ახალი ამბები

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერის პოსტს ტოვებს

20 ოქტომბერი, 2022 • 802
ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერის პოსტს ტოვებს

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს.

ეს გადაწყვეტილება ლიზ ტრასმა 20 ოქტომბერს გამოაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე. ეს მოხდა მისი თანამდებობაზე არჩევიდან 44 დღეში. ლიზ ტრასმა ცოტა ხნის წინ ბორის ჯონსონი ჩაანაცვლა.

მომდევნო პრემიერის ვინაობა მომდევნო კვირაში გაირკვევა.

„მე ვაღიარებ, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მე არ შემიძლია, განვახორციელო ის მანდატი, რისთვისაც ამირჩია კონსერვატიულმა პარტიამ“, – განაცხადა მან.

ბრიტანეთში ეკონომიკური კრიზისია, რაც ოპონენტების აზრით, სწორედ ტრასის პოლიტიკამ გამოიწვია.

ტრასის გადადგომას არა მხოლოდ ტრადიციული მეტოქეები, ბრიტანელი ლეიბორისტები ითხოვდნენ, არამედ მისი პარტიის წევრთა ნაწილიც.

ტრასი პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ აირჩიეს, რაც წინამორბედი ბორის ჯონსონი კონსერვატორთა პარტიისთვის მიუღებელ ფიგურად ჩამოყალიბდა და პარტიის უმრავლესობა განუდგა.

ამის შემდეგ ტრასმა შიდაპარტიულ პრაიმერში დაამარცხა რიში სუნაკი და საბოლოოდ შეუდგა იმ დაპირებების შესრულებას, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ახმიანებდა, რაც არსებითაც გამოიხატებოდა გადასახადების შემცირებასა და მცირე ბიუჯეტის იდეაში.

ტრასის მიერ შემოთავაზებულმა ცვლილებებმა, ანუ გადასახადების შემცირებამ, ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე აურზაური გამოიწვია, დაეცა გირვანქა სტერლინგის ღირებულება და გაიზარდა მთავრობის მიერ აღებული სესხების მომსახურებისა და საცხოვრისის გადასახადები.

ქვეყანაში კვლავ შენარჩუნდა მაღალი ინფლაცია და საგარეო ვითარების გამო, ენერგოკრიზისი, რამაც კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააყენა გაერთიანებული სამეფოს საშუალო კლასი.

შექმნილი პრობლემების გამო ტრასმა საჯაროდ აღიარა დაშვებული შეცდომები და იმ იმედით, რომ ეს მის პრობლემებს მოაგვარებდა, ფინანსთა მინისტრი გამოცვალა.

საბოლოოდ, 20 ოქტომბერს, მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

ვრცლად ამ საკითხზე:

პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში, სადაც კვლავ პრემიერის გადადგომას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი