დღეს, 10 ნოემბერს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეხმაურება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის უკანასკნელ განცხადებებს სომხეთთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ალიევი ემზადება ყარაბაღში მცხოვრები სომხების გენოციდისთვის.
“აცხადებს პრეტენზიებს სომხეთის სუვერენული ტერიტორიების მიმართ და ემუქრება სომხეთის დასახლებული პუნქტების სახელწოდებების შეცვლით, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას ცდილობს. ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღი არ არსებობს და პრაქტიკულად ყოველდღე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს”, – აცხადებს ფაშინიანი
“სომხეთმა უნდა იცოდეს, რომ ცეცხლთან თამაში ძვირი დაუჯდება”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 ნოემბრის გამოსვლის დროს, 2020 წლის ყარბაღის ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე.
“მისი უკანასკნელი განცხადებები და მოქმედებები ნათლად აჩვენებს, რომ ალიევი კი არ იმუქრება, არამედ ამზადებს მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდს. ცდილობს შექმნას საფუძველი იმისთვის, რომ დაკეტოს ლაჩნის დერეფანი და მთიანი ყარაბაღის სომხები ალყაში მოაქციოს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების გეოპოლიტიკური სურვილები საფრთხედ რჩება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ამ განცხადებებში, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებისა და სომხეთისკენაა მიმართული, სომხეთი დადანაშაულებულია შეთანხმებებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში”.
ფაშინიანის განცხადებითვე, ის, რომ ალიევის მუქარები ისმის სომხეთისა და აზერბაიჯანული მხარეების ვაშინგტონში შეხვედრის მეორე დღესვე, ქვეყნებში დელეგაციების დაბრუნებამდე, არღვევს პრაღის 6 ოქტომბრის და 31 ოქტომბრის სამმხრივი წერილობითი შეთანხმებასაც.
ევროკავშირის მისია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან იმუშავებს, უკვე სომხეთშია