საზოგადოება

რუსეთი უკრაინული ხორბლის ექსპორტზე შეთანხმებას უბრუნდება

2 ნოემბერი, 2022 • 895
რუსეთი უკრაინული ხორბლის ექსპორტზე შეთანხმებას უბრუნდება

რუსეთი განაახლებს მონაწილეობას სტამბოლის სასურსათო გარიგებაში, რადგან მან მიიღო საკმარისი გარანტიები უკრაინისგან, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

„კერძოდ, უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაგვარწმუნა, რომ საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი გამოყენებული იქნება მხოლოდ შავი ზღვის ინიციატივის დებულებების შესაბამისად“, — ნათქვამია თავდაცვის უწყების პრესრელიზში.

გაეროს მედიაციით მიღწეული შეთანხმება გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორს უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის. რუსეთმა 29 ოქტომბერს შეაჩერა შეთნხმებაში მონაწილეობა და მიზეზად დაასახელა უკრაინული მხარის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმა.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, საზღვაო პორტების გახსნა და შავ ზღვაში გადაადგილება გლობალური მნიშვნელობის საკითხად იქცა.

შედეგად, 22 ივლისს რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა სტამბოლში ხელი მოაწერეს ორი დოკუმენტის პაკეტს. პირველი მემორანდუმი ეხება გაეროს ვალდებულებას, მოხსნას შეზღუდვები რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე. მეორე განსაზღვრავს შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ალგორითმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი