ახალი ამბები

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს არაფორმალური გავლენების კვალი — მელია ენმ-ში მიმდინარე პროცესზე

27 ნოემბერი, 2022 • 830
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს არაფორმალური გავლენების კვალი — მელია ენმ-ში მიმდინარე პროცესზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტების ქმედებებში არაფორმალური გავლენების კვალი ჩანს.

როგორც მელია 27 ნოემბერს, პირად ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, ყველა კანდიდატი ფოკუსირებული იყოს საერთო საკითხზე — როგორ გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილი და როგორ მოითხოვონ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უფრო მძიმდება. ოჯახის და ადვოკატების ინფორმაციით, ავტორიტეტული ექსპერტების დასკვნები დასრულებულია და შესაბამისად, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს ამ დღეებში მიმართავენ შუამდგომლობით.

„შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მისაღებია კონკრეტული გადაწყვეტილება. სწორედ აქ უნდა ვიყოთ ერთიანები და პატივი ვცეთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და ნაციონალური მოძრაობის წინაშე — მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა“, — წერს მელია.

როგორც ენმ-ის ამჟამინდელი თავმჯდომარე წერს, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა უკვე გასცდა ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

„ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული/არაფორმალური გავლენების კვალი“, — აღნიშავს მელია.

ის მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარება უადგილო იყო, თუმცა შექმნილმა ვითარებამ აჩვენა, რომ ის რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს, რათა პარტია დროულად ფოკუსირდეს ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე.

„ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ საერთო ბრძოლაში დავმარცხდებით!“, — წერს მელია.


ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები პარტიაში ნიკა მელიასთან დაპირისპირებულმა ჯგუფმა რამდენიმე კვირის წინ მოითხოვა. თავმჯდომარეობის სურვილი მალევე გამოთქვეს ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ. პოლიტიკოსმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი 26 ნოემბერს განაცხადა, რომ თავადაც ფიქრობს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაზე.

მიუხედავად ბრალდებებისა, ლევან ხაბეიშვილი უარყოფს, რომ მას თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ზურგს უმაგრებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტვ „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი.

ასევე, ენმ-ის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. თავის მხრივ, ხაბეიშვილმა ვანო მერაბიშვილზე უარყოფითი განცხადების გამო ირიბად გააკრიტიკა ნიკა მელია, რომელმაც 2020 წელს თქვა, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილიც იქნება. ხაბეიშვილის აზრით, ამ საკითხზე „ვიღაცების რიტორიკა დაემსგავსა კობახიძის რიტორიკას…“.

თანაპარტიელი ოპონენტები ნიკა მელიას აკრიტიკებენ უმოქმედობის გამო და მიიჩნევენ, რომ პარტია უფრო პროაქტიულად უნდა იყოს ჩართული სხვადასხვა პროცესში, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნასა და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაში.

თავად მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ დისტანცირებულია პარტიაში მიმდინარე პროცესებიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი