საზოგადოება

გაუგებარი რეფორმა

9 ნოემბერი, 2011 •
გაუგებარი რეფორმა

შპს `ბლოკ ჯორჯიას~ აჭარაში 30-მდე საავადმყოფო ჩამოართვეს. სამი წლის განმავლობაში საავადმყოფოების ფლობის სანაცვლოდ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ინვესტორს სანქცია არ დაკისრებია. სამედიცინო დაწესებულებებს ამჟამად უკვე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს და მის შემდგომ ბედსაც იგი გადაწყვეტს. პარალელურად აჭარაში ახალი საავადმყოფოების მშენებლობები იწყება.

`ბლოკ ჯორჯია~ აჭარაში

საავადმყოფოები `ბლოკ ჯორჯიას~ 2007 წელს გადაეცა და მათი უძრავ-მოძრავი ქონების სანაცვლოდ კომპანიას აჭარაში ოთხი სამედიცინო დაწესებულების აშენება დაევალა, ქედასა და შუახევში 15-15-საწოლიანი კლინიკის, ქობულეთში 80-საწოლიანის, ხოლო ბათუმში 310-საწოლიანის.

`ბლოკ ჯორჯია~ აჭარის საავადმყოფოების მენეჯმენტში არ ერეოდა. როგორც ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი, ჯემალ შოთაძე აცხადებს, მათ მეპატრონესთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ: `გვიკავშირდებოდნენ და სტატისტიკურ მონაცემებს გვთხოვდნენ.

მხოლოდ ერთხელ იყვნენ ჩამოსულები კლინიკის ფოტოების გადასაღებად. სხვა არანაირი შეხება არ გვქონია~.

შპს `რესპუბლიკური საავადმყოფოს~ დირექტორი, მინდია ნაკაშიძე კი აცხადებს, რომ `ბლოკ ჯორჯიას~ ნომინალურად ექვემდებარებოდნენ: `რას გეგმავდა მეპატრონე ჩვენთან მიმართებაში, არ ვიცი. ამაზე საუბარი არავისთან გვქონია. `ბლოკ ჯორჯიას~ საწარმოდან მოგების შემთხვევაში შეეძლო წილის წაღება~.

ნაკაშიძის თქმით, `ბლოკ ჯორჯიას~ საავადმყოფოების პროექტის პრივატიზაცია გაურკვეველი იყო: `არ ვიცი, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. არანაირი კოორდინაცია საავადმყოფოებს შორის არ იყო. არადა, ეს შეიძლებოდა მენეჯმენტშიც და პროექტებშიც. მაგალითად, თუ ერთიანად დავუკვეთავდით პრეპარატებს, იაფად შევიძენდით. ასევე შეიძლებოდა სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაშიც~.

 

`ბლოკ ჯორჯიას~ ვალდებულებები

`ბლოკ ჯორჯიამ~ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა აგვისტოს ომის შემდეგ, ომსა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს გადააბრალა. 2009 წლის 12 იანვარს ამ მოტივით საქართველოს მთავრობამ კომპანიას ვალდებულება 2012 წლამდე გაუგრძელა. თუმცა 2010 წლის დასაწყისში აშკარა გახდა, რომ `ბლოკ ჯორჯიამ~ სამუშაოები ვერ დაიწყო, ე.ი ხელშეკრულების პირობებს ვერ შეასრულებდა.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, შეთანხმების დარღვევის გამო, კომპანია უნდა დაეჯარიმებინათ. თანხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თითოეული საავადმყოფოს პროექტის ღირებულების 0,01 პროცენტით განისაზღვრა. ხელშეკრულების საერთოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში საგარატნიო თანხის ჩამორთმევაც იყო გათვალისწინებული. ეს სანქციები საქართველოს მთავრობამ `ბლოკ ჯორჯიას~ გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ `ბლოკ ჯორჯიას~ საბანკო გარანტია სადაზღვევო კომპანია `ვესტიმ~, მთლიანობაში 53 მილიონზე მისცა.

მართლაც, 2010 წლის ზაფხულში, `ბლოკ ჯორჯიას~, `ბლოკ ინვესტსა~ და `მედიმექს~ მთლიანობაში 61 საავადმყოფო ჩამოერთვათ. საქართველოს მთავრობის 4 ივნისის #699 განკარგულებით კომპანიები ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ყველა სახის სანქციისაგან გათავისუფლდნენ. ამას საფუძვლად `საქართველოს ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-12(1) მუხლი დაედო. ეს მუხლი კი კანონს მიმდინარე წლის მარტში დაამატეს. ანუ, მას შემდეგ, როცა გაირკვა, რომ `ბლოკ ჯორჯიას~ საავადმყოფოები უნდა ჩამორთმეოდა.

 

100 ახალი საავამდყოფო

ხელისუფლება `ჰოსპიტალური განვითარების პროექტით~ 2007 წელს გამოვიდა, რომელიც უახლოესი აპარატურით აღჭურვილი 100 ახალი საავამდყოფოს აშენებას ითვალისწინებდა. ხელისუფლებამ პროექტის სასწრაფო რეალიზების მიზნით საქართველოში არსებული 100-ზე მეტი საავადმყოფო პირდაპირი მიყიდვის წესით სამ კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1000 დოლარად გადასცა. მალე პროექტის განხორციელებაზე ფარმაცევტულმა კომპანიებმა _ `პსპ~-მ და `ავერსმა~ უარი განაცხადეს. პროექტის ერთადერთი განმხორციელებელი, ფაქტობრივად, სამშენებლო კომპანია `ბლოკ ჯორჯია~ დარჩა (პროექტში შპს `ბლოკ ინვესტ~ და შპს `მედიმექიც~ მონაწილეობდნენ).

 

ტენდერი

2007 წლის 13 აპრილს საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ `ჰოსპიტალური განვითარების პროექტის~ ფარგლებში პირველი ტენდერის შედეგები შეაჯამა.

იურისტ დავით შაკიაშვილის განცხადებით, ტენდერი დარღვევებით ჩატარდა: `კანონით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის ნაცვლად, შედეგები 14 დღეში შეაჯამეს. ყველაფერი `ბლოკ ჯორჯიას~ ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა~.

საკონკურსო პირობების თანახმად, ის კომპანია გაიმარჯვებდა, რომელსაც ექნებოდა მაქსიმალური თანხის საბანკო გარანტია. დოკუმენტების მიხედვით, კონკურსში მონაწილე მეორე კომპანიამ საგარანტიო თანხად 6, 200 მილიონ ლარი წარადგინა. კომპანია `ბლოკ ჯორჯიამ~ კი _ მხოლოდ საგარანტიო წერილი, რომელიც სადაზღვევო კომპანია `ვესტის~ ჰქონდა გაცემული. საგარანტიო წერილში საუბარი იყო 13 მილიონ ლარზე. `ბლოკ ჯორჯია~ გამარჯვებულად ამ წერილის საფუძველზე გამოცხადდა.

სადაზღვევო კომპანია `ვესტი~ ქალაქ ფოთშია რეგისტრირებული. ამ კომპანიის მიერ გაცემულ საგარანტიო წერილზე ხელს აწერს არა უფლებამოსილი პირი, გენერალური დირექტორი ალექსანდრე ჭითანავა, არამედ კომერციული დირექტორი მაზმიშვილი. ამის შესახებ ქალაქ თბილისის მე-4 საავამდყოფოს პროფკავშირული ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს მთავრობას მიმართეს ღია წერილით: `საგარანტიო წერილი გაცემული აქვს ორგანიზაცია `ვესტის~, რომლის საწესდებო კაპიტალიც 2 ათას ლარს არ აღემატება. თავის მხრივ `ვესტიმ~ რისკები გადააზღვია ყველასათვის უცნობ ყაზახურ კომპანია `ევრაზიასთან~.

`100 საავადმყოფოს პროექტის~ ფარგლებში საეჭვო პრივატიზების ფორმაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ მეტრეველი: `თავდაპირველად საქართველოს ჯანდაცვის სტრატეგიით დავინტერესდით. მსგავსი დოკუმენტი ვერ მოვიპოვეთ. გვითხრეს, რომ დამუშავების პროცესი მიმდინარეობდა. ანუ სტრატეგიული განვითარების გეგმის არქონის დროს განხორციელდა ჯანდაცვის ობიექტების პრივატიზაცია, პირდაპირი მიყიდვის ფორმით. ხელშეკრულებით ახალი საავადმყოფოებისთვის პროფილი 7 წლით უნდა შეენარჩუნებინათ. ამ დროის გასვლის შემდეგ მყიდველის მიერ საავადმყოფოებისთვის პროფილის შეცვლის, ან ზოგიერთი, კომერციულად არამომგებიანი სამედიცინო დარგის გაუქმების საშიშროება იქმნებოდა~.

