ახალი ამბები

ობამა, ბაიდენი, პუტინი და დამცირება რომელიც არ ყოფილა

14 მაისი, 2010 • 1274
ობამა, ბაიდენი, პუტინი და დამცირება რომელიც არ ყოფილა

კვირას რუსეთი გამარჯვების 65-ე წლისთავს ზეიმობდა. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მოსკოვში მხოლოდ მესამედ ჩატარდა ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი „ისკანდერის“ რაკეტების, საბრძოლო ვერტმფრენების და ამდენი ტანკის მონაწილეობით. (რა იცი, იქნებ ამერიკა თავს დაგვესხას?) და მხოლოდ პირველად მოხდა, რომ წითელ მოედანზე ამერიკელმა სამხედროებმა მარშით ჩაიარეს, მაგრამ მათი პრეზიდენტი იქ არ იმყოფებოდა

პრეზიდენტისთვის, რომელმაც მიზნად დაისახა რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“, მას შემდეგ, რაც ბუში-პუტინის შეუდარებელმა დუეტმა ორმხრივი თანამშრომლობის ყველანაირი ფორმა მოსპო, ეს ძალიან უცნაური ნაბიჯი იყო. ვერ შეძლებდა ობამა ამ აღლუმზე ჩამოფრენას იმ უზარმაზარი ტრავმის და უდიდესი მსხვერპლის პატივსაცემად, რაც საბჭოეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამარჯვების სამსხვერპლოზე მიიტანა, როგორც ეს ბუშმა 2005 წელს გააკეთა?

მაშინ ურთიერთობები თავისუფალი ვარდნის რეჟიმში იყო და ახლოსაც არ იყო დღევანდელ მეგობრულ დაახლოვებასთან, მაგრამ ბუშმა საჭიროდ ჩათვალა, რუსეთის გამარჯვების მე-60 წლისთავს დასწრებოდა. ეს პატივისცემის ჟესტი გახლდათ. აღლუმს რუსებისადმი არც თუ კეთილგანწყობილი ხალხის, ესტონელების პრეზიდენტიც კი დაესწრო, რომლებიც ომის დროს რუსეთმა მძევლად აიყვანა. მოსკოვს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც ესტუმრა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპულ ეკონომიკურ კრიზისში თავით ფეხებამდეა ჩაფლული. გამარჯვების აღლუმის საკმაოდ უცნაური სტუმარი. ამ ფონზე საინტერესოა, ასეთი რა პრობლემა ჰქონდა ობამას, რომ რუსეთში სტუმრობა ვერ შეძლო?

როგორც გაირკვა, ის ვირჯინიის შტატში, ჰემპტონის უნივერსიტეტში, დიპლომების გადაცემის დღეს სიტყვით გამოდიოდა.

„მე თქვენ მიყვარხართ ბავშვებო”, – უთხრა მან კურსდამთავრებულებს – „ამიტომ ვარ აქ. მე თქვენ მიყვარხართ“.

მოგვიანებით, ზეიმამდე ორი დღით ადრე, გავრცელდა ცნობები კულისებს მიღმა არსებულ ინტრიგებზე.

Guardian-მა, რომელმაც ლიბერალურ რუსულ გაზეთში გამოქვეყნებული სამხედრო ანალიტიკოსის სიტყვებსა და „სხვა წყაროებზე“ დაყრდნობით დაწერა, ობამამ რომელმაც გამოაცხადა, რომ წინასწარ შეთანხმებული გეგმების გამო დაკავებული იყო, მოსკოვში მის ნაცვლად ჯო ბაიდენის გამგზავრების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ამ დროს ბრიუსელში ბრძანდებოდა.

კრემლმა, უფრო ზუსტად კი დასავლეთის მიმართ უკომპრომისოდ განწყობილმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც, როგორც სჩანს, „შეუწყნარებელ გუნებაზე“ იყო, ბაიდენის კანდიდატურა უარყო, რადგან ამ უკანასკნელს თბილი ურთიერთობები აქვს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ხოლო მოსკოვისთვის სააკაშვილი პერსონა „ნონ გრატაა“.

(პუტინმა თითქოს პრინც ჩარლზსაც უთხრა უარი მასპინძლობაზე, რომელმაც განაცხადა რომ იგი ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის ნაცვლად ჩავიდოდა, როგორც სჩანს, იმის გამო, რომ ბრიტანეთი დღემდე იფარებს ოლიგარქსა და წარსულში გავლენიან ადამიანს ბორის ბერეზოვსკის, ხოლო ფრანგული პრესა ასევე დარწმუნებული იყო, რომ სარკოზიმ კრემლი გააბრაზა, როდესაც დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ვიზიტი გააუქმა).

Guardian-ის თანახმად „თეთრი სახლი ასეთი დამცირების გამო განრისხებულია“.

თუმცა, მოსკოვში ამერიკის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს აურზაური აბსოლუტური სისულელეა.

აი, რა მოხდა სინამდვილეში.

ობამამ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდოდა. კრემლმა მას მიწვევა რამდენიმე თვის დაგვიანებით გაუგზავნა. მეტიც, იანვარში კრემლმა გასაგებად აღნიშნა, რომ ის, თუ რამდენად მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებოდნენ გამარჯვების აღლუმს, მას დიდად არ ანაღვლებდა. წელს მან განაცხადა, რომ საერთოდ არავის არ დაპატიჟებს. „თუკი მე-60 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურებს მოსაწვევებს უგზავნიდა, წელს ამის გაკეთება გადაიფიქრეს“ – განაცხადა მაშინ კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. „ყველა სახელმწიფო თავად გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას“.

თუმცა, იმის გამო, რომ მოსაწვევები არ მისულა, ხოლო დროის თვალსაზრისით სხვა გეგმებთან დაკავშირებით პრობლემები იქმნებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ღონისძიების მნიშვნელობის შემცირებას და ობამას იმაში დარწმუნებას შეეცადა, რომ მისი ზეიმზე დასწრება აუცილებელი არ იყო. „ჩვენ შევცდით. პრეზიდენტს ძალიან სურდა ამ ღონისძიებაზე დასწრება. შევეცადეთ ისე გაგვეკეთებინა, რომ მას მოსკოვში ჩასვლაც მოესწრო და გამოსაშვებ ზეიმზეც მალე დაბრუნებულიყო. ჩვენ შევეცადეთ საუნივერსიტეტო ღონისძიება გადაგვედო, მაგრამ ვერ შევძელით“. ამერიკის სხვა წარმომადგენლის თქმით, მედვედევმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ობამა დაერწმუნებინა, რომ მოსკოვში ჩასულიყო.

მაგრამ იმ დროისთვის დედის დღის გამოსაშვებ დღეს ობამას გამოსვლა უკვე დამტკიცებული იყო და პრეზიდენტს არ სურდა მისი სიტყვით გამოსვლის გაუქმება ერთ-ერთ ყველაზე პირველ აფრო-ამერიკულ კოლეჯში.

უხერხულობის გაბათილებისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შემცვლელის სახით მოსკოვს ბაიდენი შესთავაზა, მაგრამ მას უპასუხეს, რომ ეს „მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების ღონისძიება“ იყო. ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, თეთრი სახლი სულაც არ განრისხებულა. მედვედევმა და ობამამ ერთმანეთს წერილები გაუგზავნეს და ობამამ „პრობლემების ფართო სპექტრის, მათ შორის, ნაციონალური უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხების განხილვისთვის“ მედვედევი ივნისის ბოლოს ვაშინგტონში დაპატიჟა. მისი არყოფნის კომპენსირებისთვის ობამამ ინტერვიუ მსხვილ სახელმწიფო ტელეარხ „როსიას“ მისცა და როგორც ტერორიზმის და ირანის საკითხებში რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობას, ასევე ნატო-რუსეთის კონსულტაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. (მან ასევე გაიხსენა აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ ბაიერლი, რომლის ბაბუაც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების წინააღმდეგ საბჭოეთთან ერთად იბრძოდა).

დაწვრილებით…

მასალების გადაბეჭდვის წესი