ახალი ამბები

“დავით კლდიაშვილი – 160” — გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში

7 ნოემბერი, 2022 • 793
“დავით კლდიაშვილი – 160” — გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში

11 ნოემბერს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნება დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 160 წლისადმი მიძღვნილი საიუბლეო გამოფენა.

ლიტერატურის მუზეუმის ცნობით, საგამოფენო დარბაზში გამოფენილი იქნება მწერლის შემოქმედებასა და ბიოგრაფიასთან დაკავშირებული 70-ზე მეტი ფოტო, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი და დაახლოებით ამავე რაოდენობის წერილობითი ექსპონატი.

“გამოფენა დავით კლდიაშვილის ბიოგრაფიის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს ეხება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, მიუბრუნდეს ქართული ლიტერატურული რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის შემოქმედებას. რეალისტური ლიტერატურის პრინციპების კვალდაკვალ, გამოფენა ცდილობს ახლებური პერსპექტივიდან წარმოაჩინოს კლდიაშვილის ბიოგრაფია, ჩაახედოს მკითხველი მისი ცხოვრების ყოველდღიურობაში, დაანახოს ხშირად არცთუ დალხენილი პირობები, რომელშიც ავტორს უწევდა მუშაობა, გააცნოს მნიშვნელოვანი მოვლენები და აჩვენოს ზოგადი სახელოვნებო თუ პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც კლდიაშვილის ნაწარმოებები იწერებოდა.

გამოფენა გათვალისწინებულია როგორც კლდიაშვილის მწერლობისა და ქართული ლიტერატურის მოყვარულთა ზოგადი აუდიტორიის, ისე მკვლევართა და სპეციალისტთა წრისთვის”, – წერია გამოფენის აღწერაში.

„დავით კლდიაშვილი – 160“ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაგრძელდება 11 დეკემბრამდე. მუზეუმი მდებარეობს თბილისში, გია ჭანტურიას 8 ნომერში.

ილუსტრაცია: სანდრო შანშიაშვილის ნახატი

მასალების გადაბეჭდვის წესი