ახალი ამბები

სააკაშვილის მეგობარი ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა – კობახიძე

29 ნოემბერი, 2022 • 1331
სააკაშვილის მეგობარი ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა – კობახიძე

„ხომ არ გვაქვს ადგილი სიმულაციასთან“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობდნენ.

კობახიძემ სააკაშვილზე საუბრისას პარალელი გაავლოს უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან. მისი თქმით, პატიმრობაში ყოფნისას იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც „უამრავი სიმულაცია“ იყო.

„ვერც ერთი თქვენგანი ვერ საუბრობთ დიაგნოზზე. ვერაფერს ამბობთ დიაგნოზზე და ასევე ვერ ამბობთ, ემორჩილება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებას და ა.შ. ასეთ პირობებში ყველაფერი ცარიელი სპეკულაციაა.

მე შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან ეტლით გამოვიდა. მანამდე იყო უამრავი სიმულაცია. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი გამოჩენა ეტლით. მეორე დღეს წამოხტა ქალბატონი ტიმუშენკო ეტლიდან, რატომ? – იმიტომ, რომ სიმულაცია იყო. ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე ამ შემთხვევაშიც? ამ კითხვებზე პასუხია გასაცემი და  პირველ რიგში სწორედ დიაგნოზით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, დღეს დილით, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთა აცხადებდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე „პოლიტიკური კომენტარები ვერ გაკეთდება”.


28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

პროცესის გამართვამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას სასამართლოს სხდომაზე დასწრება სურდა.

თუმცა, როგორც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი