საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეს კალაძე

19 ოქტომბერი, 2022 •
როგორ უნდა მოიქცეს კალაძე

“აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე! თქვენ გახსენით შადრევანი, თქვენ არ მიიღეთ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები… უნდა გადადგეს ქალაქის მერი და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი!” — წერს მომხმარებელი თბილისის მერიის ფეისბუკის გვერდზე, რომლის მთავარი ფოტოც შავი ფონით შეიცვალა ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად მოზარდის დაღუპვის შემდეგ.

უკანასკნელ დღეებში ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი არაერთგზის ითხოვენ კალაძისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ვაკის პარკში მომხდარის შემდეგ. მათ მიაჩნიათ, რომ მერმა, რომელმაც მოზარდის დაღუპვამდე 1 დღით ადრე საზეიმოდ გახსნა შადრევანი, თანამდებობა უნდა დატოვოს. მმართველ გუნდში სხვაგვარად ფიქრობენ.

რას გულისხმობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა

დოკუმენტების მიხედვით, თბილისის მერიამ აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად ჩაიბარა ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 12 ოქტომბერს კი კახა კალაძემ საზეიმოდ გახსნა ხსენებული ობიექტი.

13 ოქტომბერს, დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მოზარდის დაღუპვიდან რამდენიმე საათში, თბილისის მერმა საზოგადოებას უთხრა, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და თავად მასაც თუ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მზად არის, კანონის წინაშე აგოს პასუხი.

ის, რაზეც კახა კალაძემ ისაუბრა, სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, რომელიც დგება პირისა თუ პირთა ჯგუფისადმი კონკრეტული ბრალის წაყენებით და შემდგომ სასამართლოს მიერ მისი დადასტურების შემთხვევაში.

თუმცა კონკრეტულ პროცესზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პოლიტიკოსი თავად იღებს და, როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია შენიშნავს, ეს ნაბიჯი არ ნიშნავს კანონის დარღვევის აღიარებას ან იმას, რომ თანამდებობის პირმა დანაშაული ჩაიდინა.

“ამიტომ, მისი განცხადება, რომ თუ გამოიკვეთება ჩემი დანაშაული, მე გადავდგები, არის არაადეკვატური, რადგან აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ კონკრეტულად [კალაძემ] რაღაც კანონი დაარღვია.

არ მგონია, მას რაიმე კანონი ჰქონდეს დარღვეული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სხვა რამეს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ [მერი] პასუხისმგებელია მთლიანად პროცესზე, რომლითაც წარიმართა [შადრევნის] რეკონსტრუქცია”, — ეუბნება ნოდია “ნეტგაზეთს”.

მოზარდის დაღუპვის შემდეგ თბილისში რამდენიმე აქცია გაიმართა კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით. პროტესტი იყო როგორც მერიასთან, ისე პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

გასულ წლებში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, დაფიქსირებულა შემთხვევები, როცა პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს და თანამდებობებიდან წავიდნენ ისეთი პროცესების გამო, რომლებშიც არ იკვეთებოდა მათი უშუალო ბრალეულობა:

2013 წელს ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა რიგაში მოქმედ ერთ-ერთ სუპერმარკეტში ჭერის ჩამონგრევისა და 54 ადამიანის დაღუპვის შემდეგ;

2015 წელს ასე მოიქცა რუმინეთის პრემიერ-მინისტრიც, ბუქარესტის ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 34 ადამიანის დაღუპვისა და კორუფციის წინააღმდეგ საზოგადოების პროტესტის ფონზე. გადადგა რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც.

“საკმაოდ ბევრი პრეცედენტია, როცა მომხდარა თავისთავად უბედური შემთხვევები და არ ყოფილა შეგნებულად გათვლილი, რომ ხალხი უნდა დახოცილიყო, მაგრამ იმაზე, რომ შესაძლებელი გახდა ასეთი შემთხვევითობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მაღალი თანამდებობის პირმა.

თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მხარე მონახავს ისეთ პრეცედენტებს, [როცა ეს არ მომხდარა]. ცხადია, ნებისმიერი უბედური შემთხვევის გამო მერები და პრემიერ-მინისტრები არ გადადგებიან”, — დასძენს ნოდია.

გია ნოდია 

რთულად მოიძებნება გაწერილი სტანდარტი, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაში უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირმა და რაში შეიძლება გამოიხატოს ეს. საერთო ჯამში, ამას თავად პოლიტიკოსი წყვეტს.

გია ნოდიაც დასძენს, რომ ჯამში, კალაძემ, როგორც პოლიტიკოსმა, თავად უნდა შეაფასოს “[ერთი მხრივ] ტრაგედიის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, საზოგადოების რეაქციის სიმძაფრე და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება”.

როგორ უნდა მოიქცეს კალაძე

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა თქვა “ტვ პირველის” ეთერში, “ყველას გვესმის, რომ კახი კალაძე იქ არ მისულა და მაკრატლით სადენი არ გადაუჭრია, ეს დანაშაული მას სამართლებრივად არ ჩაუდენია, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს”.

პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ნონიაშვილის ამ მოსაზრებას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ. საკრებულოს დეპუტატი პარტიიდან “ლელო”, საბა ბუაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ სამართლებრივი ნაწილი “გამოძიებამ უნდა დაადგინოს”, თუმცა არსებობს საქმის პოლიტიკური კომპონენტებიც.

მაგალითად, ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად განიხილავს მერიის თანამშრომლობას “გრინსერვის პლუსთან”, რომლის მეწილეებთან მიმართებაშიც “უამრავი კითხვა არსებობს” და რომლებიც წარსულში ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი.

მეორე მხრივ, საბა ბუაძე დასძენს, რომ:

“როცა იქ 13 წლის გოგონა იღუპება, მაშინ როცა წინა დღეს საზოგადოებას ეუბნებოდი, რომ ეს არის მისაღები და კარგად გაკეთებული საქმე, რასაკვირველია, ამის შემდეგ საზოგადოებას აქვს კითხვები არა გრინსერვისთან — იმიტომ, რომ გრინსერვისი ამ შადრევნის პოპულარიზაციას არ აკეთებდა… ამ “გაკეთებული” საქმის პოპულარიზაციით დაკავებული იყო უშუალოდ თბილისის მერი და “ქართული ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებიც იქ დიდი შემადგენლობით იყვნენ, წინა დღეს”.

საბა ბუაძე 

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ პასუხისმგებლობას — მათ შორის, პოლიტიკურს — არავინ გაურბის, თუმცა ჯერ გამოძიების დასრულებაა საჭირო, რათა დადგინდეს, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი და რა უნდა გაკეთდეს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

“გამოძიება არის მნიშვნელოვანი, რადგან თუ არ დადგა სამართლებრივი შედეგი, რთული იქნება პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი.

მე არ ვგულისხმობ კახა კალაძის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რადგან მას, როგორც მერს, ამ პროცესთან არანაირი შეხება არ ჰქონია. არამედ, ვგულისხმობ იმას, რამდენად გამოიკვეთება მერიის კონკრეტული თანამშრომლის თუ თანამშრომლების ბრალეულობა ამ პროცესთან მიმართებაში”, — ამბობს ლადო ბოჟაძე, უმრავლესობის დეპუტატი თბილისის საკრებულოში.

ბოჟაძე პოლიტიკური მიზნებისთვის ტრაგედიის გამოყენებად აფასებს ოპოზიციის მოთხოვნას კალაძის გადადგომასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, პროცესებთან კალაძის უშუალო შეხება მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ “საზეიმო ვითარებაში გახსნა ობიექტი, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ ორი თვით ადრე იყო ჩაშვებული”.

“იგივე, რა მაგალითებიც მოიყვანეთ [უცხოეთიდან], იქ რა, ოპოზიციის მოთხოვნა იყო და ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე გადადგა კონკრეტული თანამდებობის პირი?” — აღნიშნავს ბოჟაძე მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებში პოლიტიკოსების გადადგომის ფაქტები ვუხსენეთ.

ლადო ბოჟაძე. ფოტო პორტალ “კვირას” ვიდეოდან 

კითხვას, რატომ განიხილავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას მხოლოდ ოპოზიციის მოთხოვნის კონტექსტში, ბოჟაძე პასუხობს:

“არა, ამას არავინ განიხილავს მხოლოდ ოპოზიციის მოთხოვნის კონტექსტში. აქ არის მორალურ პასუხისმგებლობაზე პირველ რიგში საუბარი… მაგრამ კიდევ ვიმეორებ, სიმართლის დადგენის გარეშე ასეთი ტიპის პასუხისმგებლობის აღება [ვერ მოხდება]. კალაძე რომ გადადგეს, აღარ დავინტერესდეთ გამოძიების შედეგებით?

ოპოზიციის ამოცანაა, არა გამოძიების შედეგები და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, არამედ კონკრეტული თანამდებობის პირის გადადგომა…

არავინ ითხოვს სამსახურის უფროსის გადადგომას, რომელმაც უშუალოდ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტაციას, არავინ ითხოვს ვიცე-მერის გადადგომას, რომელიც კურირებდა ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებას. პირდაპირ მივადექით კალაძეს, მხოლოდ იმიტომ, რომ დედაქალაქის არჩეული მერია, პარტიის გენერალური მდივანია, პოლიტიკური ფიგურაა…”

“სინდისის კარნახით”

სტატიაში მოცემული კომენტარები “ნეტგაზეთმა” ჩაწერა 18 ოქტომბრის საღამომდე, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ხსენებულ საქმეზე 9 პირი დააკავეს. მათ შორის ერთია მერიის თანამშრომელი — საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, შესრულებული სამუშაო ინსპექტირების გარეშე მიიღო.

დაკავებულთა შორის ასევე არიან შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის „გრინსერვის პლუსის” დირექტორი და სამუშაოების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი “მშენექსპერტის” წარმომადგენლები.

რას იზამს თავად კალაძე, ჯერჯერობით უცნობია. მას პოლიტიკური პასუხისმგებლობის თემაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მონაწილეობა მიიღო აქტივობებში, რომლებიც საზოგადოების ნაწილმა პიარსტრატეგიის ნაწილად მიიჩნია და ჩათვალა, რომ ის გადადგომას არ აპირებს. ქალაქის მერი შეხვდა მებაღეს, რომელმაც შადრევანში 2 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ასევე, მოინახულა და თავისი საფეხბურთო მაისური აჩუქა ერთ-ერთ გადარჩენილ ბავშვს. ამ შეხვედრების ამსახველი ფოტოები ფეისბუკზე გავრცელდა.

საბა ბუაძე დასძენს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებებს “სინდისის კარნახით” უნდა იღებდნენ და კალაძის ადგილას რომ იყოს, პირველსავე დღეს გადადგებოდა.

თუმცა, “ლელოს” წევრის აზრით, თბილისის მერი, პირიქით, “პასუხისმგებლობას გაურბის”. ამ კონტექსტში ბუაძე ახსენებს ვაკის პარკში მომხდარის შემდეგ “ლელოს” მიერ კალაძის საკრებულოში დაბარების ფაქტს.

“როგორ შეიძლება, საზედამხედველო ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოში მისვლაზე თქვა უარი და ასეთ მწვავე სიტუაციაში არ გასცე პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს, თუ რეალურად პასუხისმგებლობის აღებაზეა ლაპარაკი”.

“როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე, ეს არ ხდება მხოლოდ პოლიტიკური განსხვავებების გამო. ეს პირველ რიგში ხდება იმიტომ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ერთგვარი დამზღვევი, რათა მომავალში ასეთი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ”, — დასძენს ის.

კალაძე ვაკის პარკში, შადრევნის გახსნისას. 

თავად თბილისის მერი საკრებულოში დაბარების შესახებ “ლელოს” მოთხოვნას ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა მმართველ გუნდში სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციური პარტიის ამ მოწოდებას.

“კახა კალაძემ რა უნდა თქვას იმაზე მეტი, რაც მეც ვიცი და თქვენ? გამოძიება ჯერ ამ თვალსაზრისით დასრულებული არ არის”, — აღნიშნავს ლადო ბოჟაძე.

მისივე სიტყვებით, “კახა კალაძე არ არის ის პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება თანამდებობას გამოეკიდოს და უღირდეს სიმართლის დადგენის შემთხვევაში თანამდებობაზე დარჩენა, თუ ვინმეს კონკრეტული პასუხისმგებლობა დადგება უშუალოდ მერიის სტრუქტურებიდან გამომდინარე”.

აქცია პარლამენტთან კალაძის გადადგომის მოთხოვნით. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი 

კახა კალაძე, რომელიც “ქართულ ოცნებას” მისი დაფუძნების პერიოდშივე შეუერთდა, გარდა თბილისის მერის თანამდებობისა, მმართველი პარტიის გენერალური მდივნის პოზიციასაც იკავებს.

პოლიტოლოგ გია ნოდიას სიტყვებით, “იმ ფონზე, როცა “ითვლება, რომ [კალაძე] ერთადერთი წევრია “ქართული ოცნების” გუნდში, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური ამბიციები აქვს”, ის უნდა წავიდეს მერის თანამდებობიდან. თუმცა, ეს ნოდიას აზრია. ის ფიქრობს, რომ რეალური გათვლები არც კალაძის პირად გეგმებს ემყარება და არც “მორალურ საკითხს”.

“ეს განიხილება “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის, ანუ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებაში მყარად ყოფნის კონტექსტში. გუნდი, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ნებისმიერი დათმობა იქნება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ დათმობა, რადგან ისინი ყველა კრიტიკოსს უყურებენ, როგორც “ნაციონალურ მოძრაობას”. [ფიქრობენ, რომ მსგავსი ნაბიჯი] პოლიტიკურად დაასუსტებს “ქართულ ოცნებას” და ამიტომ, ის არ უნდა გადადგეს”, – ამბობს ნოდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი