ახალი ამბები

„ვიმსჯელებთ“ – კობახიძე NGO-ების დაფინანსების რეგულირებაზე

18 ნოემბერი, 2022 • 689
„ვიმსჯელებთ“ – კობახიძე NGO-ების დაფინანსების რეგულირებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ ინიციატივას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას“ შეეხება, ჯერ გაეცნობიან და შემდეგ იმსჯელებენ დაუჭირონ თუ არა მხარი მას მმართველი პარტიის წევრებმა.

თუმცა კობახიძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანი NGO სექტორის სიკვდილი არ არის.

„როდესაც „ხალხის ძალა“ აქვეყნებს წერილებს, ჩვენ ამ წერილებზე კომენტარს ვერ ვაკეთებთ. ჩვენ არ ვიცით, რა ინიციატივაა, როცა იქნება წარმოდგენილი, რეგლამენტის მიხედვით განიხილება ნებისმიერი ინიციატივა, მათ შორის ესეც.

მე წავიკითხე, ისინი ამბობენ, რომ საუკეთესო დასავლური პრაქტიკის მიხედვით რაღაცა უნდათ, შემოგვთავაზონ. ვნახავთ, რა არის ეს, რამდენად შეესაბამება დასავლურ პრაქტიკას და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ.  NGO სექტორის სიკვდილი არ არის ჩვენი მიზანი. ამიტომ, ვნახავთ რა არის ინიციატივის შინაარსი, ამის მიხედვით ვიმსჯელებთ. არავის არავის სიკვდილი არ უნდა“, – განაცხადა კობახიძემ.

კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც „ხალხის ძალას“ წარმოადგენენ, აცხადებენ, რომ კანონპროექტს მოამზადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად“.

„ხალხის ძალა“, რომელიც გამოირჩევა ანტიდასავლური გზავნილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს აშშ-ის აგენტურად მოიხსენიებს.

ირაკლი კობახიძის თქმით,  თავს შეიკავებს საჯაროდ იმაზე საუბრისგან,  თუ ვის დავალებებს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებსა და მათ მიზნობრიობაზე საუბარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა.  „ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ NGO-ების დაფინანსების უდიდესი ნაწილი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

თუმცა მმართველი პარტია რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ „ამ ეტაპზე  არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას არ გეგმავს“.

მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ გამორიცხავდა, რომ ხელისუფლების მიერ მათი დაფინანსების შესახებ საუბრის გააქტიურება სამომავლოდ შეიძლება ემსახურებოდეს მესამე სექტორის საქმიანობის დარეგულირებისთვის ნიადაგის მომზადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი