ახალი ამბები

მინდა ქედი მოვიხარო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა წინაშე – თალაკვაძე

5 დეკემბერი, 2022 • 1125
მინდა ქედი მოვიხარო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა წინაშე – თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს უსამძიმრებს.

აღნიშნული განცხადება მან დღეს, 5 დეკემბერს, ფორუმზე – „მამაცი და ერთიანი: დახმარების ფორმულა“- სიტყვით გამოსვლისას გაააკეთა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს რაც შეუძლია,  ყველაფერს აკეთებს  უკრაინის მხარდასაჭერად.

„მე მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ პატივი მივაგო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს და პატივი მივაგო ყველას, მათ შორის, სამოქალაქო პირებს, რომლებიც, სამწუხაროდ, რომლებიც ამ ომში დაეცნენ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლას და  მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დაიღუპნენ. მათ შორის არიან ქართველი მეომრებიც, სულ ბოლოს 5 ქართველი მეომარი შეეწირა უკრაინაში ბრძოლებს და მანამდე კიდევ ერთი ქართველი მეომარი ჩამოასვენეს საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ქედი მოვიხარო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თბილისში მიმდინარეობს ფორუმი – “მამაცი და ერთიანი: დახმარების ფორმულა”. ფორუმის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა და ის დახმარებაა, რომელიც საქართველომ უკრაინას აღმოუჩინაომის დაწყების შემდეგ. ფორუმში მონაწილეობას იღებს როგორც საერთაშორისო არასამთავრობო სექტორი, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და პარტია “საქართველოსთვის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.


5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სამძიმარი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი ბოლოს გამოხატა 21 მარტს, 3 ქართველის დაღუპვიდან 4 დღის დაგვიანებით.

6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ, პრემიერს სამძიმარიც არ გამოუთქვა

მასალების გადაბეჭდვის წესი