 

ჩეხური პროექტი

`100 საავადმყოფოს პროექტის~ შესახებ ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს ითქვა. `ბლოკ ჯორჯია~ ქართულ-ჩეხურ კომპანიად გამოცხადდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ პროექტს ჩეხეთის მთავრობა დააფინანსებდა. ამ საკითხზე ჩეხეთის მთავრობასთან საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა. 2009 წლის აგვისტოში ორი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა დადეს ხელშეკრულება 200-მილიონიან ინვესტიციაზე. აქედან 120 მილიონი ევრო `ბლოკ ჯორჯიას~, ხოლო 80 მილიონი მეორე ქართულ-ჩეხურ კომპანია `ენერგო-პროს~ უნდა გადასცემოდა.

საბოლოოდ ჩეხური პროექტი ჩავარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ჭელფარე Fოუნდატიონ-ის ხელმძღვანელი სიმონ გაბრიჩიძე ამბობს, რომ ჩეხებმა პროექტის დაფინანსებას დიდი რისკის გამო აარიდეს თავი: `ბლოკ ჯორჯიას~ ბევრი პატარა კლინიკა უნდა აეშენებინა. ზოგადად 200 საწოლზე ნაკლები კლინიკის აშენება წამგებიანია. საქართველოში კი ათეულობით 15-დან 30-მდე საწოლიანი კლინიკის აშენება იგეგმებოდა~.

გამოიკვეთა, რომ `ბლოკ ჯორჯიას~ ნაკისრი ვალდებულებები მისსავე მფლობელობაში არსებული საავადმყოფოების შემოსავლებით უნდა შეესრულებინა. `ჩვენს პირობებში, როცა მოსახლეობის უმეტესობა გადახდის უუნაროა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ასეთი გრანდიოზული საავადმყოფოების აშენება~, _ ამბობს გაბრიჩიძე.

იმავე აზრს ავითარებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მინდია ნაკაშიძეც: `200-საწოლიანი საავადმყოფოს აშენებას და ფორმაში ჩასმას დაახლოებით 30 მილიონი სჭირდება. მოგების სახით ამ თანხის მიღება სამედიცინო საქმიანობიდან, დღესდღეობით შეუძლებელია~.

 

ჯანდაცვის ახალი პროექტები

`100 საავადმყოფოს პროექტის~ ჩავარდნის შემდეგ მას ახალი პროექტი ჩაენაცვლა. აჭარაში სადაზღვევო კომპანია `იმედი L~ 6 ახალ საავადმყოფოს ააშენებს. კომპანიის პიარმენეჯერის, ნატო ვარძელაშვილის განცხადებით, `იმედი L ~ საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში უკვე აშენებს საავადმყოფოს ქედაში: `ჩვენ შევიძინეთ მიწა და ვიწყებთ კლინიკის მშენებლობას. მიწა შევისყიდეთ ასევე ჩაქვშიც. საავადმყოფოებს ავაშენებთ ქობულეთში, ბათუმში, შუახევსა და ხულოშიც. მათით სარგებლობის საშუალება აჭარის მცხოვრებლებს 2011 წლის ბოლოსთვის ექნებათ~.

ჭელფარე Fოუნდატიონ-ის ხელმძღვანელის სიმონ გაბრიჩიძის თქმით, ამჯერად უფრო სრულყოფილი პროექტია მომზადებული: `ჯერჯერობით, სადაზღვევო კომპანიებს პროექტის განხორციელების მეტი მოტივაცია აქვთ. ხელშეკრულებები უფრო მკაფიოა. თუმცა სადაზღვევო კომპანიებს მოგვიანებით მათთან დაზღვეულ კლიენტებთან შესაძლოა პრობლემები შეექმნათ~.

მასალების გადაბეჭდვის წესი