ახალი ამბები

შოიგუ უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებაზე ნატოს თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა

23 ოქტომბერი, 2022 • 1561
შოიგუ უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებაზე ნატოს თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოუგუმ 23 ოქტომბერს სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებთან.

საფრანგეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბრების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოიგუმ გამოხატა შეშფოთება „უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების შესახებ“.

რუსეთსი თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან საუბარი უკრაინაში არსებულ ვითარებას შეეხო. შოიგუმ და ოსტინმა წინა სატელეფონო საუბარი, რომელიც მაისის შემდეგ პირველი იყო, 21 ოქტომბერს გამართეს.

საფრანგეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროებმა კვირას დაადასტურეს, რომ მათი უწყების ხელმძღვანელი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ესაუბრა.

Le Figaro-ს მიერ გავრცელებულ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ სებასტიან ლეკორნუმ შოიგუსგან მოისმინა ბრალდება იმის შესახებ, რომ „უკრაინელები რუსეთის დადანაშაულების მიზნით საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებენ“.

პრესრელიზის თანახმად, პარიზი უარყოფს „ნებისმიერ ფორმას ესკალაციას, მათ შორის ბირთვულს“ და გამოხატავს მზადყოფნას მოკავშირეებთან ერთად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაში წვლილი შეიტანოს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ იტყობინება, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰულუსი აკარმა და შოიგუმ „გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საჭიროა სიფრთხილე და სიფხიზლე პროვოკაციებთან მიმართებაში, რამაც შეიძლება გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში“.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ შოიგუსა და ბენ უოლასს შორის სატელეფონო საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა.

„შოიგუმ თქვა, რომ უკრაინა დასავლეთის ქვეყნების, კერძოდ დიდი ბრიტანეთის დახმარებით გეგმავს გარკვეულ ქმედებებს უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის მიზნით. თავდაცვის მინისტრმა უარყო ეს ბრალდებები და გააფრთხილა, რომ ასეთი განცხადებები არ უნდა იქნას გამოყენებული დიდი ესკალაციის საბაბად“, — ნათქვამია გარეთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მანამდე, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ. რუსული პროპაგანდის თანახმად, უკრაინა ემზადება „ატომური ბომბის აფეთქებისთვის“ თავის ტერიტორიაზე, რათა დაადანაშაულოს რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში და მთელი მსოფლიო მოსკოვის წინააღმდეგ განაწყოს.

უკრაინის რეაქცია

რუსეთის ბრალდებას Twitter-ზე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

„გამოეხმაურა რუსეთის ტყუილი „ბინძური ბომბის“ გამოყენების შესახებ უკრაინის სავარაუდო გეგმების შესახებ, როგორც აბსურდული, ასევე საშიშია. ჯერ ერთი, უკრაინა არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგული მხარე: ჩვენ არ გვაქვს არანაირი „ბინძური ბომბები“ და არ ვგეგმავთ მათ ქონას. მეორე, რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმის დაგეგმვაში, რასაც თავად გეგმავენ“, — აცხადებს კულება.

„ქურდს ქუდი იწვის“. დღეს რუსეთის ფედერაციამ მაღალ საერთაშორისო დონეზე წარმოადგინა ამ ანდაზის ოფიციალური ილუსტრაცია. ტყუილი „ბინძური ბომბის“ შესახებ კრემლის ჩვეულებრივი ტაქტიკაა, როდესაც რუსი დამნაშავეები ცდილობენ, პრევენციულად მსხვერპლი დაადანაშაულონ თავიანთ აგრესიაში“, — აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

მან სისულელე უწოდა მოსაზრებას, რომ უკრაინა გააკეთებს რამეს ისეთს, რასაც შეუძლია დედამიწის ხანგრძლივი დაბინძურება გამოიწვიოს და მადლობა გადაუხადა პარტნიორების, რომლებიც ადეკვატურად აღიქვამენ რუსულ შანტაჟს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენების მხოლოდ ერთი წყარო არსებობს — „ვინც ამხანაგ შოიგუს აქეთ-იქეთ დარეკვა უბრძანა“.

„შოიგუს სატელეფონო კარუსელმა ყველაფერი ნათლად აჩვენა, ყველას კარგად ესმის ის, თუ ვინ არის ამ ომში ყოველგვარი სიბინძურის წყარო“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

რა არის „ბინძური ბომბი“?

„ბინძური ბომბი“ ეწოდება რადიოაქტიური ნივთიერებების გამბნევ მოწყობილობას, რომელიც წარმოადგენს ასაფეთქებელი მოწყობილობების, დინამიტის და რადიოაქტიური ნივთიერებების ერთობლიობას.

„ბინძური“ ბომბის აფეთქების შემდეგ გარემოში იფრქვევა რადიოაქტიური ნივთიერებები. NCDC-ის თანახმად, ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ბომბის აფეთქება და არა რადიაცია. „ბინძური ბომბის“ აფეთქება იწვევს სერიზულ დაზიანებებს. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აფეთქების ადგილთან ახლოს, შესაძლოა მოხვდნენ რადიაციის ექსპოზიციის ქვეშ, რაც დაუყონებლივ იწვევს სეროზულ დაავადებას. ამავდროულად, რადიოქტიური მტვერი და კვამლი, შესაძლოა, უფრო ფართოდ გავრცელდეს და საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ვინც შეისუნთქავს კვამლს, მიიღებს დაბინძურებულ საკვებს ან წყალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი