ახალი ამბები

მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთათვის მიძღვნილი მემორიალი მოხსნეს

20 ოქტომბერი, 2022 • 706
მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთათვის მიძღვნილი მემორიალი მოხსნეს

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოხსნეს მემორიალი, რომელიც უკრაინაში საბჭოთა პერიოდში მოწყობილი მასობრივი შიმშილისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად იყო აღმართული.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ მიხედვით, ძეგლის დემონტაჟი ამწის გამოყენებით განხორციელდა, გრანიტს კი, რომელსაც ის შეიცავს, სამშენებლო მასალად გადაამუშავებენ.

ოთხშაბათს მოხსნილი მემორიალი მარიუპოლის ცენტრში 2004 წლიდან იყო აღმართული.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ევგენია კროტოვა, რომელიც ორგანიზაციის „მოლოდაია რესპუბლიკა“ წევრია, ამბობს, რომ ეს არა ძეგლების, არამედ „პოლიტიკური დეზინფორმაციის“ ნგრევაა.

„რია ნოვოსტი“ ციტირებს რუსეთის მიერ დასმული რეჟიმის მხარდამჭერს, დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელს, არტემ ბობროვსკის, რომელიც აცხადებს, რომ 1932-33 წლებში, შიმშილის დროს, ყველაზე მეტად არა „უკრაინამ და დონბასმა“, არამედ ვოლგის რეგიონმა და ჩრდილოეთმა კავკასიამ იზარალეს.

მასობრივ შიმშილს, რომელიც „ჰოლოდომორად“ (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) იწოდება, უკრაინის ტერიტორიაზე 1932-33 წლებში, იოსებ სტალინის ეპოქაში მოხდა. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა მმართველობისას შექმნილ კოლექტივებში გაწევრიანებაზე უკრაინელი გლეხების წინააღმდეგობის პასუხად, მათ ძალით ართმევდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

მეოცე საუკუნის მიწურულს, ჰოლოდომორზე დისკუსიის გააქტიურების პარალელურად, საბჭოთა კავშირის ხელისუფალნი ცდილობდნენ, ვითარება წარმოეჩინათ ისე, თითქოს მასობრივი შიმშილი საკვების გაუთვალისწინებელი დეფიციტითა თუ გვალვით იყო განპირობებული.

სხვადასხვა მონაცემებით, ჰოლოდომორს რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინა შიმშილის მოწყობაში საბჭოთა ოფიციალურ პირებს ადანაშაულებს და აღნიშნულს განიხილავს სტალინის მიერ ორგანიზებულ, გამიზნულ გენოციდად.

რუსეთი დღემდე უარყოფს, რომ შიმშილი საბჭოთა ხელისუფლების გამიზნული მოქმედება იყო. ის ჰოლოდომორს განიხილავს საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირებული შიმშილის ერთ-ერთ ეპიზოდად.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლი 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ დაიკავეს. ქალაქი მოექცა დონეცკის ოლქში, რომლის ანექსიაც, სხვა სამ ოლქთან ერთად, მოსკოვმა სექტემბერში გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი