ახალი ამბები

პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში, სადაც კვლავ პრემიერის გადადგომას ითხოვენ

20 ოქტომბერი, 2022 • 917
პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში, სადაც კვლავ პრემიერის გადადგომას ითხოვენ

კონსერვატორთა პარტიის პრაიმერში გამარჯვებულ კანდიდატს და, შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს, ლიზ ტრასს საქმე მთლად საამაყოდ არ აქვს.

ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, რაც ოპონენტების აზრით, სწორედ ტრასის პოლიტიკამ გამოიწვია.

ეკონომიკური კრიზისი კი პოლიტიკურ კრიზისს შობს, რა დროსაც ტრასის გადადგომას არა მხოლოდ ტრადიციული მეტოქეები, ბრიტანელი ლეიბორისტები ითხოვენ, არამედ მისი პარტიის წევრთა ნაწილიც.

როგორ მივიდა გაერთიანებული სამეფო აქამდე 

ტრასი პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ აირჩიეს, რაც წინამორბედი ბორის ჯონსონი კონსერვატორთა პარტიისთვის მიუღებელ ფიგურად ჩამოყალიბდა და პარტიის უმრავლესობა განუდგა.

ამის შემდეგ ტრასმა შიდაპარტიულ პრაიმერში დაამარცხა რიში სუნაკი და საბოლოოდ შეუდგა იმ დაპირებების შესრულებას, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ახმიანებდა, რაც არსებითაც გამოიხატებოდა გადასახადების შემცირებასა და მცირე ბიუჯეტის იდეაში.

ტრასის მიერ შემოთავაზებულმა ცვლილებებმა, ანუ გადასახადების შემცირებამ, ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე აურზაური გამოიწვია, დაეცა გირვანქა სტერლინგის ღირებულება და გაიზარდა მთავრობის მიერ აღებული სესხების მომსახურებისა და საცხოვრისის გადასახადები.

ლიზ ტრასი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი

ქვეყანაში კვლავ შენარჩუნდა მაღალი ინფლაცია და საგარეო ვითარების გამო, ენერგოკრიზისი, რამაც კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააყენა გაერთიანებული სამეფოს საშუალო კლასი.

შექმნილი პრობლემების გამო ტრასმა საჯაროდ აღიარა დაშვებული შეცდომები და იმ იმედით, რომ ეს მის პრობლემებს მოაგვარებდა, ფინანსთა მინისტრი გამოცვალა.

საბოლოოდ, ტრასის მცირე სახელმწიფოს მოდელმა იმაზე ცოტა ხანი გასტანა, ვიდრე ამას ოდესმე წარმოიდგენდნენ ამ თეორიის შემქმნელები.

შეუსრულებელი რეფორმები და ყველაფერი პირიქით

ახალმა მინისტრმა, ჯერემი ჰანთმა ტრასის მიერ დაანონსებული ყველა ცვლილება გადააკეთა და თავდაპირველად გამოცხადებულის საპირისპიროდ განახორციელა.

შედეგად, ამჟამინდელი მდგომარეობით, ტრასის ძველი დაპირების მიუხედავად, ბრიტანეთში:

  • საშემოსავლო გადასახადის საბაზისო განაკვეთი აღარ შემცირდება 20 პროცენტიდან 19 პროცენტამდე;
  • საშემოსავლო გადასახადის მაღალი განაკვეთი იმ მაღალანაზღაურებადი მოქალაქეებისთვის, რომლებიც წელიწადში 150 000 გირვანქა სტერლინგზე მეტს გამოიმუშავებდნენ, აღარ გაუქმდება;
  • კორპორაციული გადასახადი მაინც გაიზრდება 19 პროცენტიდან 25 პროცენტამდე;
  • ენერგიის გადასახადებზე სახელმწიფო გარანტია დაგეგმილი 2 წლის ნაცვლად, მხოლოდ ამ ზამთარს შეეხება;
  • ალკოჰოლის აქციზის გადასახადები არ გაიყინება და შეიძლება გაიზარდოს კიდეც;
  • უცხოელებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადი აღარ გაუქმდება.

რაც ტრასის მიერ მოფიქრებული რეფორმების დროს რეალურად განხორციელდა, ესაა სახლის პირველად შეძენის დროს გადასახადისგან გათავისუფლება.

ჯერემი ჰანთი – გაერთიანებული სამეფოს ახალი ფინანსთა მინისტრი

მართალია, ეს ნიშნავს ეკონომიკიდან უფრო მეტი ფულის ამოღებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს მთავრობას უფრო მეტი ფული აქვს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც ბაზარზე სტაბილურობის განცდას აბრუნებს.

მიუხედავად ცვლილებებისა, ბრიტანულ საზოგადოებაში ტრასის მთავრობისადმი რწმენა დიდად არ გამყარებულა. ეს რწმენა შეირყა თავად კონსერვატორთა პარტიაშიც, რომლებიც ახლა უკვე მეორე პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

თორები ტრასის წინააღმდეგ

ჯერჯერობით უკვე 8 კონსერვატორმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ ტრასი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

მათი განცხადებით, ტრასი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ლიდერად არ გამოდგება.

მეორე მხრივ, ლეიბორისტთა ნაწილი აცხადებს, რომ ტრასს საათები თუ არა, დღეები მაინც დარჩა, სანამ თანამდებობას დატოვებს. მათ რიგებშია პარლამენტის წევრი ვეს სტრიტინგიც, რომლის განცხადებითაც, კონსერვატორებს არ აქვთ იდეები და გეგმები და არ ჰყავთ გუნდი.

„ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ ისინი, ვინც ხანძარი გააჩინა, ახლა მეხანძრეები გახდებიან? მე ამის არ მჯერა“, – განაცხადა ლეიბორისტმა პოლიტიკოსმა კონსერვატორების შესახებ საუბრისას.

ტრასის მთავრობის ირგვლივ ქაოსის შექმნა ნაწილობრივ შინაგან საქმეთა მინისტრის, სუელა ბრეივმანის გადადგომასაც უკავშირდება, რომელმაც სახელმწიფო დოკუმენტი კონსერვატორ პარლამენტარს, ოფიციალურის ნაცვლად, საკუთარი პერსონალური ანგარიშიდან გაუგზავნა, რაც ბრიტანეთში დიდ დანაშაულად ითვლება.

შედეგად, კონსერვატორების მთავრობა არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს.

მიუხედავად ამისა, ჯერ ტრასი კვლავ პრემიერ-მინისტრად რჩება, თუმცა  საკუთარ პარტიაში მისით უკმაყოფილება იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი