ახალი ამბები

“პოლიტიკური კომენტარები ვერ გაკეთდება” – კობახიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

29 ნოემბერი, 2022 • 566
“პოლიტიკური კომენტარები ვერ გაკეთდება” – კობახიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები მიიღებენ.

ამის შესახებ მან დღეს, 29 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას გაანცხადა. კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილს გუშინ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ხელისუფლებას შეეშინდა საზოგადოების რეაქციის, თუ ხალხი სააკაშვილს მძიმე მდგომარეობაში ნახავდა.

„სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სასჯელაღსრულებისა და შესაბამისი დაწესებულების ფუნქცია. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური კომენტარები, ბუნებრივია, ვერ გაკეთდება. შესაბამის ზომებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და სამედიცინო დაწესებულებები. პატიმრების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები და ეს ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე. პატიმრის უფლებები დაცულია საქართველოში“,- განაცხადა კობახიძემ.


წარსულში ირაკლი კობახიძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაერთი საკამათო განცხადება გაუკეთებია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი „სიმულანტობს“  და ამის ხარჯზე ცდილობს საპატიმროს თავი დააღწიოს.

28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

პროცესის გამართვამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას სასამართლოს სხდომაზე დასწრება სურდა.

თუმცა, როგორც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი