ახალი ამბები

ოსტინი ხსნის, თუ რატომ ეკისრება პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის პასუხისმგებლობა რუსეთს

16 ნოემბერი, 2022 • 1334
ოსტინი ხსნის, თუ რატომ ეკისრება პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის პასუხისმგებლობა რუსეთს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, თუმცა ინციდენტის გამო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

„ჩვენ კვლავ ვიღებთ ინფორმაციას, მაგრამ ხელთ არაფერი გვაქვს, რაც დაუპირისპირდება პრეზიდენტ დუდას აქამდე გამოთქმულ შეფასებას, რომ ყველაზე მეტად სავარაუდოა, მომხდარი აფეთქება გამოიწვია უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის რაკეტამ, რომელიც, სამწუხაროდ პოლონეთში ჩამოვარდა.

რაც არ უნდა იყოს საბოლოო შედეგი, მსოფლიომ იცის, რომ ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, – განაცხადა ოსტინმა.

მისი განცხადებით, რუსეთმა აირჩია, რომ თავს დაესხას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ხოლო უკრაინას აქვს უფლება, თავი დაიცვას.

მისივე განცხადებით, მჭიდრო კომუნიკაცია აქვს უკრაინულ მხარესთან და ნათელი ხდება, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის უკეთესი საშუალებები.

პოლონეთის აღმოსავლეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, რაკეტა გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.რაკეტის გასროლაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა ამ უკანასკნელმა მომხდარში მისი მონაწილეობა გამორიცხა და ფაქტს „მიზანმიმართული პროვოკაცია“ უწოდა.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ასევე პოლონური მხარის თანახმად, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი