საზოგადოება

6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ, პრემიერს სამძიმარიც არ უთქვამს

4 დეკემბერი, 2022 •
6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ, პრემიერს სამძიმარიც არ უთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დრომდე [20:15, 04/12] არ გამოუცხადებია სამძიმარი უკრაინაში ერთდროულად 5 ქართველის დაღუპვის გამო.

ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს განცხადებით მიუსამძიმრა.

“5 ქართველის გარდაცვალება თავისუფლებისთვის ბრძოლაში უნდა შეიმჩნიოს ხელისუფლებამ! დიდება გმირებს!”, – წერს ეკა ბესელია, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი.

ბახმუტთან საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამგლოვიარო აქცია გაიმართა. “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის მერიის მიერ განთავსებულ ინსტალაციასთან „მშვიდობის ქალაქი“ შავ ლენტები შეაბეს.

 

ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს.

„როდესაც ამ ქვეყნის შვილები მტერთან ბრძოლაში გმირულად იღუპებიან, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოს. დაწეული დროშებით, სიმბოლურად მაინც ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ისევ ერი გვქვია, რომ ისევ გვაქვს მცირე სინდისი მაინც? რომ ცხოვრებას დანაკარგის იგნორირებით კი არა – მისი შემჩნევით, დაფასებითა და მომავლის იმედად ვაგრძელებთ? როგორია ცხოვრება მშვიდობის ქალაქად შეფუთულ კოლაბორაციონიზმისა და სირცხვილის ქალაქში?“, — აცხადებს „სირცხვილია“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს და ჰკითხა, აპირებს თუ არა მთავრობა გლოვის დღის და სამძიმრის გამოცხადებას, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი ბოლოს 21 მარტს, 3 ქართველის დაღუპვიდან 4 დღის დაგვიანებით გამოხატა.

განახლება: პრემიერ-მინისტრმა საზოგადოების ორდღიანი კრიტიკის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს 5 დეკემბერს, მთავრობის სხდომიდან მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები „ომის პარტიას” მიჰყავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი