ახალი ამბები

ზურაბიშვილი არ იზიარებს “მთავრობის სიფრთხილეს” უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვაში

15 ნოემბერი, 2022 • 589
ზურაბიშვილი არ იზიარებს “მთავრობის სიფრთხილეს” უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვაში

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობა სრულად დგას უკრაინის გვერდით, მთავრობა კი სიფრთხილის შენარჩუნებას ცდილობს.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრა France inter-თან (საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიოს ნაწილი) 12 ნოემბრის ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმანსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. France inter-ის ჟურნალისტმა თქვა: „ომის დაწყებიდან 8 თვე-ნახევრის შემდეგ გვიჭირს გავიგოთ, რომელ მხარესაა საქართველო, ისევ უკრაინის მხარეს, თუ რუსეთისგან არცთუ ისე შორს“.

„სრულად უკრაინის გვერდით — რაც შეეხება მოსახლეობას. ამაზე ეჭვი არ არსებობს. ნებისმიერ დროს, როდესაც საჭიროებაა, ხალხი გამოდის ქუჩაში. საქართველოში თუ ჩამოხვალთ, ნახავთ, რომ კედლები მოფენილია უკრაინული დროშებით და სლოგანებით, რომლებიც პუტინს არ მოეწონებოდა. მოსახლეობის პოზიცია ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო, ბოლო პერიოდებში, რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ!“, — უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.

France inter-ის ჟურნალისტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „მთავრობა ძალიან შორს წავიდა“ და პრეზიდენტს ხალხის მტერიც უწოდა, რასაც სალომე ზურაბიშვილი არ დაეთანხმა.

„ამ ტერმინით არა, ეს ჩემამდე მოვიდოდა. ამ ტერმინით არა, მაგრამ, ცხადია, არის განსხვავება ჩემს და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რათა არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში საკუთარი უმწიკვლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ და ის, რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის რიტორიკაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში.

საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 14 მარტს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მას უარი უთხრა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე, რის ფონზეც “საჭიროდ მიიჩნია საკუთარი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხმამაღლა საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე. პარალელურად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ ცდილობდნენ საკითხიდან დისტანცირებას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა“.

„სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა. მე იმედი მაქვს, რომ ის გაერკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 11 ივნისს.

სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი