საზოგადოება

რუსეთი-უკრაინა და აშშ-ის “მკაცრი ზომები”: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა

8 დეკემბერი, 2021 • 718
რუსეთი-უკრაინა და აშშ-ის “მკაცრი ზომები”: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების დისტანციური შეხვედრა, რომელიც, უმთავრესად, უკრაინის საკითხს შეეხებოდა, 7 დეკემბერს ორ საათს გაგრძელდა. თეთრი სახლის თანახმად, ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების გამო და “ძლიერ სანქციებზე” ისაუბრა სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში.

უკანასკნელ ხანებში კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები არაერთგზის გამოთქვამენ შეშფოთებას რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზების გამო უკრაინის საზღვრებთან. ისინი შიშობენ, რომ მოსკოვი აგრესიისათვის ემზადება, რასაც პუტინის ხელისუფლება უარყოფს და, ერთი მხრივ, უკრაინას, მეორე მხრივ კი, მის პარტნიორებს ადანაშაულებს აგრესიულ განზრახვებში.

მოსკოვის წითელი ხაზები ნათელია: ის ცალსახად ეწინააღმდეგება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას მის საზღვრებთან და აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად შესაბამის გარანტიებს ითხოვს. სწორედ ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე გაიმართა ზემოხსენებული შეხვედრა პრეზიდენტებს შორის.

რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა — აშშ-ის გაფრთხილება სანქციებზე

თეთრი სახლის თანახმად, 2-საათიან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაადასტურა მისი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, გაახმიანა მოწოდება დეესკალაციისა და დიპლომატიურ ჩარჩოში დაბრუნების შესახებ.

ამავე ცნობებით, ბაიდენმა “აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების ღრმა შეშფოთებაზე” ისაუბრა რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების გამო უკრაინის საზღვართან და ნათლად თქვა, რომ აშშ და მოკავშირეები სამხედრო ესკალაციას “ძლიერი ეკონომიკური სანქციებითა და სხვა ზომებით” უპასუხებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა მედიას უთხრა, რომ ვაშინგტონი “მტკიცე პასუხს” ამზადებს მომდევნო კვირებისათვის, თუ ეს საჭირო გახდება.

ბაიდენისა და პუტინის დისტანციური შეხვედრა. 07.12.21 ფოტო: REUTERS

“მზად ვართ, ახლა გავაკეთოთ ის, რაც 2014 წელს არ გაგვიკეთებია”, — აღნიშნა სალივანმა. მან ამ ფორმით 7 წლის წინ ყირიმის ანექსიისადმი დასავლეთის რეაქციაზე მიანიშნა.

“…თითის ქნევა არ ყოფილა, თუმცა პრეზიდენტმა [ბაიდენმა] ნათლად [ისაუბრა] იმაზე, თუ სად დგას აშშ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით”, — დაამატა მან.

ზომები, რომელთაც აშშ ამზადებს, მოიცავს როგორც ეკონომიკურ სანქციებს, ისე სხვა მოქმედებებს. მათ შორისაა დამატებითი სამხედრო ძალების განლაგება ნატოს წევრ ქვეყნებში და თავდაცვითი მასალების მიწოდება უკრაინისათვის.

პუტინთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს დაუკავშირდა და რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დეტალები გააცნო.

პუტინისა და ბაიდენის შეხვედრამდე, ორშაბათს, თეთრმა სახლმა თქვა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა საერთო სტრატეგია შეიმუშავეს, რათა რუსეთის ეკონომიკას “სერიოზული და მძიმე ზიანი მიაყენონ” იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი კიევის წინააღმდეგ აგრესიაზე წავა.

BBC-ის თანახმად, შესაძლო სანქციები მოიცავს შეზღუდვებს რუსეთის ბანკების მიერ რუბლის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე, ისევე, როგორც რუსეთის შესაძლო გამოთიშვას მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოებიდან.

ჯეიკ სალივანი. ფოტო: Jim Lo Scalzo/EPA/Bloomberg via Getty Images

7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ სალივანმა აღნიშა ისიც, რომ აშშ-ისა და მისი პარტნიორებისთვის “ბერკეტს” წარმოადგენს “ჩრდილოეთის ნაკადი 2” — გაზსადენი, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში გაზის ტრანსპორტირებისთვის აშენდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას “სენსაციები არ მოუტანია”, მაინც მოხარულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა კიევისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.

“თუ შემიძლია, პრეზიდენტ ბაიდენს რაიმე ვურჩიო, მსურს, მან ბატონ პუტინს განუცხადოს, რომ კრემლის მხრიდან არანაირი წითელი ხაზები არ უნდა იყოს.

წითელი ხაზი არის აქ, უკრაინაში, და  ცივილიზებული სამყარო უყოყმანოდ მოახდენს რეაგირებს”, – უთხრა  CNN-ს  უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი როზნეკოვმა.

მისივე თქმით, “რუსეთის არგაღიზიანების იდეა” არ იმუშავებს.

რა სურს მოსკოვს

როგორც გასულ პერიოდში, რუსეთი ახლაც ამბობს, რომ არ გეგმავს უკრაინაზე თავდასხმას. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ორი პრეზიდენტის საუბარს აღწერს, დადასტურებულია, რომ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა იყო.

კრემლის ცნობით, ბაიდენის მხრიდან სანქციებზე საუბრის საპასუხოდ პუტინმა აღნიშნა, რომ “პასუხისმგებლობა არ უნდა გადავიდეს რუსეთის მხრებზე, რადგან სწორედ ნატო ახორციელებს სახიფათო მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის დასაპყრობად და ჩვენს საზღვრებზე სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად”.

“აქედან გამომდინარე, რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული სანდო, იურიდიულად განმტკიცებული გარანტიების მოპოვებით, რომლებიც გამორიცხავს ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით და შეტევითი სისტემების განლაგებას რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში”, — აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთი აქამდეც საუბრობდა უკრაინისა და დასავლეთის პასუხისმგებლობაზე, აღნიშნავდა რა, რომ კიევი პატივს არ სცემს 2015 წელს ევროპის ქვეყნების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

მას სურს გარანტიები, რომ უკრაინა არ შეეცდება რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ დაკავებულ დონბასზე კონტროლის დამყარებას.

ბაიდენისა და პუტინის დისტანციური შეხვედრა. 07.12.21 ფოტო: MIKHAEL METZEL / SPUTNIK / KREML

მეორე მხრივ, მოსკოვი დასავლეთს აკრიტიკებს კიევისთვის იარაღის მიწოდების, ასევე მასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების გამო და აფრთხილებს, არ გადაკვეთოს “წითელი ხაზები” უკრაინის ნატოში მიღებით.

მოსკოვი არა მხოლოდ ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება, არამედ უკმაყოფილოა ალიანსის წევრი ზოგიერთი ქვეყნის გეგმებითაც, საწვრთნელი ცენტრები გახსნას უკრაინაში. მოსკოვი მსგავს აქტივობებს — უკრაინაშიც და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც — საფრთხედ განიხილავს.

“ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა უპასუხისმგებლოდ უახლოვდება რუსეთის საზღვრებს რუმინეთსა და პოლონეთში, განლაგებულია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თავდასხმის კომპლექსი.

სადაცაა, საშუალო რადიუსის ამერიკული რაკეტები ევროპაში გამოჩნდება, რაც სამხედრო დაპირისპირების კოშმარულ სცენარს დააბრუნებს”, — დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას შვედეთში, ევროპის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მოსკოვის რიტორიკას ვაშინგტონში არ იზიარებენ. გასულ კვირას ჯო ბაიდენმა თქვა, რომ “არავის წითელ ხაზებს” არ დაეთანხმება. მისი განცხადებით, “ძალიან, ძალიან” გაურთულებს პუტინს უკრაინაზე თავდასხმას.

“ჩვენ მზად ვართ, სასტიკი საფასური დავადოთ რუსეთის მორიგ აგრესიას უკრაინაში. ნატო მზადაა, გააძლიეროს თავისი თავდაცვა აღმოსავლეთის ფლანგზე”, — თქვა 2 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

გაფრთხილებები რუსეთის შესაძლო აგრესიაზე — რა ხდება?

საუბარი მოსკოვისაგან მომავალ ახალ საფრთხეებზე კიევსა და დასავლეთში განსაკუთრებით გააქტიურდა გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც ვაშინგტონს აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეტევას გეგმავს.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, არ იცის, მიღებული აქვს თუ არა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრაზე საბოლოო გადაწყვეტილება.

ამერიკული მედია ციტირებს ოფიციალურ პირთა კომენტარებს, რომელთა თანახმადაც, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების გამოთვლებით, რუსეთ-უკრაინის საზღვართან მოსკოვი 175 000 სამხედროს თავმოყრას გეგმავს, მათი ნახევარი კი უკვე იკავებს პოზიციებს საზღვრის მიმდებარედ.

ვაშინგტონში რუსეთის მხრიდან სავარაუდო შეტევის თარიღად 2022 წლის დასაწყისს ასახელებენ. ამავე ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ხელისუფლებაც და დასძენს, რომ მოსკოვმა საზღვართან უკვე განათავსა 94 000 სამხედრო, ასევე, ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებთან ერთად, ფრონტის ხაზზე. 02.12.21 ფოტო: PRESIDENTIAL PRESS SERVICE HANDO

რუსეთის სამხედრო მობილიზება ძირითადად ყირიმში შეინიშნება — ნახევარკუნძულზე, რომელიც მოსკოვს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული. რუსი სამხედროები ასევე იმყოფებიან უკრაინის აღმოსავლეთ რაიონების — პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონეცკისა და ლუგანსკის — მიმდებარედ.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის უწყების თანახმად, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მძიმე ჯავშანტექნიკა მობილიზდა, მათ შორის, ტანკები და არტილერია.

რუსეთი მუდამ უარყოფს თავისი სამხედროების ყოფნას დონეცკსა და ლუგანსკში, შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის წერტილებსა და ცოცხალი ძალის რაოდენობაზე კი ინფორმაციას არ ავრცელებს.

AP-ის მიხედვით, მოსკოვში ამბობენ, რომ რუსეთის ჯარების საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილება შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს. ის არ ადასტურებს უკრაინაზე შეტევის მისწრაფებას და პირიქით, კიევს ადანაშაულებს საკუთარი სამხედრო ძალების მობილიზებაში.

დაძაბულობის წინაისტორია მოკლედ

ოფიციალური მონაცემებით, 14 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს, პრორუსი სეპარატისტების გააქტიურების შემდეგ დაწყებულ კონფლიქტს.

მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები 2015 წელს ევროპული ქვეყნების შუამავლობით ბელარუსის დედაქალაქში მიღწეული შეთანხმებით შეწყდა, თუმცა ხანგრძლივი პოლიტიკური სტაბილურობა რეგიონში არასდროს დამყარებულა.

აღმოსავლეთით მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დიდ ნაწილს უკრაინა ახლაც ვერ აკონტროლებს.

პრორუსი შეიარაღებულები დონეცკის ოლქში, სამხედრო წვრთნისას. 28.01.2020 ფოტო: EPA

კიევი, თავისი დასავლელი პარტნიორების მსგავსად, წლებია, აცხადებს, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთს სამხედრო ძალები ჰყავს გაგზავნილი, რასაც მოსკოვი უარყოფს.

დაძაბულობის უკანასკნელი ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა კონფლიქტის ზონაში გახშირდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ფაქტები. აღნიშნულს თან ერთოდა კიევის განცხადებები, რომელთა თანახმადაც რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვრის გასწვრივ ათავსებდა, ეს კი ახალი ომის საფრთხედ აღიქმებოდა კიევსა და დასავლეთში.

დაძაბულობამ იკლო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა თავისი ძალები საზღვრიდან გაიწვია, თუმცა, ზემოხსენებული პროცესებიდან ჩანს, რომ მეტ-ნაკლები სიმშვიდე დროებითი აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი