ახალი ამბები

როგორც ჩანს, გირჩი ჯაფარიძემ ვაშაძეს უთხრა, რომ “გლოვოს” კურიერად მისთვისაცაა ვაკანსია – ღუდუშაური

2 ნოემბერი, 2022 • 1240
როგორც ჩანს, გირჩი ჯაფარიძემ ვაშაძეს უთხრა, რომ “გლოვოს” კურიერად მისთვისაცაა ვაკანსია – ღუდუშაური

“როგორც ჩანს, გირჩი ჯაფარიძემ უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია “გლოვოს” კურიერად და, შესაბამისად, ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ბატონი ვაშაძე და გირჩი ჯაფარიძე “გლოვოს” კურიერის მოტოებს და უფრო უკეთესი სერვისით და უფრო მალე მოემსახურებიან კლიენტებს”, – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

“როდესაც გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ უარს აცხადებდა მანდატის გამოყენებაზე, მაგალითად მიუთითა და ამაზე საკონსტიტუციო სარჩელიც კი შეიტანა, რომ მას სურდა, დასაქმებული ყოფილიყო “გლოვოს” კურიერად. ახლა, როგორც ჩანს, ახლა უკვე ბატონმა ვაშაძემ, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა და ვერ იპოვა, თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა, რამეთუ აქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი და სივრცე არაა, ახლა, როგორც ჩანს, გირჩი ჯაფარიძემ უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია “გლოვოს” კურიერად და, შესაბამისად, ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ბატონი ვაშაძე და გირჩი ჯაფარიძე “გლოვოს” კურიერის მოტოებს და უფრო უკეთესი სერვისით და უფრო მალე მოემსახურებიან კლიენტებს.

ესეც დასაფასებელია, იქნებ აქ მაინც გააკეთონ რაიმე სასიკეთო საქმე. აქ [პარლამენტში] ნამდვილად არ არის არც სივრცე და არც ადგილი, არც ერთი კომიკოსისთვის და არც მეორე შოუმენისთვის. მართალია, მათი ჟანრები სრულიად განსხვავებულია საცირკო წარმოდგენაში, მაგრამ მათი ტანდემი “გლოვოს” კურიერის ამპლუაში შეიძლება ძალიან სასარგებლოც კი აღმოჩნდეს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ, 1 ნოემბერს განაცხადა, რომ განიხილავს პარლამენტის დატოვების სცენარს. როგორც მან პალიტრანიუსის ეთერში აღნიშნა, პარტია ამისათვის შინაგანად მზადაა, თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია დასავლელი პარტნიორების შემზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი