ახალი ამბები

ვოლსკი ომის საფრთხით ხსნის მთავრობის პოლიტიკას, არ იდენტიფიცირდებოდეს უკრაინაში მებრძოლებთან

5 დეკემბერი, 2022 • 1084
ვოლსკი ომის საფრთხით ხსნის მთავრობის პოლიტიკას, არ იდენტიფიცირდებოდეს უკრაინაში მებრძოლებთან

„მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ვინც გლოვობს“, — ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი კრიტიკას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება არასათანადოდ გლოვობს უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არათუ ხელისუფლების წარმომადგენლები, გულწრფელად, უამრავი ადამიანი განიცდის. არ მეგულება არავინ — არც ხელისუფლებაში, არც მხარდამჭერებში, ვინც [არ განიცდის]… მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს. რასაკვირველია, პირადად მეც ვუსამძიმრებ. ამ ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი — ცოლი, დედა, ოჯახის წევრები, ბავშვები — უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მეც პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, გვბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა“,  — განაცხადა ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ვერ იტყვის, რომ ოპოზიციის მხარეს არ არის გულწრფელი სინანული და გლოვა, თუმცა „რეალურად ვხედავთ, რომ ამ თემის პოლიტიკური რაკურსით გამოყენება და ომის თემის ახლიდან წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება“.

გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, არის გლოვა, მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში ხდება.

„პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ არ მოხდეს იდენტიფიცირება, ან არავის მიეცეს იმის საშუალება, რომ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართულობის რაღაც ელემენტზე დაიწყოს ლაპარაკი და ეს შემდგომ გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ლაპარაკია რუსეთზე; და არა მარტო გამოიყენოს პოლიტიკური სპეკულაციებისათვის, არამედ გარკვეულ სტრატეგიულ გეგმას დაუქვემდებაროს თავისი მოქმედებები, რომლის მომსწრეც ვიყავით და რომლის შედეგებს ახლა ვუყურებთ. ჩვენ თვალწინ ვითარდება სურათი, რომ რუსეთის ფედერაციის ასეთი მდგომარეობა, რაშიც ახლა აღმოჩნდა, შესაძლოა გახდეს იმის წინაპირობა, რომ აგრესიის განვითარების მიმართულებამ რაკურსი შეიცვალოს და საქართველო აღმოჩნდეს სამიზნე“, — განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, არსებობენ უფრო ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც კატეგორიულად აცხადებენ, რომ არავითარი კავშირი არ აქვთ იმ ადამიანებთან, ვინც საბრძოლველად მიემართება უკრაინაში.

„ეს პრაგმატიზმი, დამოკიდებულება და ეს დრამატიზმი, რომელიც არსებობს, უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობას ქმნის, მაგრამ ადამიანებმა, ვინც ამ ცხედრებთან არიან დახრილები და მოთქვამენ, უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ — ადამიანები, ვინც ამ ბრალდებებს წარმოთქვამენ, არიან ისინი, რომლებმაც ჩვენი დაღუპული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები ბრძოლის ველზე მიატოვეს“, — დასძინა ვოლსკიმ.

ხუთი ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სამძიმარი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი ბოლოს გამოხატა 21 მარტს, 3 ქართველის დაღუპვიდან 4 დღის დაგვიანებით.

6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ, პრემიერს სამძიმარიც არ უთქვამს

მასალების გადაბეჭდვის წესი