ უხსენებიათ. მთავარი მესიჯი ის იყო, რომ ვისაც შეღავათებით სარგებლობა სურს, 25 მაისამდე უნდა გაერთიანდეს ”დაცულ მოძრაობაში”.

 ამ ასოციაციამ ხალხის ყურადღება ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში მიიქცია. მაშინ, როდესაც პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და რუსთაველის გამზირი ”საკნებით“ იყო გადაკეტილი, 50-მდე ტაქსის მძღოლი ”დაცული მოძრაობის”  სახელით პარლამენტის შენობასთან გამოჩნდა და გზის გახსნა მოითხოვა.

ინტერნეტტელევიზია- ITV-ის  რეპორტაჟის თანახმად, ”ამ აქციაში გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის წევრები და გლდანის ბაზრობის დირექტორი ნიკა რუსიშვილი მონაწილეობდნენ. ”დაცული მოძრაობის”  ერთ–ერთ წევრს წამოსცდა, რომ იგი ”ნაციონალური მოძრაობის”  წარმომადგენელია” (07.06.2009წ.). რუსიშვილი ასოციაციის დამფუძნებელია.

 კიდევ ერთი დეტალი, ეს რეპორტაჟი 7 ივნისს არის მომზადებული, ასოციაცია კი 18 ივნისს შეიქმნა. ასოციაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე (წწწ.საფედრივინგ.გე) განმარტებულია, რომ ეს არის მძღოლთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია.

 ვებსაიტის მთავარ გვერდზე ყურადღებას იქცევს ზურა გაჩეჩილაძის –  შონზოს (`ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ვაზისუბანში) სარეკლამო ფოტო-სლაიდი -შონზო ყვითელი ავტობუსის საჭესთან; კერძო ტაქსის საჭესთან; შონზო საჭესთან პარკში, ტბაზე და ასე შემდეგ (სულ ცხრა ფოტოსლაიდი).

ვებგვერდზე ასევე განთავსებულია ერთ-ერთი ბრიფინგის ვიდეოჩანაწერი. ”დაცული მოძრაობის”  წევრებს ტექდახმარება – 0010 უფასო მომსახურების ბარათს და კორპორატიულ სერვისს სთავაზობს. კადრში ასოციაციის დამფუძნებლის ნიკოლოზ რუსიშვილის გვერდით სწორედ ზურა გაჩეჩილაძე დგას (ამ დროისთვის არჩევნების ჩატარების შესახებ უკვე გამოცხადებულია, თუმცა ოფიციალურად დანიშნული არ არის).

 ”დაცულ მოძრაობას”  ხუთწევრიანი საბჭო მართავს. საბჭოს კიდევ ერთი პოლიტიკოსი დამფუძნებელი ჰყავს – პარტია “მომავალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე. გიორგი ლაღიძეც თბილისის მერობის კანდიდატია. მან გაზეთ ”ბათუმელებთან”  განაცხადა, რომ ფორმალურად რჩება ამ ასოციაციაში. “ბათუმელების” კითხვაზე _ რა საერთო აქვს ამ ასოციაციას “ნაცმოძრაობასთან”, ლაღიძე გვირჩევს, რომ ეს საკითხი დამფუძნებელთან, ნიკოლოზ რუსიშვილთან გავარკვიოთ.

 ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “ბათუმელებმა“ კითხვები ნიკოლოზ რუსიშვილს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა. პასუხებიც იმავე ფორმით მივიღეთ. რუსიშვილი ადასტურებს, რომ ორგანიზაციის წევრები შეღავათებით უკვე სარგებლობენ: ”უფასო იურიდიული კონსულტაცია, უფასო საადვოკატო მომსახურება, 24-საათიანი ცხელი ხაზი, კორპორაციული სატელეფონო მომსახურება, შიდა 2-თეთრიანი ტარიფით. ნებისმიერი სახის საწვავზე უპრეცედენტო დისქაუნთი ”ვისოლის ქსელში”  (ანუ ნაციონალური მოძრაობის დახმარებით ჯეოსელის მიერ დაწესებული ”უპრეცედენტო ტარიფი” უკვე ძალაშია).

 დამფუძნებელი გვწერს, რომ მოძრაობას საწევრო შესატანიდან არც ერთი თეთრი არ აქვს მიღებული. კითხვაზე, რა გზით ახერხებს ორგანიზაცია მისთვის საჭირო ფინანსური სახსრების მოძებნას? – გვპასუხობს: ”არანაირ რესურსებს და სახსრებს ჩვენ არ ვეძიებთ. არსებობს ბიზნესისთვის კორპორაციული მომსახურების ხელსაყრელი პირობები”.

 ასოციაციის ხელმძღვანელი ”ბათუმელებთან”  იმასაც ადასტურებს, რომ ასოციაციის წევრთა რაოდენობა 7 მაისის შემდეგ (მოწოდება – თუ გსურთ შეღავათებით სარგებლობა, 25 მაისამდე გაერთიანდით ”დაცულ მოძრაობაში”) ყოველდღიურად იზრდება. ”მათ შორის, 7 მაისის შემდეგაც და ეს რიცხვი შეადგენს 3000 წევრზე მეტს”.

დამფუძნებელს ასოციაციის სხვა წევრების საკონტაქტო ინფორმაციაც ვთხოვეთ (მათთან გასაუბრების მიზნით), მაგრამ უარი მივიღეთ. ორი კვირის განმავლობაში დავით მესხიშვილთანაც ვცდილობდით დაკავშირებას (მობილურის ნომერი მის გარემოცვასთან დავადგინეთ), მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რადგან ტელეფონი გამორთული იყო.

 

ბიზნესი და ხუთიანის შეფარული რეკლამა

წინასაარჩევნო პერიოდში კერძო კომპანიების საეთერო რეკლამებში “ნაციონალური მოძრაობის” შეფარული რეკლამის ფაქტები მომრავლდა. მაგალითად, ჯეოსელის სახე – დუტა 8 ციფრს შორის 5-ს ირჩევს: ”ლაი-ლაის ახალი ტარიფი – 5 თეთრია” და რეკლამაში ისმის ფრაზა: ”ეს თქვენი არჩევანია”. ციფრი ხუთი წითელ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი;

 ბათუმში ხუთვარსკვლავიანი ალკოჰოლური სასმელის – ”ივერიონის” პლაკატებს, ძირითადად, იქ შეხვდებით, სადაც საარჩევნო სუბიექტების პლაკატებია გამოკრული (ივერიონი – 5 ლარად).

 მას შემდეგ, რაც ბათუმში ”ნაცმოძრაობის” პარტიული და მაჟორიტარული სიების   პრეზენტაცია გაიმართა და ცნობილი გახდა სლოგანი – ”ახალი მშენებლობები და საწარმოები ახალი სამუშაო ადგილებისთვის”, ქალაქში უკლებლივ ყველა მშენაბარე ობიექტის სარეკლამო ბილბორდზე გაჩნდა წარწერა: ”დასაქმებულია 250 ბათუმელი”; ”დასაქმებულია 70 ბათუმელი” – ეს წარწერა იმ მშენებარე სახლის ბილბორდზე წერია, რომელსაც ”ანაგი” აშენებს. არის შემთხვევებიც, როცა მსგავსი შინაარსის ბილბორდი ან მერიის დამზადებულია, ან “ნაციონალური მოძრაობის”.

ახლახან ნაციონალურ ტელეარხებზე გამოჩნდა ლუდის რეკლამა: “საქართველოში ბევრი ლუდი დაილია და დასალევი კიდევ ბევრია”.

 ამ ფონზე, უკვე მეორე დღეა, ნაციონალურ სატელევიზიო არხებზე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ვიდეორგოლიც ტრიალებს. გილაური რიგით მოქალაქეებს და განსაკუთრებით ჩინოვნიკებს აფრთხილებს:

 ”არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე ზეწოლა კანდიდატურის მოხსნის მიზნით; ამომრჩევლის ხმის ნაცვლად გასამრჯელოს დაპირება; ამომრჩევლის მოტყუება, თითქოს ხმის მიცემის ფარულობა არ იქნება დაცული და გადამოწმდება, ვინ ვის მისცა ხმა; ხელმძღვანელების მიერ თანამშრომლებზე მუქარა ან ზეწოლა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ამომრჩევლების ხმების სანაცვლოდ მათი ახლობლების საპატიმროებიდან გამოშვების დაპირება და არჩევნების შედეგების, საარჩევნო დოკუმენტების რაიმე ფორმით გაყალბება ან საარჩევნო პროცესის ჩაშლა, ისჯება კანონით”.

 პრემიერ გილაურის მიმართვა ტელეეთერში 29 მაისამდე გავა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ლომჯარია: ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ეწინააღმდეგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპს და ამას ანგარიშებშიც ავსახავთ. საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ხანია იძლევიან რეკომენდაციას, გაიმიჯნოს პარტიული და ადმინისტრაციული საქმიანობა ერთმანეთისგან. საარჩევნო კოდექსი ამას არ არეგულირებს, თუმცა ქართული კანონი სხვას ამბობს, საერთაშორისო სტანდარტი კი – სხვას”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი