ახალი ამბები

სტუდენტს, რომელსაც თსუ-ში გამოცდისას ჭერის ნაწილი დაეცა, ტვინის შერყევა აქვს

16 ნოემბერი, 2022 • 889
სტუდენტს, რომელსაც თსუ-ში გამოცდისას ჭერის ნაწილი დაეცა, ტვინის შერყევა აქვს

სტუდენტს, რომელსაც თსუ-ში გამოცდისას ჭერის ნაწილი დაეცა, ტვინის შერყევა აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუდასტურეს.

თსუ-ის პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ ამჯერად უთხრეს, რომ სტუდენტს ჭერის ნაწილი მხარზე დაეცა, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნეს, რომ ახალგაზრდას ტვინის შერყევის დიაგნოზი აქვს:

„თავზე არ დასცემია, მხარზე დაეცა. გუშინ გავიგეთ ეს ჩვენ. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ესაუბრა. მდგომარეობა ნორმალურია, ჩაერთო საქმეში დეკანი და მოუგვარა ყველანაირი პრობლემა, საგამოცდო განრიგი შეიცვალა მისთვის“, – აცხადებენ თსუ-ის პრესსამსახურში.

თსუ-ის საგამოცდო ცენტრში ჭერის ნაწილი ორი დღის წინ ჩამოვარდა. მაშინ უნივერსიტეტის პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგანაც ჭერის ნაწილი იმ დროს ჩამოვარდა, როცა სტუდენტებს აუდიტორია უკვე დატოვებული ჰქონდათ.

თსუ-ში აცხადებდნენ, რომ გამოცდის მიმდინარეობისას სტუდენტებმა ხმაური გაიგეს, რის გამოც საგამოცდო პროცესი შეწყდა და სტუდენტები შენობიდან გაიყვანეს. სწორედ ამ დროს ჩამოვარდა ე.წ. შეკიდული ჭერის ნაწილი თსუ-ის პრესსამსახურის პირველი კომენტარის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი