ახალი ამბები

უნდა გამოცხადდეს თუ არა 6 დეკემბერი გლოვის დღედ? — თალაკვაძემ პასუხს თავი აარიდა

5 დეკემბერი, 2022 • 860
უნდა გამოცხადდეს თუ არა 6 დეკემბერი გლოვის დღედ? — თალაკვაძემ პასუხს თავი აარიდა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ არ გასცა პასუხი კითხვას, უნდა გამოცხადდეს თუ არა 6 დეკემბერი გლოვის დღედ.

5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. წინა დღეებში უკრაინაში ომს ასევე ემსხვერპლა ლანჩხუთელი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას სამძიმარი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

განახლება: 5 დეკემბრის 14:00 საათის ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიუსამძიმრა უკრაინაში გარდაცვლილთა ოჯახებს და ასევე განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები “ომის პარტიას” მიჰყავს.

სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები “ომის პარტიას” მიჰყავს უკრაინაში — ღარიბაშვილი

თალაკვაძეს ჰკითხეს 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. თითოეული ადამიანი, ვინც დაიღუპა, თითოეული ადამიანი, რომელიც დავკარგეთ – ჩვენთვის არის ძალიან ღირებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაიღუპნენ. თუმცა, უნდა გვესმოდეს ასევე, რომ საქართველოს აქვს უკვე გავლილი ის მძიმე ომი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, ჩვენი ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია გრძელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რა თქმა უნდა, საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის თუ რას ნიშნავს სამხედრო აგრესია, თუ რას ნიშნავს ომი და თუ რას ნიშნავს ბრძოლა თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეს ომი დასრულდეს დროულად, რომ უკრაინის მშვიდობიანი ხვალინდელი დღე იყოს გარანტირებული, ასევე მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და პირველად მაღალ დონეზე აღიარებულ იქნა საქართველოს ევროპული პერსპექტივა,“ – თქვა მან.

ნეტგაზეთის დამატებით კითხვაზე: ის, რომ საქართველომ იწვნია თავის თავზე რუსული აგრესია ეს უფრო მეტ საფუძველსა და უფრო ლოგიკურს არ ხდის, რომ 6 დეკემბერი გამოცხადებულიყო გლოვის დღედ და რატომ არ მოხდა ეს? თალაკვაძე კვლავ არ იძლევა კონკრეტულ პასუხს და ამბობს:

„საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ ფორმატში მხარი დავუჭირეთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის, ყველა მძიმეწონიან რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლებამ [მარი დაუჭირა] და მოქალაქეებმა მობილიზება გაუკეთეს ჰუმანიტარულ დახმარებას.

ათიათასობით ადამიანი დღეს დევნილობაში იმყოფება უკრაინიდან საქართველოში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოვხატოთ მათ მიმართ პატივისცემა, სოლიდარობა, რომ მათ საქართველოში თავი იგრძნონ დაცულად. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობას და განვაგრძობთ იმ პროგრამებსა და ინიციატივებს, რომლებიც უკრაინელების დასახმარებლად საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ არის შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ძლიერი მხარდაჭერა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელების მიმართ,“ — აღნიშნა თალაკვაძემ.

დამატებითი კითხვების საპასუხოდ, მათ შორის, იმაზე, თავად თალაკვაძეს პერსონალურად რა დამოკიდებულება აქვს ამ ინიციატივაზე, ვიცე-სპიკერი აღარ პასუხობს: „მე მგონი გიპასუხეთ ამომწურავად“.

თალაკვაძე დღეს, 5 დეკემბერს, ფორუმს „მამაცი და ერთიანი: დახმარების ფორმულა“ დაესწრო, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობასა და იმ დახმარებას ეხებოდა, რომელიც საქართველომ უკრაინას გამოუჩინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი