საზოგადოება

გზა ტენდერებიდან ციხისკენ

9 ნოემბერი, 2011 • 1836
გზა ტენდერებიდან ციხისკენ

ბათუმის მერია უკვე წლებია ბიუჯეტის ასობით მილიონს, ანუ ხალხის ფულს, საკუთარი შეხედულებით, ანუ ტენდერის გამოცხადების გარეშე ხარჯავს. მერიის დაკვეთებს უკვე წლებია ერთი და იგივე კომპანიები ასრულებენ. ზუსტად ანალოგიური დარღვევისთვის _ ტენდერების არასწორად ჩატარებისთვის _ ბოლო ერთ თვეში პროკურატურამ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა, ხოლო კონტროლის პალატამ პასუხისმგებლობა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დააკისრა.

 

აჭარაში ბიუჯეტიდან გამოყოფილ მილიონებს, ძირითადად, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხარჯავენ. არადა, კანონი ასეთ შემთხვევაში ტენდერის გამოცხადებას ითვალისწინებს. აჭარაში ამ მხრივ ძირითადი მხარჯავი დაწესებულება ბათუმის მერიაა, რომელიც თავის ქმედებას რამდენიმე წელია გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. არც ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის კომპანია ჯერ ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ტენდერი შემდეგ ცხადდება.

ბათუმის მერიამ გადაუდებელი აუცილებლობით და, შესაბამისად, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით წელს ათობით მილიონი ლარი გახარჯა. თანაც ისეთ შესყიდვებზე, როგორიცაა, მაგალითად, დეკორაციული შადრევნის შეძენა

და მშენებლობა, ქუჩების რეკონსტრუქცია, ზღვაში შესული საფეხმავლო პირსისა და რესტორნის სამშენებლო სამუშაოების პროექტის შედგენა, კოშკზე დასამონტაჟებელი საათის, ზარებისა და თოჯინების ფიგურების შეძენა-მონტაჟი, ძველ ბათუმში კოშკების მშენებლობა, შენობების რეაბილიტაცია, მხატვრული ვიტრაჟის, ალუმინის ჟალუზებისა და მოოქროვების სამუშაოები, ლითონის თაღისა და სხვადასხვა ქანდაკების შეძენა მონტაჟი და სხვ (ძველი ბათუმის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს).

`სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ კანონის მიხედვით კი, შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება _ 50 000 ლარს. აგრეთვე, იმ შემთხვევაშიც, თუ საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა, ან არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა.

წელს მერიის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული შესყიდვები კი 50 ათას ლარს აღემატებოდა. ზოგ შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულებები რამდენიმე მილიონზეც კი არის გაფორმებული.

სატენდერო თანხების ასეთი გზით ხარჯვის კანონიერებით ქვეყანაში არც ერთი მაკონტროლებელი არ დაინტერესებულა. თუმცა ინტერესდებიან შესყიდვებით, რომელთა სატენდერო თანხები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელებული შესყიდვების თანხებთან შედარებით მიზერულია.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კონტროლის პალატამ ერთ-ერთი ტენდერის არასწორ ჩატარებაზე პასუხისმგებლობა სატენდერო კომისიის წევრებთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, პაპუნა პეტრიაშვილსაც დააკისრა.

კონტროლის პალატის აუდიტის მასალების მიხედვით, სამინისტროში ამ ერთი ტენდერის გამო ბიუჯეტის პირდაპირმა ზარალმა ათასობით ლარი შეადგინა. მიზეზი, როგორც აუდიტის ჯგუფის უფროსმა _ გიორგი ჯერენაშვილმა განმარტა, ის იყო, რომ შარშან ტენდერში მონაწილე იმ კომპანიას გაამარჯვებინეს, რომელმაც სამინისტროს მეტი თანხა შესთავაზა და არა იმ კომპანიას, რომელიც ანალოგიურ სამუშაოს ნაკლებ ფასად შეასრულებდა.

`შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის გამო ბიუჯეტის პირდაპირმა ზარალმა 61 456 ლარი შეადგინა~, _ განაცხადეს კონტროლის პალატაში.

ამ ლოგიკით, `ბიუჯეტის პირდაპირი ზარალის~ მაგალითია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შარშან და წელს ჩატარებული ორი ტენდერი, რის გამოც ბიუჯეტმა 82 500 ლარი იზარალა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, მიზნობრივი პროგრამის (`მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების შესყიდვა~) ფარგლებში მრავალფუნქციური მოტობლოკის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში შარშან ოთხი კომპანია მონაწილეობდა. ერთ-ერთმა, შპს `ქუთაისის ავტომექანიკურმა ქარხანამ~, სამინისტროს 138 750 ლარი შესთავაზა, გამარჯვებით კი შპს `ჰერმესმა~ გაიმარჯვა, რომლის სატენდერო წინადადებაც 56 250 ლარით მეტი, ანუ 195 000 ლარი იყო.

ანალოგიურ ტენდერში წელს სამი ფირმა მონაწილეობდა. `ჰერმესის~ სატენდერო წინადადება ამჯერადაც 195 000 ლარი იყო. შპს `მსოფლიო ტექნიკა~ კი სამინისტროსგან ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში 167 250 ლარს ითხოვდა. საბოლოოდ, ზეპირი ვაჭრობის საფუძველზე, ხელშეკრულება მაინც `ჰერმესთან~ გაფორმდა, 193 500 ლარზე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოსო თურმანიძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ეს სახელმწიფო შესყიდვები სატენდერო პირობების გათვალისწინებითა და შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერებშიც ზოგ შემთხვევაში იმარჯვებს ის, ვინც სამუშაოს შესრულებაში შედარებით მეტ თანხას ითხოვს, ვიდრე ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი.

მაგალითად, მიმდინარე წელს შპს `ზუგომშენმა~ სკოლების სარეაბილიტაციოდ ხუთ ლოტად გამოცხადებულ ტენდერში ოთხ ლოტში მიიღო მონაწილეობა და ოთხივე მოიგო, თუმცა არა მხოლოდ შეთავაზებული დაბალი ფასის გამო.

ზედა წინსვლის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციოდ `ზუგომშენი~ 232 822 ლარს ითხოვდა, ტენდერში მონაწილე `გონი~ კი _ 28 881 ლარით ნაკლებს, თუმცა `გონს~ დისკვალიფიკაცია მიეცა;

სოფელ ახოს #1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში ტენდერში მონაწილე შპს `ჩირაღდანი~, `ზუგომშენზე~ 15 500 ლარით ნაკლებს, ხოლო ხიჭაურის სკოლის სარეაბილიტაციოდ 9 000 ლარით ნაკლებს ითხოვდა. მიუხედავად ამისა, ორივე ლოტი `ზუგომშენმა~ მოიგო.

ქ. ბათუმის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამის მიწოდების მომსახურებაზე `ი-თი-აი 2000~-მა 4,5 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზა განათლების სამინისტროს, ვიდრე `შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა~, თუმცა, ტენდერში მაინც უნივერსიტეტმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ დანარჩენი ორი ლოტი _ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მოსახლეობისთვის ანალოგიურ მომსახურებაზე, რომელშიც უნივერსიტეტი არ მონაწილეობდა, სწორედ `ი-თი-აი 2000~-მა მოიგო.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესყიდვების განყოფილების უფროსის _ ჯემალ ბოლქვაძის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების საგარანტიო უზრუნველყოფის ვადა ერთი თვით მეტი უნდა ყოფილიყო, თვით ამ წინადადების მოქმედების ვადაზე. `გონის~ მიერ ეს პირობა დაცული არ იყო. კომისიას შეეძლო კომპანიისთვის ამ ვადის დაზუსტების უფლება მიეცა, თუმცა მთავარი პრობლემა ის იყო, რომ `გონმა~ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი ფინანსური შესაძლებლობების შესახებ: `პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა ფულადი სახსრები _ მისი სატენდერო წინადადების 10-პროცენტი, ან უნდა ჰქონოდა გახსნილი საკრედიტო ხაზი ამ თანხაზე, რისი დოკუმენტიც `გონს~ არ წარმოუდგენია~.

რაც შეეხება `ჩირაღდანსა~ და `ზუგომშენს~, ჯემალ ბოლქვაძის თქმით, შეფასება მიმდინარეობდა კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით: `იყო სამი კრიტერიუმი _ სამუშაოს ღირებულება, რაც ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი იყო, გამოცდილება და სამუშაოს შესრულების ვადა. საბოლოო შეფასებით კი მეტი ქულა მიიღო `ზუგომშენმა~. ანალოგიურად, უნივერსიტეტთან მიმართებაშიც, ფასის გარდა, განმსაზღვრელი კრიტერიუმი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დასაქმებულ პედაგოგთა კვალიფიკაცია იყო~.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს სამი ტენდერი ჩაატარა. მათ შორის ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე, რომელშიც ინდმეწარმე `პეტრე დევრიშიძე~ და შპს `მათე მოტორსი~ იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ `მათე მოტორსის~ მიერ შეთავაზებული თანხა, მართალია დიდი ოდენობით არა, მაგრამ მაინც ნაკლები იყო, ტენდერში `პეტრე დევრიშიძე~-მ გაიმარჯვა.

შეთავაზებული მეტი ღირებულებების მიუხედავად, გაიმარჯვა აიპ `მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციამ~ შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების დამზადებაზე გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერშიც, რომელშიც ოთხი იურიდიული პირი მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში გამარჯვებულთან შედარებით ნაკლები ფასი შესთავაზა ტენდერში მონაწილე `ჯეოგრაფიკმა~.

`მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციამ~ გაიმარჯვა საპრივატიზაციო ობიექტების აზომვითი ნახაზების დამზადების მიზნით მიმდინარე წელს გამოცხადებულ ღია ტენდერშიც. თუმცა, ეს კომპანია ამ სამუშაოების შესასრულებლად ტენდერამდე ფასთა კვოტირებით შეარჩია სამინისტრომ. ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდა, რომელშიც მეორე პრეტენდენტი შპს `აჭარსპეცპროექტი~ იყო. ამ შემთხვევაში `აჭარსპეცპროექტმა~ სამინისტროს ტენდერში გამარჯვებულთან შედარებით ნაკლები თანხა შესთავაზა; გამარჯვებულმა იმავე სამუშაოების ძვირად, მაგრამ მოკლე დროში შესრულების წინადადებით მიმართა (პრეტენდენტების მიერ ფასები წარმოდგენილი იყო დიფერენცირებულად ობიექტის ზომების მიხედვით).

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ტენდერებში გამარჯვებულები, სატენდერო პირობებით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით, სამართლიანად შეირჩა. დიდ მნიშვნელობას კი სამინისტროში ვადებს ანიჭებენ.

ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციის შესყიდვების სამსახურს მიმდინარე წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 91 ტენდერი (რამდენიმე ლოტად) აქვს ჩატარებული, რომელშიც 114 იურიდიული თუ ფიზიკური პირი მონაწილეობდა. მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა, ბათუმის მერიამ ტენდერებში მონაწილეთა მიერ შეთავაზებული წინადადებები და ტენდერში გამარჯვებულთა სრული რეესტრი არ მოგვაწოდა.

როგორც სახელმწიფო უწყებებში აცხადებენ, სატენდერო პირობებში პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული ფასის ოდენობა ერთ-ერთი განმსაზღვრელია გამარჯვებისთვის, თუმცა არა გადამწყვეტი; და რომ ხშირად სხვა კრიტერიუმებითაც ავლენენ გამარჯვებულს, რაც ფასს მნიშვნელობას უკარგავს. აღსანიშნავია, რომ კრიტერიუმებს, რომლებიც ტენდერში მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს, სატენდერო კომისია განსაზღვრავს.

კონტროლის პალატამ ისიც აღნიშნა, რომ ფირმას, რომელიც გაცილებით ძვირად შეასრულებდა სამუშაოს, რაზეც ტენდერი იყო გამოცხადებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უპირატესობა სწორედ ტექნიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მიანიჭა. ანუ, იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც სატენდერო კომისიას ჰქონდა დადგენილი. მიუხედავად ამისა, კონტროლის პალატამ ეს მაინც ბიუჯეტის პირდაპირ ზარალად მიიჩნია.

როგორც `ბათუმელებს~ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე კონტროლის პალატის აუდიტის დასკვნას შიდა საგამოძიებო სამსახურები სწავლობენ და ამ პროცესის დასრულებისთანავე იქნება შესაბამისი რეაგირებაც. სხვა კომენტარს სამინისტროში ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

კონტროლის პალატას ფინანსთა სამინისტროში ჩატარებული აუდიტის დასკვნა პროკურატურაში არ გადაუგზავნია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს _ ნიკოლოზ ფრუიძეს კი ერთ-ერთი ტენდერის გამო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფრუიძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამართულ ტენდერში უკანონოდ გაამარჯვებინა კლასელს და ახლო მეგობარს, კომპანია `ენ-ფარმა +~-ის დირექტორს, ბესარიონ გოცირიძეს.

კერძოდ, როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ნიკოლოზ ფრუიძის უკანონო მითითების საფუძველზე სატენდერო კომისიამ დაუსაბუთებლად და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ მიანიჭა უპირატესობა შპს `ენ-ფარმა +~-ს, რის შედეგადაც 5,8 ლარად ღირებული პრეპარატი სახელმწიფოს მიერ შეძენილია სამჯერ მეტ ფასად _ 17 ლარად.

და ბოლოს, აჭარის კონტროლის პალატა გასულ წელს ბათუმის მერიის შემოწმებასაც ცდილობდა. თუმცა, ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. რამდენიმე კვირის მუშაობის შემდეგ კონტროლის პალატის თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს _ ისინი მერიიდან გააძევეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი