საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, ასევე, გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები.
„ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში“, — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე, შავი ზღვის ფართო რეგიონში.
შეხვედრის შესახებ პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარების ზრდაზე საქართველოსთვის. თავდაცვის დეპარტამენტმა იანვარში აცნობა კონგრესს საქართველოს უსაფრთხოების დაფინანსების შესახებ 33 მილიონი აშშ დოლარით.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველო რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკში შევიყვანეთ, რათა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ეს გადაწყვეტილება ასახავს იმ ღირებულებას, რომელსაც ვანიჭებთ ჩვენს ორმხრივ თავდაცვის ურთიერთობებს და პარტნიორობას”, — განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.
მან აღნიშნა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და მხარი დაუჭირა მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში“, — თქვა ოსტინმა.
მისი თქმით, ქართული სამხედრო ნაწილები აშშ-სა და ნატოს ძალებთან ერთად მსახურობდნენ და სწირავდნენ მსხვერპლს კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც.







