ახალი ამბები

252 დღის წინ რუსეთმა უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სგან მოითხოვა, ახლა უკრაინისგან ითხოვს — ზელენსკი

3 ნოემბერი, 2022 • 628
252 დღის წინ რუსეთმა უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სგან მოითხოვა, ახლა უკრაინისგან ითხოვს — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულმა შანტაჟმა შედეგი არ გამოიღო და მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა გაგრძელდება.

მისი თქმით, გაერომ და გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა პირადად უპასუხეს მოსკოვს პრინციპული და ეფექტური გზით.

„ამაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმაც. სხვა საკვანძო საერთაშორისო აქტორებმაც გადადგეს დროული და სამართლიანი ნაბიჯები“, — თქვა ზელენსკიმ 2 ნოემბრის ღამის მიმართვაში.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინისგან საკმარისი გარანტიები მიიღო და განაახლებს მონაწილეობას სტამბოლის სასურსათო გარიგებაში, რომელიც 29 ოქტომბერს ცალმხრივად შეაჩერა, უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმის საბაბით

„ალბათ, გაიგეთ… კრემლი ამბობს, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ღირს ერთი წუთით შეჩერება მათი ასეთი განცხადებების განხილვაზე. 252 დღის წინ რუსეთმა უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. რუსული ე.წ. „სპეციალური ოპერაციის“ რვა თვის შემდეგ კრემლი უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისგან ითხოვს. ეს მართლაც გასაოცარი ცვლილებებია — გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ მე და თქვენ, როცა ერთიანები ვრჩებით. მილიონობით უკრაინელი მამაკაცი და ქალი იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გვეხმარება წინააღმდეგობის გაწევაში. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხებას და მის დასჯას ტერორისთვის. და ჩვენ გარანტიას ვაძლევთ, რომ მთელი უკრაინა არის და იქნება თავისუფალი“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთმა აშშ-ს და ნატო-ს უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე შეთანხმება შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებდა ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან.

რუსეთი ნატოსა და აშშ-ს “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმებას სთავაზობს, რაც საქართველოსაც ეხება

მასალების გადაბეჭდვის წესი