ახალი ამბები

ვაკის პარკში დაშავებულ 13 წლის მოზარდს სახლში, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

16 ოქტომბერი, 2022 • 673
ვაკის პარკში დაშავებულ 13 წლის მოზარდს სახლში, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ 13 წლის მოზარდს კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს, 16 ოქტომბერს გაწერენ. ინფორმაცია მედიას „ნიუ ჰოსპიტლის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ციბაძემ მიაწოდა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, მოზარდის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, არ განვითარდა ის გართულებები, რაც მოსალოდნელი იყო და შესაბამისად, მისი მკურნალობის გაგრძელება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლადგახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა. მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

განახლებული შადრევანი შემთხვევის წინა დღეს გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებამ გამოავლინა თუ არა ვინმეს დანაშაული.

მასალების გადაბეჭდვის წესი