ახალი ამბები

“თავს დამნაშავედ არ ცნობენ” – “გრინსერვის+”-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი

19 ოქტომბერი, 2022 • 975
“თავს დამნაშავედ არ ცნობენ” – “გრინსერვის+”-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი

ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის, “გრინსერვის+”-ის დაკავებული თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულებისთვის მოულოდნელი იყო როგორც დაკავება, ასევე ბრალდების ფორმულირება:

“მოულოდნელი იყო საერთოდ აღნიშნული მოქმედებები საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. მით უმეტეს, ასეთ შემჭიდროებულ ვადებში… მით უფრო, ერთ-ერთი პიროვნება ერთხელაც არ ყოფილა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში. უცნაური და მოულოდნელი იყო როგორც დაკავება, ასევე ბრალდების ის ფორმილერებები, რაც არის.

რა თქმა უნდა, ეს პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და გვსურს, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და ასევე დაცვის მხარეც ჩავატარებთ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას, რაც აუცილებელი იქნება ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად”, – აცხადებს აჭარაძე.

მისი თქმით, გამოძიების ეტაპზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც გამოკითხვაზე დაიბარეს, სრულყოფილ ინფორმაციას აწვდიდნენ საგამოძიებო უწყებებს.

აჭარაძის განხადებით, ერთ-ერთი ბრალდებული, დევი კახოიძე გამოკითხვაზე დაბარებული არც ყოფილა:

“ბატონი დევი არც იყო დაბარებული საგამოძიებო უწყებაში და მისთვის კიდევ დამატებითი შოკი იყო მსგავსი გადაწყვეტილება, რაც საგამოძიებო ორგანოებმა მიიღეს“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ, 18 ოქტომბერს, ვაკის პარკის საქმეზე 9 პირი დააკავეს. მათ შორის- “გრინსერვის+”-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი, ამავე კომპანიის ინსპექტორი დათო თუშიშვილი და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი დღეს, 19 ოქტომბერს წარუდგინა სამსახურებრივი, ასევე, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე.

“მშენ-ექსპერტის” დაკავებული თანამშრომლების ადვოკატის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ბრალს არ აღიარებენ ნუგზარ ქიტიაშვილი და დათო თუშიშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი