საზოგადოება

აშშ საქართველოს თავდაცვის გაძლიერების მიზნით $35 მლნ-ს გამოუყოფს

27 აპრილი, 2022 • 893
აშშ საქართველოს თავდაცვის გაძლიერების მიზნით $35 მლნ-ს გამოუყოფს

შეერთებული შტატები საქართველოს 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს თავდაცვის გაძლიერების მიზნით. ეს აშშ-ის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ გამოყოფილი მორიგი სამხერდო დამხარების ნაწილი იქნება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი მოხმარდება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. დანარჩენი თანხა კი განაწილდება ბალკანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე.

„საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი