ახალი ამბები

ეს ჩემი ვალია, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, კაცის და მამის – კალაძე შადრევანში დაშავებული ბიჭის მონახულებაზე

19 ოქტომბერი, 2022 • 754
ეს ჩემი ვალია, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, კაცის და მამის – კალაძე შადრევანში დაშავებული ბიჭის მონახულებაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარის შემდეგ დაშავებული მოზარდის მონახულება და მებაღესთან შეხვედრა, რომელმაც ორი ბავშვი გადაარჩინა, მისი “ვალი და ვალდებულება” იყო.

გუშინ, 18 ოქტომბერს, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ კალაძემ მოინახულა დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი და საკუთარი ფეხბურთის მაისური გადასცა, წარწერით “კალაძე”. მანამდე დედაქალაქის მერი შეხვდა დევი მეზურნიშვილს, რომელმაც ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ორი მოზარდი გადაარჩინა. აღნიშნულმა ფოტოებმა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. ისინი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ დაშავებული მოზარდის მონახულება და მისთვის საფეხბურთო მაისურის ჩუქება, ასევე, დევი მეზურნიშვილთან შეხვედრა კალაძის პიარის ნაწილი იყო.

დღევანდელ სხდომაზე კი კალაძემ აღნიშნა, რომ მებაღისა და მოზარდის მონახულება მისი ვალია, “არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის”:

“კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ მოვინახულებ და კიდევ შევხვდები. მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა. თითოეულ ექიმს, თითოეულ ექთანს, ყველა ადამიანს.

აქვე ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ ვერ შევძელი მისი მონახულება, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად ვესტუმრები მასაც”, – განაცხადა მან.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა, რომლებიც გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ გახსნა საზეიმოდ.

საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის, მერიის თანამშრომელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი