ახალი ამბები

რატომ არ დაუჭირა „ოცნებამ“ მხარი PACE-ს ისტორიულ რეზოლუციას

14 ოქტომბერი, 2022 • 1526
რატომ არ დაუჭირა „ოცნებამ“ მხარი PACE-ს ისტორიულ რეზოლუციას

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იზიარებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის ზოგად სულისკვეთებას, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, რადგან არ ეთანხმება ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა.

ამავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც „ასამბლეა მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.

სწორედ ამ შესწორებით ხსნის „ქართული ოცნება“ იმ ფაქტს, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. საქართველოს დელეგაციიდან რეზოლუციის მომხრეებს შორის მხოლოდ ხატია დეკანოიძის (ენმ) გვარი ფიგურირებს.

10-14 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ირაკლი ჩიქოვანის (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, გივი მიქანაძის, ლევან იოსელიანისა და ხატია დეკანოიძის შემადგენლობით. ირაკლი ჩიქოვანმა და ირაკლი კობახიძემ სტრასბურგიდან ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად გადაინაცვლეს, PACE-ს 13 ოქტომბრის სხდომაზე კი „ოცნების“ პოზიციას გივი მიქანაძე წარმოადგენდა, რომელმაც სააკაშვილის შესახებ შესწორების წინააღმდეგ მისცა ხმა, რეზოლუციის სრული ტექსტის კენჭისყრაში კი მონაწილეობა არ მიუღია.

„რეზოლუციასთან მიმართებაში ჩემი მხრიდან საბოლოო ტექსტზე მხარდაჭერა არ იქნა გამოხატული გამომდინარე იქიდან, რომ ეს კონკრეტული დამატება [სააკაშვილის შესახებ] არის აბსოლუტურად მიუღებელი… მთლიანი ტექსტის მხარდაჭერა ნიშნავდა, რომ მაშინ ვეთანხმებით იმ ცვლილებასაც… თუმცა გამოსვლის დროს დავაფიქსირე, რომ ამ რეზოლუციის მთლიანი სულისკვეთება აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა საჭიროებს ცვლილებებს დამატებებთან მიმართებაში და შემდეგ გავაპროტესტე ის დამატება, რომელიც მე-4 ნომრად იქნა წარმოდგენილი“, — განმარტა გივი მიქანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მიხეილ სააკაშვილის შესახებ შესწორება საპარლამენტო ასამბლეამ 56 ხმით, 27-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის ძირითად ტექსტში აღნიშნული დამატების ინიციატორი იყო 45 დეპუტატი, ხატია დეკანოიძის, ლიზა იასკოს, ოლექსი გონჩარენკოს და ემანუელ ზინგერისის (რომლის ანგარიშის საფუძველზეც მომზადდა რეზოლუცია) ჩათვლით.

„ყველამ იცის, ხუთშაბათი არის ყველაზე პასიური დღე ასამბლეის მუშაობაში. 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენ არაფერი გვიკვირს მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით სრულიად უსამართლო რეზოლუცია მიიღო. არაფერი განსაკუთრებული. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა ყველაფერი იციან სააკაშვილის საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და სამედიცინო მომსახურების ყველა პირობა შექმნილი აქვს“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ამ თემაზე:

PACE სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებს და მისი საქმის გადახედვისკენ მოუწოდებს

PACE-მ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად აღიარებს

მასალების გადაბეჭდვის წესი